კომენტარი

თამარ კინწურაშვილი: რეპატრიანტთა თემით პოლიტიკოსებიც მანიპულირებდნენ

29 მარტი, 2012 • 1376
თამარ კინწურაშვილი: რეპატრიანტთა თემით პოლიტიკოსებიც მანიპულირებდნენ

საქართველოში მესხების რეპატრიაციის საკითხების შესახებ პრემიერის აპარატთან არსებული უწყებათაშორისი კომისიის წევრი თამარ კინწურაშვილი ნეტგაზეთთან საუბრობს.

თებერვლის ბოლო პერიოდის მონაცემით, საქართველოში რეპატრიანტის სტატუსი 300-მდე მესხმა მიიღო.  თუ შეიცვალა ეს მონაცემი ამ დროისთვის? როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში 5841 განაცხადია შესული.

რეპატრირებულის სტატუსი მინიჭებული აქვს 489 აპლიკანტს. აპლიკაციის მიღების პროცესში გამოიკვეთა სამი ტიპის აპლიკაცია: პირველი, რომლიც ყოველგვარი დარღვევის გარეშე იყო შედგენილი, ასეთი სულ 75 აპლიკანტი იყო.  მეორე – აპლიკანტები, რომელთაც ერთი დეპორტაციის დამადასტირებული დოკუმენტი აკლდა. ვინაიდან ამ დოკუმენტის წარმოდგენა პრობლემურია, ჩვენმა საბჭომ, პრემიერის აპარატთან არსებულმა უწყებათაშორისმა საბჭომ, მიიღო გადაწყვეტილება, შექმნილიყო უხუცესთა საბჭო, რომელშიც წარმოდგენილი არიან უხუცესი მესხები, რომლებიც დეპორტაციას ადასტურებენ. მესამე ტიპის აპლიკაციებში გაერთიანდა ისეთი აპლიკაციები, რომელშიც იყო ერთზე მეტი დარღვევა. ამ აპლიკაციის ავტორები მიიღებენ უწყებას, სადაც მითითებულია დარღვევების შესახებ, რის შემდეგაც ისინი ვალდებულნი არიან, 4 თვის ვადაში მოახდინონ ნაკლული დოკუმენტების წარდგენა.

საბჭომ ასევე მიიღო გადაწყვეტილება, ეთარგმნათ ეს უწყებები ამ ადამიანებისათვის გასაგებ ენაზე, თუმცა მოთხოვნა იმის შესახებ, რომ აპლიკაციები უნდა იყოს შევსებული ქართულ ან ინგლისურ ენაზე, არ შეცვლილა. 2007 წელს მიღებული კანონის თანახმად, აპლიკაციების წარდგენის ბოლო ვადა 2009 წელი იყო. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ პერიოდში ეს ვადა ორჯერ გაიზარდა.

გაკვირვებული ვარ საზოგადოების იმ სექტორით, რომლებიც რეპარტიაციის მსურველთა არაინფორმირებულობაზე  საუბრობენ. ამ საკითხზე საკმაოდ დიდი დისკუსია მიმდინარეობდა საქართველოში და პოლიტიკოსებიც ხშირად მანიპულირებდნენ ამ თემით.

გასაკვირია, რომ საქართველოში ჩამოსულმა მესხებმა არ ისარგებლეს ამ შესაძლებლობით და საბუთები შესაბამის უწყებაში არ შემოიტანეს. რაც შეეხება  საბუთების განხილვის პროცესს, მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში ვერავინ მიიღებს სტატუსს, თუ არ გაივლის ყველა იმ ფორმალობას, რომელიც კანონით არის გათვალისწინებული.

ქალბატონო თამარ,  როგორ მუშაობს პრემიერის აპარატთან არსებული უწყებათაშორისი კომისია?

პრემიერის აპარატთან არსებული უწყებათაშორისი კომისია 2011 წლის პირველ მარტს შეიქმნა. კომისიის მოვალეობაა ისეთი საკითების განხილვა, როგორიცაა: ინტეგრირება, საბუთების თარგმნა, დეპორტაციის დოკუმენტის არმქონე პირებიის საკთხების გადაწყვეტა, კოორდინაციის და სტრატეგიის განსაზღვრა პროცესის განსაზღვრა. საქართველოს დევნილთა და განსახლების სამინისტრო ვალდებულია, რეპატრანტთა საბუთები მიიღოს და განიხილოს.

ხშირად საუბარია იმაზე, რომ რეპარტიაციის პროცესის ირგვლივ, კერძოდ კი, საბუთების განხილვისთვის გამოყოფილი რესურსები არასაკმარისია, რაც რეპარტიაციის პროცესს ახანგრძლივებს.

დევნილთა და განსახლების სამინისტროში ამ საქმისთვის ცალკე დეპარტამენტია გამოყოფილი. აქ პრობლემა არის არა რესურსების სიმცირე, არამედ ის საბუთები, რომლებიც არასრულადაა წარმოდგენილი.

პროცედურულად, საბუთების წარდგენის შემდგომ აპლიკაციები შინაგან საქმეთა სამინისტროს ეგზავნება განსახილველად, რასაც დაახლოებით ერთი თვე მიაქვს. სტატუსის მიღებიდან 2 წლის ვადაში მათ შეუძლიათ მიმართონ საელჩოს ან იუსტიციის სამინისტროს საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად.

აპლიკაციების დაახლოებით 5%-ს  უკვე მიღებული აქვთ სტატუსი. როგორც აღვნიშნეთ, პრობლემას არასწორად შევსებული საბუთები ქმნის. რა თქმა უნდა, არსებობს ბიუროკრატიაც, რომელიც გარდაუვალია მსოფლიოს ყველა ქვეყანაში.

არასამთვრობო ორგანიზაცია “ტოლერანტის” წარმომადგენელი, რომელიც მესხების რეპარტიაციის საკითხებზე მუშაობს, რამდენიმე მიზეზს ასახელებს, თუ რატომ ვერ ახერხებენ საქართველოში დაბრუნებული ან დაბრუნების მსურველი მაჰმადიანი მესხები რეპატრიანტის სტატუსის მიღებას: პირველი, ეს გახლავთ მესხების არაინფორმირებულობა, რისთვისაც, ამ ორგანიზაციის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ სათანადო ძალისხმევა არ გამოიჩინა და მეორე – არასათანადოდ შერჩეული საკომუნიკაციო ენა – საბუთების ჩამონათვალი, რაც აუცილებელი იყო რეპატრიანტის სტატუსის მისაღებად, შედგენილი გახლდათ ინგლისურ და ქართულ ენაზე მაშინ, როცა მაჰმადიანი მესხების უმრავლესობისთვის ძირითადი საკომუნიკაციო ენა რუსულია. რატომ ვერ ახერხებენ საქართველოში დაბრუნებული ან დაბრუნების მსურველი მაჰმადიანი მესხები რეპარტიანტის სტატუსის მიღებას?

ეს კანონმდებილის მიღებული გადაწყვეტილებაა. ინგლისური, როგორც საერთაშორისო ენა არის მითითებული. ეს განაპირობა იმანაც, რომ ეს ადამიანები ცხოვრობენ მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში, ამერიკაში, ინგლისში. მე ეჭვი მიჩნდება იმ ორგანიზაციების მიმართ, რომლებმაც ადვოკატირება უნდა გაუწიონ მესხებს ამ საკითხის მოგვარებაში. ამ კონკრეტულ შემთხვევებში საუბარია საქართველოში მყოფ ადამიანებზე, რომლებიც საქართველოში თავიანთი ნებით დაბრუნდნენ, მე არ მგონია, მათ პრობლემა შექმნოდათ ქართულ ენაზე აპლიკაციების შევსებაზე.

ბუნებრივია, ეს პროცესი ხარჯიანია, ასეა მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში. სამწუხაროდ, სახელწიფოს ამ ეტაპზე არ აქვს ამ სოციალური პირობების უზრუნველყოფის საშუალება.

ასევე პრობლემა იყო თვითრეპატრიანტთათვის მიწის შეძენა, ამის შესახებ თუ ფლობთ ინფორმაციას?

ამის შესახებ ინფორმაციას არ ვფლობ. როცა ეს ადამიანები მიიღებენ მოქალქეობას, მათი განსახლება არის უკვე შემდგომი პროცესი და ეს შემდგომი განხილვის საკითხია. ასეთი პრობლემი ცალკეული შემთხვევებშია, ამიტომ მათი განზოგადება არ შეიძლება. თუ არის რაიმე კონკრეტული შემთხვევა, მათ უნდა მიმართონ შესაბამის უფლებადამცველ ორგანიზაციებს.

როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა შემოსული აპლიკაციების სიმცირე?

პირველი ის, რომ ზუსტად არ ვიცით რეალური ციფრი რეპატრირებული მესხების. საარქივო მასალები განადგურებულია და ზუსტი რიცხვის დადგენა ჭირს. ასევე, ეს შეიძლება მათი პირადი არჩევნით იყო განპირობებული. იმით, რომ უკეთ არიან ინტეგრირებულნი იმ ქვეყნებში, რომელშიც სხოვრობენ, აქვთ უკეთესი საცხოვრებელი პირობები. ამავდროულად, უკვე იცვლებიან თაობები და ეცვლებათ პრიორიტეტები.

უფლებადამცველი ორგანიზაციები საუბრობენ იმაზეც, რომ სახელწიფომ არ გამოიჩინა მაქსიმალური ძალისხმევა მაჰმადიანი მესხების საქართველოში დასაბრუნებლად.

კანონის მიღება კეთილი ნება იყო. თუმცა, სამწუხაროდ, ეს კანონი ვერ მოახდენს იმ ზარალის კომპენსირებას, რაც სამჭოთა რეჟიმმა ამ ადამიანებს მიაყენა. ეს ვერ ხერხდება თუნდაც იმიტომ, რომ სახელმწიფოს სხვა, არაერთი ვალდებულება და გამოწვევა აქვს, როგორიცაა თუნდაც დევნილების საკითხი. მაგრამ ამ ადამიანების დასაბრუნებლად სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს.

კანონში არ არის გათავლისწინებული რეპარტირებულების სოციალიზაციის პროცესი.

კანონით არ არის გათვალისწინებული, თუმცა არსებობს სამოქმედო კონცეფცია და ის გამოცდილება, რომელიც ეროვნულ უმცირესობებთან ურთიერთობისას დაგროვდა.

შეგიძლიათ, უფრო დეტალურად გვითხრათ ამ კონცეფციის შესახებ?

კონცეფცია, კონკრეტულად, რეპატრიანტთათვის არ არსებობს, ეს კონცეფცია არსებობს ეროვნულ უცირესობებთან მიმართებაში. რეპატრიანტთა სპეციფიკური მოთხოვნების გათვალისწინებით, შესაძლოა, რაიმე სხვა კონცეფცია შეიქმნას. ვგულისხმობ იმ გამოცდილების გამოყენებას, რომელიც უმცირესობების მიმართ არსებობს. ის პროგრამები, რომელიც ამ ადამიანებისთვის შეიქმნება, მოქალაქეობის პროცესის დასრულების შემდგომ გამოჩნდება.

ამავე თემაზე:

დაუსრულებელი მიგრაცია სამშობლოს ძიებაში [Video]

მასალების გადაბეჭდვის წესი