კომენტარი

რა გადარდებს?

19 აპრილი, 2012 • 1405
რა გადარდებს?

1933 წელს ამერიკელმა მწერალმა სკოტ ფიცჯერლადმა წერილი, რომელსაც თავის 11 წლის გოგონას უგზავნიდა, დაამთავრა ჩამონათვალით, თუ რაზე უნდა ეფიქრა და რა– დარდადაც კი არ ღირდა:

„რაზე უნდა იდარდო:

იდარდე გამბედაობაზე
იდარდე სისუფთავეზე
იდარდე ნაყოფიერებაზე
იდარდე ცხენოსნობაზე

რაზე არ უნდა იდარდო:

არ იდარდო ხალხის აზრზე
არ იდარდო თოჯინებზე
არ იდარდო წარსულზე
არ იდარდო მომავალზე
არ იდარდო გაზრდაზე
არ იდარდო მათზე ვინც გისწრებს
არ იდარდო ტრიუმფზე
არ იდარდო დამარცხებაზე, გარდა იმ შემთხვევისა როცა ეს შენი ბრალი იქნება
არ იდარდო კოღოებზე
არ იდარდო ბუზებზე
არ იდარდო ზოგადად მწერებზე
არ იდარდო მშობლებზე
არ იდარდო ბიჭებზე
არ იდარდო იმედგაცრუებაზე
არ იდარდო სიამოვნებებზე
არ იდარდო კმაყოფილებაზე

რაზეც უნდა იფიქრო:

რისკენ მივისწრაფვი სინამდვილეში?
ხომ არ ჩამოვრჩები ჩემს თანამედროვეებს შემდეგ საკითხებში:
ა) ცოდნა
ბ) მართლა მესმის თუ არა ადამიანების და შემიძლია თუ არა მათთან ურთიერთობა?
გ) ვცდილობ თუ არა, ვაქციო ჩემი სხეული სასარგებლო ინსტრუმენტად თუ უგულებელვყავი?

უძვირფასესი სიყვარულით,
შენი მამიკო“

…ასეთივე წერილის შედგენა რომ გადავწყვიტოთ, რომელსაც საქართველოს მოქალაქეებს  მივწერთ. იმ რეცეპტების მსგავსი კი არა, რომელიც პერმანენტულად ეწერება საზოგადოებას ქართული მედიის გადამკიდე. არამედ ასევე, ნახევრად ხუმრობით და ნახევრად სერიოზულად. სრულიად უვნებელი და სულელური რჩევები. მაშ ასე:

რაზეც უნდა ვიდარდოთ:

ვიდარდოთ სიღარიბეზე (ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ნახევარი უკიდურესად გაჭირვებულია)
ვიდარდოთ თანაგრძნობის არარსებობაზე
ვიდარდოთ კოლხეთის ნაკრძალზე, სადაც უაზრო ქალაქის აშენებას აპირებენ, რომელიც უდიდეს ზიანს მიაყენებს ეკოსისტემას
ვიდარდოთ ყოველფეხის ნაბიჯზე გახსნილ სლოტ კლუბებში შეყრილი ქვეყნის „დაჰიპნოზირებული“ მომავალი ან წინა თაობა, რომელიც საკუთარ დროს წირავს მსხვერპლად და იმედის თვალით შესცქერის ხარბ და ჭრელ აპარატებს
ვიდარდოთ დროზე, მაგრამ დროებით მაინც დავივიწყოთ მომავალი, რისი სახელითაც ამ აუტანელ აწყმოს რა ხანია „აპრავებენ“ და რომელიც აღარ გვწყალობს, როგორც უფულოდ დარჩენილ კლიენტს „ბარიგა“ ან მეძავი.

რაზეც არ უნდა ვიდარდოთ:

არ ვიდარდოთ დაკარგულ ტერიტორიებზე, რადგან ის ძველი, თუნდაც ახლებურად, წითელ, ხუთჯვირიან დროშაში შეფუთული პათოსი, მათი ომით დაბრუნების ნებისმიერი მცდელობა, იმ ჩვენს აბსურდულად ტკივილიან ოთხმოცდაათიან წლებში დაბრუნებასაც ნიშნავს – ხოლო სამშობლო არ ნიშნავს მხოლოდ მონახაზს რუკაზე ან უბრალოდ ტერიტორიას.
არ ვიდარდოთ რელიგიაზე. ჯერ ერთი, მას არავინ გვართმევს და მეორე მხრივ, ფანატიკოსების რიცხვის შემცირება ქვეყნის მოსახლეობის ეკონომიკური წინსვლის პირდაპირპროპორციულად შემცირდება — მიეცემათ თუ არა ახალგაზრდებს ნორმალური განათლების და გართობის საშუალება, ჯერ სწავლისა და მერე გავლის შანსი, ისინი თავისუფალ დროს უფრო ნაყოფიერად და საინტერესოდ გამოიყენებენ.
არ ვიდარდოთ, ვის რომელ სქესთან, რატომ ან როდის უნდა დაწოლა, დადგომა, დაჯდომა, ხტუნაობა თუ „მარიოს“ თამაში
არ  ვიდარდოთ, ვინ შევა სიძედ მავანი კახიანების, ბაგრატიონების და ა.შ. ოჯახებში, ან ვინ გამოვა
არ ვიდარდოთ ჩვენს მტერზე იმაზე მეტი, რასაც მოყვარეზე ვდარდობთ
და მოდი რა, არ ვიდარდოთ ნოდარ მელაძის შოუზე, უიმედოდ ლენჩ და გაღორებულ პოლიტიკოსებზე, „ჭაჭის შადრევანზე“, წინასაარჩევნო ციებ-ცხელებაზე თუ მთელ იმ სიბინძურეზე, რითაც მთლიანად არის ჩვენი საარსებო სივრცე გაჟღენთილი…

ის, რაზეც უნდა ვიფიქროთ? – აქ თავისუფლად შეგვიძლია ჩვენი თანამოქალაქეებისთვისაც ის რჩევა (კითხვა) დავტოვოთ, რასაც სკოტ ფიცჯერალდი თავისი 11 წლის გოგონას აძლევს:

რისკენ მივისწრაფვით სინამდვილეში?
ხომ არ ჩამოვრჩებით თანამედროვე სამყაროს ამ საკითხებში:
ა) ცოდნა
ბ) მართლა გვესმის თუ არა ერთმანეთის და შეგვიძლია თუ არა ურთიერთობა?
გ) ვცდილობთ თუ არა, ვაქციოთ სხეული სასარგებლო ინსტრუმენტად თუ უგულებელვყოფთ მას?

აი, ასეთი სიყვარულით,
ა. ჩ.

ალექსი ჩიღვინაძე
ალექსი ჩიღვინაძე

ავტორი

ალექსი ჩიღვინაძე, მწერალი

მასალების გადაბეჭდვის წესი