კომენტარი

“ეს შენ გეხება” კონტროლი პალატის ქმედებებზე

16 მარტი, 2012 •
“ეს შენ გეხება” კონტროლი პალატის ქმედებებზე

კამპანია “ეს შენ გეხება” უარყოფითად აფასებს ახსნა–განმარტების ჩამორთმევის პროცესში კონტროლის პალატის წარმომადგენელთა მხრიდან მოქალაქეებზე განხორციელებული ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ზეწოლის, დაშინებისა და მუქარის ფაქტებს.

კამპანიას მიაჩნია, რომ კონტროლის პალატის ქმედებები შეიცავდა განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე მოქალაქეთა დევნის ნიშნებს, უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებს, კონკრეტულად კი უწყების თანამშრომლების მიერ მოქალაქეთათვის დასმული შეკითხვები,  ფინანსური ხასიათის საკითხების გარდა, შეეხებოდა მათი პოლიტიკური აქტივობის დეტალებსა და კონკრეტულ პოლიტიკურ ძალასთან მათი თანამშრომლობის მიზეზებს. ასევე, დაბარებულ პირებს პრობლემები ექმნებოდათ ადვოკატის დასწრებასთან დაკავშირებით, ადგილი ჰქონდა ადვოკატის სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. ჟურნალისტებს ხელი ეშლებოდათ პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში და კონტროლის პალატის თანამშრომლები მოწვეულ მოქალაქეებს არ აწვდიდნენ სრულყოფილ  ინფორმაციას, თუ რა სახის სამართალდარღვევის ფაქტზე და ვის მიმართ იყო დაწყებული სამართალწარმოება. ამასთან, ახსნა-განმარტების მიღების პროცესში მოქალაქეების მიმართ ხორციელდებოდა ღირსების შემლახველი ქმედებები.

“ვფიქრობთ,  დაკითხვის მანერა, ხანგრძლივობა (რაც ხშირ შემთხევვაში 6 საათამდეც გრძელდებოდა), დასმული შეკითხვები, კონტროლის პალატის წარმომადგენელთა მხრიდან მოქალაქეებთან ურთიერთობის შეურაცხმყოფელი ფორმები, მათზე მუქარისა და ზეწოლის ხერხების გამოყენება  მოქალაქეთა დაშინებას უფრო ისახავდა მიზნად, ვიდრე პარტიების უკანონო ფინანსური საქმიანობის დადგენის ფაქტს. აღნიშნული ქმედებები  საარჩევნო წელს ცალსახად გამოიწვევს მოქალაქეებში შიშის დანერგვას პოლიტიკური და სამოქალაქო აქტივობებში ჩართულობასთან დაკავშირებით და კიდევ უფრო დაამძიმებს წისაარჩევნო გარემოს ქვეყანაში,”– ვკითხულობთ განცხადებაში.

საქართველოს კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ 2012 წლის 12, 13 და 14 მარტს საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში: ლანჩხუთი, ჩოხატაური, ოზურგეთი, ბათუმი, ხელაჩაური, ქობულეთი, ფოთი, ზუგდიდი, ქუთაისი, ზესტაფონი, გორი, ქარელი, კასპი, გურჯაანი, საგარეჯო, სიღნაღი, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წევრთა, მოხალისეთა თუ მოქალაქეთა მასობრივი დაკითხვები განხორციელდა. სულ დაკითხულთა რაოდენობამ 150  მოქალაქეს გადააჭარბა.

მასალების გადაბეჭდვის წესი