კომენტარი

საია: ივანიშვილზე რეესტრის დასკვნა არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს

5 აპრილი, 2012 •
საია: ივანიშვილზე რეესტრის დასკვნა არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აქვეყნებს განცხადებას, რომელშიც მოცემულია სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გუშინ, 4 აპრილს ივანიშვილის მოქალაქეობის შესახებ გამოცემული დასკვნის სამართლებრივი შეფასება. საია-ს შეფასებით, აღნიშნული დასკვნა არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს შემდეგ გარემოებათა გამო:

“დაბადებით საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის საქართველოს კანონმდებლობა საქართველოს მოქალაქეობის მიღების ორ შესაძლებლობას ითვალისწინებს: 1) ნატურალიზაცია; 2) ორმაგი მოქალაქეობა. მათ შორის ერთ-ერთი მთავარი განსხვავება ის არის, რომ ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მიღების შემდეგ პირი არ უნდა იყოს რომელიმე სხვა ქვეყნის მოქალაქე. თუ ნატურალიზაციის გზით მოქალაქეობის მიღების პროცესში პირი არის უცხო ქვეყნის მოქალაქე, უნდა არსებობდეს ამ პირის ოფიციალურად განცხადებული ნება, რომ, საქართველოს მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში, იგი უარს იტყვის სხვა რომელიმე ქვეყნის მოქალაქეობაზე. სხვა ვითარებაა ორმაგი მოქალაქეობისას. ამ დროს პირი საქართველოს მოქალაქეობის მიღების შემდეგ ინარჩუნებს სხვა ქვეყნის (ქვეყნების) მოქალაქეობას.

განსახილველ შემთხვევაში, როგორც ჩვენთვის ცნობილია, ბიძინა ივანიშვილმა ოფიციალურად მიმართა საფრანგეთის საელჩოს საფრანგეთის მოქალაქეობიდან გასვლის მოთხოვნით. მისი ნება, რომ საქართველოს მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში, უარს იტყოდა საფრანგეთის მოქალაქეობაზე, ცნობილი იყო სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსთვის. შესაბამისად, კანონის ის მიზანი, რომ ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მიღების შემდეგ პირი მხოლოდ საქართველოს მოქალაქე უნდა იყოს, მოცემულ შემთხვევაში, მიღწეული იქნებოდა.

ამ მსჯელობას და კანონმდებლობის მიდგომას კიდევ უფრო ამყარებს საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 30 იანვრის #34 ბრძანებულება. აღნიშნული ნორმატიული აქტის 22-ე მუხლის თანახმად, ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად, „დაინტერესებული პირი საქართველოს პრეზიდენტის სახელზე ავსებს დადგენილი ფორმის (დანართი N 2) განცხადებას“. განცხადების ფორმა ამავე ბრძანებულებით არის დამტკიცებული და მის მე-11 პუნქტში მითითებულია: ,,11. ჩემი თხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, თანახმა ვარ, უარი განვაცხადო ______________________ მოქალაქეობაზე.” როგორც ამ ტექსტში არაორაზროვნად არის აღნიშნული, ნატურალიზაციის გზით მოქალქეობის მიღების მსურველ პირს უფლება აქვს, სხვა ქვეყნის მოქალაქეობაზე უარი თქვას მხოლოდ მას შემდეგ, რაც საქართველოს მოქალაქეობის მიღების საკითხი დადებითად გადაწყდება. ამ გზით საქართველოს კანონმდებლობა დაინტერესებულ პირებს იმისგან იცავს, რომ საქართველოს უფლებამოსილი თანამდებობის პირების ან ორგანოს მიერ ნატურალიზაციაზე პირის მოთხოვნის უარყოფითად გადაწყვეტის შემთხვევაში, ეს პირი საერთოდ მოქალაქეობის გარეშე არ დარჩეს.

აღსანიშნავია კიდევ ერთი გარემოება: საქართველოს კანონმდებლობის ის მიდგომა, რომ პირი მოქალაქეობის გარეშე არ უნდა დარჩეს, ნათლად ჩანს საპირისპირო შემთხვევაშიც, ანუ მაშინ, როდესაც საქართველოს მოქალაქე მიმართავს უცხო ქვეყნის სახელმწიფოს მოქალაქეობის მიღების შესახებ და საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლა სურს. კერძოდ, როდესაც საქართველოს მოქალაქე მოქალაქეობიდან გასვლის შესახებ განცხადებას წერს, საქართველოს პრეზიდენტი იღებს შესაბამის ბრძანებულებას (პირის საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის შესახებ). „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის 37-ე  მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ეს ბრძანებულება ძალაში შედის მხოლოდ მას შემდეგ, რაც წარმოდგენილი იქნება უცხო ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, რომ პირმა უკვე მიიღო ან, საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის შემთხვევაში, აუცილებლად მიიღებს შესაბამისი უცხო ქვეყნის მოქალაქეობას.

როგორც აღვნიშნეთ, განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს კანონმდებლობის მიზანია, რომ ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მიღების შემდეგ პირი არ უნდა იყოს სხვა ქვეყნის მოქალაქე. ეს მიზანი კი მოცემულ შემთხვევაში მარტივად მიღწევადი იყო – საქართველოს პრეზიდენტს შეეძლო, მიეღო ბრძანებულება პირისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ და ეს ბრძანებულება ძალაში შესულიყო არა დაუყოვნებლივ (რათა პირს ერთდროულად ორი ქვეყნის მოქალაქეობა არ ჰქონოდა), არამედ მას შემდეგ, რაც საფრანგეთის კომპეტენტური ორგანოებიდან მიღებული იქნებოდა ოფიციალური დოკუმენტი მისი საფრანგეთის მოქალაქეობიდან გასვლის მოთხოვნით დაწერილი განცხადების დაკმაყოფილების შესახებ.”

მასალების გადაბეჭდვის წესი