კომენტარი

9 აპრილის სევდიანი ბლუზი

9 აპრილი, 2012 • 2178
9 აპრილის სევდიანი ბლუზი

1.

თვალებს უფრო კარგად ესმით ხმა წვიმის. ხეები კი უფრო სახლში არიან. – ეს გაზაფხულზე ხდება ასე. მივყვები აზრთა დინებას, სადაც სიტყვები, გზაზე დახატულ თეთრ ზოლებს ემსგავსებიან,  განურჩეველებს და აბსოლუტურად იდენტურებს, ერთი ფორმის და ზომის მქონეთ. ჩიტების ჭიკჭიკი ჭიკარტებივით ესობა და იჭერს პეიზაჟს,  ნაცნობს როგორც მხოლოდ განათებით დამახსოვრებული სიზმრის ფრაგმენტებს.

ხანდახან ქალაქის ხმაური სადღაც ქრება. ეს ხშირად წვიმის დაწყების წინ ხდება, როცა ცა მუქდება. ტრანსპორტი, შენობები და ხეები პლასტელინისგან გამოძერწილ ფიგურებს ემსგავსებიან. დგახარ, როგორც ხალხისგან დაცლილ დარბაზში – სიცარიელის და სიჩუმის მიქსი. ცოტა გიკვირს კიდეც და უჩვეულოდ გსიამოვნებს, რომ ასე მშვიდდები. შემდეგ ისევ ირთვება ქალაქი.


2.

გამთენიისას თბილისი დატოვა აპრილმა, რადგან ვიღაც ქაოტურად ციტირებდა სისასტიკეს, არეულად ციტირებდა წარმოდგენებს თავისუფლებაზე, შეუსაბამოდ ციტირებდა სიკვდილს… შეშფოთებული თვალსაზრისით იქნევდნენ დროშებს  ქალაქის ყალიბში, რომელიც რკინის ტალღებმა გადმოკვეთა და  შეშლილი სახეები აზილა ნიჩბებით – მთელი ბავშვობა ოთახში, წიგნის თაროზე ვუყურებდი ერთ სქელ, შავ წიგნს, რომელსაც წითლად, თითქოს სისხლით, ეწერა 9 აპრილი. რაღაცნაირად მეშინოდა ამ წიგნის. ახლაც მეშინია. ერთადერთი წიგნია, რომლის შეხედვაც მზარავს.

3.

ზოგიერთ ადამიანს სხვისი ცხოვრების მოპარვის ფენომენალური ნიჭი აქვს. ხშირად ის ვერც კი აცნობიერებს საკუთარ საქციელს, თუმცა კი შეუდარებელი ოსტატობით ასრულებს საქმეს. ქურდობის მრავალი სახეობა არსებობს. არსებობენ მწერლები, რომლებიც იპარავენ ისტორიებს, ხასიათებს, სიტუაციებს, აზრებს. ეს ფორმა ლიტერატურული ძარცვისა ყველაზე უვნებელად შეგვიძლია ჩავთვალოთ. არსებობენ ქმრები, რომლებიც იპარავენ ცოლების ცხოვრებას და პირიქით, “მომპარავი” ცოლებიც არსებობენ. არსებობენ მშობლები, რომლებიც ძარცვავენ შვილებს, როცა მათ ძინავთ, როცა მათ ღვიძავთ და როცა ისინი ვერც იძინებენ და ვერც იღვიძებენ. არსებობენ პოლიტიკოსები, მასწავლებლები, სულიერი მოძღვრები, რომელებიც ცხვირწინ გვიცურებენ რაღაც ჩვენთვის ძვირფასს, რომლის ფასიც შეიძლება ვერასოდეს გავიგოთ. ზოგიერთი ქურდი, ფრთხილად და დახვეწილად მოქმედებს. ზოგიერთი კი უხეში ძალის გამოყენებას არ ერიდება. ისე ისიც შეინიშნება, რომ ეს კარგად დაგეგმილი ქურდობები გადამდებია. ჩვენ ნელ-ნელა ვხდებით კლეპტომანები. ის შვილები ვისაც მოპარეს ცხოვრება, შემდეგ თავიანთ შვილებს უსაფრდებიან. და ასე გრძელდება.


ისეც ხდება ხოლმე, რომ ხანდახან ვინმე ისეთ ძალაუფლებას ჩაიგდებს ხელში, რომ ერთდროულად მილიონობით ადამიანს შეუძლია მოპაროს ის, რაც მას არ ეკუთვნის.


4

„სახელმწიფო ანადგურებს იდენტობებს და ჩვენ ქვებს ვემსგავსებით. გვავიწყდება სიყვარულის ენა,“ – ძილში თქვა მეგობარმა. ჩავეკითხე, მაგრამ პასუხად მხოლოდ მისი სუნთქვა, მისი სიზმრებიდან მობერილი ნიავი მივიღე.

ავტორის შესახებ

ალექსი ჩიღვინაძე, მწერალი

მასალების გადაბეჭდვის წესი