კომენტარი

უპასუხისმგებლობა

2 მაისი, 2012 • 2491
უპასუხისმგებლობა

ქალის მთავარი დანიშნულება – შვილების გაჩენა, აღზრდა და, რა თქმა უნდა, მორჩილებაა.  მგონი მამაკაცები ასე იმიტომ ფიქრობენ, რომ თვითონ რომ ქალები იყვნენ, მეტი არც არაფერი მოუნდებოდათ. მართლაც, რა შეედრება სახლში ჯდომას, სამზარეულოში ფუსფუსს, შვილების მოვლას. სხვა რა უნდა უნდოდეს ნამდვილ მამაკაცს, ნუ, ქალი რომ იყოს.

ქალი არ არის მამაკაცის თანასწორი არსება. ოჯახი მუტანტი ხომ არ არის, ორი თავი რომ ჰქონდეს. ოჯახის თავიც კაცია და სირიც…  რა თქმა უნდა, როდესაც ასეთ განცხადებებს ისმენ, თავიდან შეიძლება ავარდე და საპირისპიროს მტკიცება დაიწყო. შემდეგ იტყვი, რომ არა, შეუძლებელია რამე შეაგნებინო, იმიტომ, რომ ის ადამიანი, ვინც ასე ფიქრობს, სულ სხვა სააზროვნო სიბრტყეში იმყოფება.

არ მესმის, როგორ შეიძლება ეკამათო ჰომოფობს, რასისტს, ქსენოფობს და ასე შემდეგ. დარწმუნებული ვარ, რომ დროთა განმავლობაში, ნორმალური, თანმიმდევრული საგანმანათლებო და კულტურული პოლიტიკის შემთხვევაში სიბნელე თანდათან გაიფანტება. იმისაც მჯერა, რომ შეუძლებელია ინფორმაციულ სტიქიას წინ რამე დაუდგეს. კიდევ,  ფეკალურ მასასთან ბრძოლის საუკეთესო საშუალებაა, რომ შეწყვიტო იმის მტკიცება, თითქოს შენ რაიმე ფასეულს წარმოადგენ.

ასე რომ, თუ რაიმე საკითხში ვერ ვთანხმდებით, ჩემთვის საკმარისია, რომ უბრალოდ ავღნიშნო, დავაფიქსირო, რატომ დავიწყეთ ასე ფიქრი, აღვწერო პროცესი და სასარგებლო ბმულები მივცე. ალბათ დამეთანხმებით, რომ აზროვნების დაწყება თავიდან ცოტა საშიში და მიუღებელი, მაგრამ ძალიან მიმზიდველი რამაა.

მაგრამ როდესაც ქვეყნის ყველაზე ავტორიტეტული პირი აკეთებს განცხადებას, რომ, იცით რა, გოგოებო, მოდით, ახლა ბიჭებს დაემორჩილეთ, ფეხები დაბანეთ, რადგან თქვენ არ ხართ მათი თანასწორებიო, ეს უკვე უპასუხისმგებლობაა. თან თუ გავითვალისწინებთ ოჯახურ ძალადობას, რომელიც დიდი პრობლემაა ჩვენს, ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში.  იმ ადამიანებს, ვისი მოსაზრების კრიტიკაც ლამის მომაკვდინებელ ცოდვად ითვლება, ჩემი აზრით, უფრო მეტი წინდახედულობა მართებთ.

ამ ქვეყნის მთავარი პრობლემა, მგონი, სწორედ უპასუხისმგებლობაა. განსაკუთრებული უპასუხისმგებლობით პოლიტიკოსები, სასულიერო პირები და ჟურნალისტები გამოირჩევიან. ისინი, ვისაც ყველაზე მეტად მართებთ ფიქრი, თუ რა შედეგი მოჰყვება მათ განცხადებებს.

 

ალექსი ჩიღვინაძე
ალექსი ჩიღვინაძე

ავტორი

ალექსი ჩიღვინაძე, მწერალი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი