კომენტარი

სიჩუმის გარანტია

26 აპრილი, 2012 • 1239
სიჩუმის გარანტია

1

იყო და არა  იყო რა, იყო ერთი კაცი. ერთხელაც სასეირნოდ წავიდა და დაკარგა ცხვირსახოცი. დაიწყო ძებნა და დაკარგა ქუდი. ქუდის ძებნა დაიწყო და დაკარგა ქურთუკი. ქურთუკის ძებნა დაიწყო და დაკარგა ფეხსაცმელი.

– არა, – თქვა მან, – ასე ყველაფერს დავკარგავ. აჯობებს თუ სახლში დავბრუნდები.

წავიდა სახლში და დაიკარგა.

– არა, აჯობებს თუ ჩამოვჯდები.

ჩამოჯდა ქვაზე და ჩაეძინა.  (დანიელ ხარმსი)


დაახლოებით ასეთ მდგომარეობაში იმყოფება ჩვენი ქვეყანაც, რომელმაც დაკარგა დამოუკიდებლობა. დაიწყო ძებნა და… ახლა ქვაზე ზის. თან ამ ქვას ღებავს და აპრიალებს. პატრიოტულ პათოსს ლესავს ზედ. ამბობს, რომ ეს ქვა კი არა ლოდია,  სადაცაა მთაზე აიტანს და დაუგორდება. არც ძინავს და არც ღვიძავს. მარტო იმას იხსენებს, თუ რა დაკარგა, თუმცა როგორ დაკარგა ამას ვერ ხვდება. შეიძლება  არც უნდა, რომ მიხვდეს. იმიტომ, რომ დანაკარგის გახსენებისას მაშინვე იბნევა. ერთანეთში ერევა ყველაფერი. ჰოდა, თვლემს. თვლემა ყველაზე ბუნებრივი მდგომარეობაა ქვაზე მჯდომისთვის.


დაკარგული ორ ზღვას შუა, დაკარგული ევროპასა და აზიას შორის, ჩაძირული საკუთარ ისტორიაში. ისტორია – ერთარდერთია, რისიც სწამს აქ ხალხს. ღმერთისაც კი ისე, სხვათაშორის სწამს, აი, რა ვქნა მერე, მართლა  რომ არსებობდესო. ისტორიისა – კი გულწრფელად. ჰგონია, რომ ერთადერთია, რაც გააჩნია. მის ნაფლეთებს დაჟანგულ საკეპ მანქანაში ათავსებს, საიდანაც უამრავი წვრილ-წვრილი, სისხლიანი ნაკადი მოჟონავს. მთლიანობაში ვერაფრით აღიქვამს. თან მერე ყველა ამითაა დაკავებული. ასე ყვება და ამუშავებს „მასალას“.


2

ცოდნა იმ ნახატსა ჰგავს, საბავშვო წიგნებში რომ გვხვდება ხოლმე. აი, ფიგურის მისაღებად წერტილები რომ უნდა შეაერთო. ხანდახან ისე ხდება, რომ აერთებ წერტილებს და არაფერიც არ გამოგდის, საერთოდ ვერ ცნობ, რა ფიგურაა. ხშირად წერტილები ჭიანჭველებივით ირევიან და ხაზებს ვერ ავლებ. ან ავლებ და იხლართები. ამ არასწორად გავლებული ხაზებით კი მაინც გაქვს იმედი, რომ რამეს მიიღებ. შეცდომით მოხაზულ ფიგურებს კერპებად იღებ და მთელ სიცოცხლეს მსხვერპლად წირავ.


აი, შეაერთე წერტილები და მიიღე ავტომანქანა, მაცივარი, ტელევიზორი, სარეცხი მანქანა, თანაც ზუსტად იმ ფირმის, რომლის რეკლამაც გუშინ ნახე. შეაერთე წერტილები და ეკლესია გამოვიდა. უი, ეს კი პრეზიდენტს წააგავს. ეს – დაკარგულ ტერიტორიებს…


3

ხანდახან საკუთარ თავს ვეკითხები, რა აზრი აქვს ამ ყველაფერზე წერას. ალბათ მსიამოვნებს, როცა წარმოვიდგენ, რომ ვიღაც შეიძლება იგივენაირად ფიქრობდეს. ეს ერთგვარი ნიშანია – უკაცრიელი კუნძულიდან ჰორიზონტზე გამოჩენილი უცნობი გემისთვის განკუთვნილი. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებული მომაკვდავი იმედი…  ვწერ იმიტომ, რომ მგონია, ვიღაც სხვასაც სჯერა, რომ  არაფერშია საჭირო თუნდაც რაიმე ეპისტოლე, რომელიც ძველქართულად გადაწერილ ჟურნალ „ფორბსი“-ს სტატიას მოგაგონებს, იმისათვის, რომ თავი მზის სინათლეზე მოტივტივე მტვრის ნაწილაკად ან ქრისტეს მეგობრად წარმოიდგინო. არ გჭირდება კანონი, რომ არათუ ადამიანის მოკვლა, მისი წყენინებაც კი მოგინდეს. არ გჭირდება დროშა, ახალი ეროვნული წარმოების ჯავშან-ტრანსპორტიორი, ახალი ძეგლი, რომ თავი სრულფასოვან ადამიანად იგრძნო. და ალბათ კიდევ იმისთვის წერ, რომ სააზროვნო, მკვეთრი ბადე შეკრა, რომელში გაბმულიც იგრძნობ, რომ შეიძლება სამშობლო ის ადგილი იყოს, სადაც უბრალოდ მოდუნების და დამშვიდების საშუალება მოგეცემა.


დაბოლოს, ალბათ, ეს კიდევ ერთ მცდელობაა გამოტოვებული წერტილის დასმის, რომლისკენაც ნამდვილად ღირს ხაზის გავლება. იმ ფიგურის კიდევ ერთი წერტილი, რომლის დასრულების შემდეგაც მიხვდები, თურმე ამდენი ხნის განმავლობაში მხოლოდ საკუთარი თავის აგებას ცდილობდი.

ალექსი ჩიღვინაძე
ალექსი ჩიღვინაძე

ავტორი

ალექსი ჩიღვინაძე, მწერალი

მასალების გადაბეჭდვის წესი