კომენტარი

ანუ ვარდი ტუალეტში

5 მაისი, 2012 • 1777
ანუ ვარდი ტუალეტში

“ჟურნალისტებს ზუგდიდში კამერები წაართვეს.“ „პრეზიდენტის დაცვის წევრებმა tspress.ge-ს ჟურნალისტს კამერა და ჩანთა წაართვეს.“  „მერაბიშვილთან დახურული შეხვედრის დროს ჟურნალისტი ცემეს…” – ეს სათაურები მხვდებოდა თვალში ორი დღის განმავლობაში. ვერ ვიჯერებდი. ნუთუ ეს ის ქვეყანაა? სამაგალითო დემოკრატიით და დამათრობელი სურნელით ვარდის? შესაშური პერსპექტივებით და პროგრესზე შემჯრადი ახალგაზრდა გუნდით გარშემორტყმული მითიური პრეზიდენტით? პასუხი დადებითია: დიახ, ეს იგივე ქვეყანაა.


როგორ მოიქცევით, სახლში რომ შემოგივარდეთ ვინმე,  გარეთ გასასვლელი კარი ჩარაზოს და ტუალეტშიც არ შეგიშვათ. შეიძლება ოჯახის წევრმა გაგიკეთოთ ასეთი „ბლოკი.“ პირველ ჯერზე, ალბათ შეეცდებით რომ გააგდოთ ან თქვენ თვითონვე გააღწიოთ გარეთ. მაგრამ უკვე ვეღარ ითმენთ. ბიოლოგიური მოთხოვნილებები თავისას შვება, თქვენ კი თქვენი უნდა ქნათ. კუთხეში იყუჟებით და შვებით ამოისუნთქვთ. გილოცავთ! თქვენ უკვე მოისაქმეთ. მაგრამ შემდეგი პრობლემა – უკვე „ფაქტის“, სამხილის თავიდან მოშორებაა. ალბათ შეეცდებით რამე მიაფაროთ ან ფანჯრიდან მოისროლოთ. მაგრამ თანდათან სახლი მაინც ისე აყროლდება, რომ ვეღარ გაჩერდებით. დაახლოებით ამას ჰგავს, როცა მედიას თავისუფლებას უზღუდავენ.


სალვადორ დალი იხსენებს, რომ ბავშვობაში დედამისს და მის ძიძის ტრაგედია იყო, როცა ის გახარებული გამოვარდებოდა ეზოში, რადგან მომავალი მხატვრისთვის განავალი თურმე რაღაც შეუფასებელ განძთან ასოცირდებოდა. ჰოდა, შეძვრებოდა ტანსაცმლის კარადაში, სასტუმრო ოთახში მაგიდის ქვეშ და როცა მის ნაწლავებს მოყავისფრო „მარგალიტი“ დატოვებდა, ხელაწეული ნაძირალა, მხიარული ყიჟინით გამოვარდებოდა და თან  გაჰყვიროდა: გამოვიდა! გამოვიდა!  აქედან იწყება მედიის თავისუფლება.


„იმპერატორი შიშველია!“ – ამბობს ბიჭუნა კუთხეში. ესეც მედიის თავისუფლებაა. ბიჭუნა გამოდის მოედნის შუაგულში და ამბობს: იმეპერატორმა მცემა! ესეც მედიის თავისუფლებაა. ბიჭუნა ადის გილიოტინაზე, იღებს მოჭრილ თავს და ამბობს: ეს დედაჩემის თავია. ჰო, ეს არის მედიის თავისუფლება. ბიჭუნა ტანს იხდის, მიდის შიშველ  იმპერატორთან და სახეში აფურთხებს – აი, ეს არის მედიის თავისუფლება!


კიდევ ერთი სათაური, რომელიც ისე მომხვდა თვალში, რომ ცრემლი  წამომივიდა, ესაა: ციხეში პატიმარი წამებით მოკვდა! კითხვის დასმას არ გაცლით. პირდაპირ გიპასუხებთ: დიახ, ეს ის სამაგალითო ქვეყანაა! (ამერიკის ჯორჯიაში არ აგერიოთ) ქვეყანა,  რომელშიც საპირფარეშოს კარი ჩაუკეტავთ და მთელი ქვეყანა შარდის სუნად ყარს.

ალექსი ჩიღვინაძე
ალექსი ჩიღვინაძე

ავტორი

ალექსი ჩიღვინაძე, მწერალი

მასალების გადაბეჭდვის წესი