კომენტარი

ჩაშლილი სპექტაკლი

8 მაისი, 2012 • 1219
ჩაშლილი სპექტაკლი

როცა ღამეები უიმედოდ გაწვდილი ხელებივით მომართულან შენკენ, სიმყუდროვეს სულ უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებ. მზერას ჩამქრალ ნათურაზე აჩერებ, თითქოს გინდა, სულ ცოტა ნათელი კიდევ გამოსტყუო. ზუსტად ასე ვჩერდებით ხოლმე განვლილ ურთიერთობებზე, რომ ცოტა სითბო კიდევ მივიღოთ, მაგრამ მხოლოდ მოგონებებს ვეჩვევით და ვეგუებით.

მიკვირს, როდესაც ის ადამიანები, ვისაც ერთად უცხოვრია წლების განმავლობაში, თბილ ლოგინში ერთად ეძინათ და ზამთრის სუსხიან დილას ეღვიძებოდათ ერთად, გაზაფხულის საღამოს ერთად სეირნობდნენ, კოკისპირული წვიმისას ქოლგის ქვეშ იყუჟებოდნენ და რაზე არ ულაპარაკიათ, რა არ გაუზიარებიათ, როგორ არ მოფერებიან ერთმანეთს, მოულოდნელად  შეიძლება გაცივდნენ ისე, რომ გავიდეს წლები, ერთმანეთი არც კი მოიკითხონ.  

ამის ფონზე როგორ უნდა გაგვიკვირდეს სამოქალაქო სოლიდარობის არქონა? საქმე ხომ უცნობ ადამიანებს ეხება. „სხვას“, „შორეულს“ – ვისთანაც შეხებაც კი არ გვქონია. მაგრამ ესეც მიკვირს. საერთოდ, ბოლო დროს ვცდილობ ისეთი რაღაცეები გავიკვირვო, რაც იმდენად ცხადია, რომ ნებისმიერი რაციონალურად მოაზროვნე ადამიანი მიხვდება მიზეზს. გაკვირვება – ჩემი ერთგვარი „პროტესტია“, საწყისი წერტილი, საიდანაც ახლებური, უკეთესი სამყაროს აგება უნდა დავიწყო… ერთ-ერთი ასეთი წერტილი – „სხვების“ გაგების გაქრობაა. მგონია, რომ არ არსებობს ჩემი და სხვისი ტკივილი, ჩემი და სხვისი გასაჭირი. ამის გაცნობიერებით არ იწყება საზოგადოება? მითუმეტეს, თუ მას ისეთი ეპითეტსაც მივუყენებთ, როგორიც „თანამედროვეა.“

ამაზე ვფიქრობდი, როცა იმ აქციაზე მივედი, სადაც ციხეში გაწამებული პატიმრის გამო ასე ოც-ოცდაათ კაცამდე შეკრებილიყო. ვიდექი და ვფიქრობდი იმ ბიჭის ბედზე, რომელიც არ დალევდა იმ დაწყევლილ „მანაგუას“, თავისი ცხოვრებით ოდნავ მაინც რომ ყოფილიყო კმაყოფილი.  როცა საზღვარგარეთ, სულ რაღაც 500-600 კილომეტში, ადამიანებს თავისუფლად შეუძლიათ საღამოს განტვირთვისთვის მოწიონ მარიხუანა, ის ამის გამო ციხეში მოხვდა, მოხვდა თან ცუდი „ბალახისთვის“, რომელიც მხოლოდ რაღაც საშინელი „მანაგუას“ მოსახარშად გამოდგებოდა. მერე ციხეში მოხვდა. იქიდან ციხის საავადმყოფოში, სადაც თვეებით წოლის შემდეგ ნელ-ნელა ილეოდა, კანი ულპებოდა. რატომღაც ვერხილული მზე უფრო ახუნებდა კედლებს.   

სახელმწიფოს დონე ალბათ იმით იზომება თუ როგორ ექცევა ის ციხესა და ფსიქიატრიულში მოხვედრილ ადამიანებს.  რა ვქნა, არ მჯერა პრეზიდენტის, რომლის გამოსვლაშიც სულ უფრო გახშირდა ფრაზები, სადაც ის „ღარიბი მოსახლეობის არსებობასაც აღიარებს. (რა თქმა უნდა, ქვეყნის გრანდიოზული აღმშენებლობისა და შესაშური განვითარების ტემპების ფონზე) და თითქოსდა თანაუგრძნობს. მაგრამ ვერ დავიჯერებ, რომ მას მართლა აწუხებს ვინმეს გაჭირვება. ვერ დავიჯერებ, როცა შადრევნებში, რომელიც თურმე მთლიანად მისი იდეა ყოფილა, ნახევარ მილიონამდე იხდის, ვერ დავიჯერებ, როცა კონცერტებში, ლამის ყოველღამე ატყოცნილ ფოიერვერკებში ამდენი ფული იხარჯება, რომ ის მართლა განიცდის „უბრალო ადამიანების ბედს“,  ვინც წვიმაში ნაგვის ურნებში იქექებიან. ვერც იმას დავიჯერებ, რომ მას აინტერესებდეს ის მიზეზები, რის გამოც ადამიანები ციხეში ხვდებიან. მთავარი ხომ ისაა, რომ შემცირდა კრიმინალი. ციხის კარი მაგრადაა ჩაკეტილი და ქვეყანაც მისაბაძია პოლიციის რეფორმის გამო (პოლიციის და არა განათლების რეფორმის გამო).

თუ გავიმეორებთ იმ გამოთქმას, რომ ცხოვრება  თეატრია, წარმოდგენაა, მაშინ ჩვენს ქვეყანაში ცხოვრება – ჩაშლილი სპექტაკლია. ჩაშლილი ციხით, უაზრო აბსტრაქციებით ქვეყნის გაერთიანების, პატრიოტიზმის, რელიგიის შესახებ. არადა, ანშლაგს კი არ ვითხოვთ, არც მაყურებლისთვის თამაშს. უბრალოდ გვინდა თამაშით დავტკბეთ.  

ისე ქრისტეს სიკვდილის წარმოდგენაზეც არ ყოფილა ანშლაგი.  რამდენიმე ადამიანი გულწრფელად განიცდიდა ტრაგედიას. ანშლაგი მხოლოდ განმეორებით დადგმებს მოჰყვა. გაფუყულმა რეჟისორებმა გაბერეს და დაამახინჯეს მთელი ისტორია. მაყურებლებსაც სულ უფრო უჭირთ პერსონაჟთან თავის გაიგივება. პიესა კი ოთხჯერ, ხუთჯერ, ოცდაცხრაჯერ შეცვალეს და გადაასხვაფერეს. არსად იყო ის უბრალოება და სიჩუმე, რაც საერთოდ მოჰყვება ხოლმე სიკვდილს და უფრო მეტია სიცოცხლეში. ის სადღაც მიკარგულიყო, ქუჩაში მარტო დარჩენილი, გალუმპული, მშიერი ლეკვივით.

ამბობენ, სვეტი არაფრად ვარგა, თუ მის მთავარ სათქმელს ერთი წინადადებით ვერ გადმოსცემო. ეს ერთი წინადადება კი მგონი ეს არის: „ჩვენ ჯოჯოხეთში ვხვდებით არა იმის გამო, რაც ჩავიდინეთ, არამედ იმის გამო, რაც არ ჩაგვიდენია, რისი გაკეთებაც ვერ მოვასწარით.“

 

ალექსი ჩიღვინაძე
ალექსი ჩიღვინაძე

ავტორი

ალექსი ჩიღვინაძე, მწერალი

მასალების გადაბეჭდვის წესი