კოალიცია ,,ქართული ოცნების” წევრს, “რესპუბლიკური პარტიის” ერთ–ერთი ლიდერს თინა ხიდაშელს პარტია “ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერის გიორგი თარგამაძის ინიციატივა, ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენის შესახებ კონსტიტუციაში სპეციალური ცვლილებების განხორციელების თაობაზე, სრულიად მიუღებელად მიაჩნია.
“ჩემთვის აბსოლიტურად მიუღებელია, დააუშვებელი, რომ ქვეყნის კონსტიტუციის ჭრა და კერვა ხდებოდეს რომელიმე ერთ ადამიანზე მორგებით. ამიტომ ვარ მე, პირადად, მიხეილ სააკაშვილის ოპოზიციაში და ამიტომ იცის ქართულმა საზოგადოებამ, 2004 წლის დასაწყისშივე დავუპირისპირდი მე “ნაციონალურ მოძრაობას”, როდესაც მან ( მიხეილ სააკაშვილმა) გადაწყვიტა, საკუთარ თავზე მოერგო კონსტიტუცია. ჩვენ არანაირ საკონსტიტუციო ცვლილებებს არ ვითხოვთ, ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭებას არანაირი საკონსტიტუციო ცვლილებები არ სჭირდება”, – განუცხადა ჟურნალისტებს თინა ხიდაშელმა.
შეგახსენებთ, გუშინ, 4 აპრილს “პრაიმ–თაიმის” პრეს–კლუბში გიორგი თარგამაძემ განაცხდა, რომ მომავალ კვირას პარლამენტში საკონსტიტუციო კომისია შეიკრიბება, რომელიც იმუშავებს, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენასთან დაკავშირებით ახალი ინიციატივა იქნას განხილული.
“აუცილებელია, კონსტიტუციაში შევიდეს სპეციალური ცვლილება, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს წარმომადგენლები იგივე უფლებებით იქნებიან აღჭურვილი, როგორითაც საქართველოს მოქალაქეები”, – აღნიშნა თარგამაძემ.
ხიდაშელის შეფასებით, გუშინ გიორგი თარგამაძემ ამ განცხადებით “გააპრავა” მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილება.
“თითქოს ამ მხრივ რაღაც პრობლემებია კონსტიტუციაში და მოდით და ახლა შევცვალოთ. ასეთი ფუნდამენტური ცვლილებები შეიძლება კონსტიტუციაში შევიდეს მხოლოდ და მხოლოდ ქართულ საზოგადოებასთან ხანგრძლივი კონსულტაციების გზით. თარგამაძე ამბობს, რომ თურმე შეიძლება პოლიტიკური გარიგება მოხდეს იმაზე, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში პოლიტიკურ პროცესში ჰქონდეთ მონაწილეობის მიღების უფლება. სრულიად დაუშვებელია ასეთი მიდგომა და ასეთი დამოკიდებულება ქვეყნის ფუნდამენტური კანონის მიმართ”, – მიიჩნევს ხიდაშელი.