ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International დღეს, 16 მარტს სპეციალური განცხადებით ეხმაურება კონტროლის პალატის მიერ ოპოზიციონერი აქტივისტების მასობრივ დაკითხვას. გთავაზობთ განცხადების სრულ თარგმანს:
”საქართველოს კონტროლის პალატამ მიმდინარე პოლიტიკური დაფინანსების პროცესის გამოძიების დროს უნდა დაიცვას ადამიანის უფლებები.
Amnesty International შეშფოთებულია საქართველოს მასშტაბით ოპოზიციური პარტიის წევრებისა და მხარდამჭერების ფართომაშტაბიანი დაკითხვით, იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რაც ამ კვირაში გამოვლინდა კანონიერი დაცვის უფლების დარღვევებისა და ოპოზიციის მომხრეების დაშინების შესახებ ანგარიშებში.
კვირას, 11 მარტიდან, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, ძირითადად დასავლეთ საქართველოში, საქართველოს კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ 100 ადამიანზე მეტი დაკითხეს ადგილობრივი თვითმართველობის შენობებში, პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის საბაბით.
კონტროლის პალატის თავმჯდომარის ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ამ ოპერაციის მიზანი პოლიტიკური პარტიების დაფინანსების საკითხში შესაძლო დარღვევების გამოძიება იყო. ასევე, იმ ფინანსურ დეკლარაციებთან შედარება, რომელიც წინააღმდეგობრივი იყო რეგიონებში პარტიების ძირითადი ხარჯებისა. დაიკითხნენ მხოლოდ ოპოზიციურ მოძრაობა “ქართულ ოცნება”–სთან, (კოალიცია, რომელიც აერთიანებს რამდენიმე ოპოზიციურ პარტიას) დაკავშირებული ფიზიკური პირები.
“მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ” კანონით საქართველოს კონტროლის პალატას აქვს უფლება, “მოითხოვოს ისეთი ინფორმაცია, რომელიც პოლიტიკური პარტიებისგან, აღმასრულებელი ხელისუფლებისგან და კომერციული ბანკებისგან პარტიისთვის მიღებულ ფინანსებს უკავშირდება.
მას ასევე შეუძლია “მოითხოვოს ინფორმაცია, თანხების წარმომავლობის, ტრანზაქციებისა და მიღებული ქონების შესახებ ისეთი პირების მიერ, როლებსაც გაცხადებული აქვთ პოლიტიკური და საარჩევნო მიზნები, ან დაკავშირებულნი არიან მათთან.
ათობით პირმა საქართველოს კონტროლის პალატიდან მიიღო შეტყობინება მათი პალატის წარმომადგენლების წინაშე წარდგენის შესახებ. გამოძახებული პირები იყვნენ ოპოზიციური პარტიების წევრები და ცნობილი მხარდამჭერები. გარდა ამისა, კანონის საწინააღმდეგოდ, ბევრ დაბარებულ პიროვნებას არ გააჩნია გაცხადებული პოლიტიკური შეხედულება, მაგრამ მიჩნეულნი არიან ოპოზიციის მხარდამჭერებად.
ოპოზიციური პარტიის წევრებისა და მხარდამჭერების შერჩევითი დაკითხვის მანერა, რა გარემოშიც ის ჩატარდა, ბევრი დასმული შეკითხვის არსი, იძლევა ვარაუდის შესაძლებლობას, რომ ეს ოპერაცია იყო პოლიტიკურად მოტივირებული და მიზნად ისახავდა ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერთა დაშინებას.
დაკითხული პირები და მათი ადვოკატები აცხადებენ, რომ დაკითხვა ხშირად ფოკუსირებულია უფრო მათ პოლიტიკურ შეხედულებებსა და ზოგადი ტიპის კითხვებზე, ვიდრე უკანონო ფინანსურ ოპერაციებზე.
ადვოკატმა გიორგი ჭიქაბერიძემ, რომელიც ქუთაისში კონტროლის პალატის მიერ დაკითხულ ოთხ ადამიანს იცავს, Amnesty International-ს განუცხადა, რომ მის არც ერთ კლიენტს არ განემარტა იმ ეჭვის საფუძველი, რის გამოც ისინი დასაკითხად გამოიძახეს.
დაკითხვების საშუალო ხანგრძლივობა 2 საათამდე გრძელდებოდა, რა დროსაც ერთსა და იმავე ზოგად შეკითხვებს განმეორებით სვამდნენ. ამ კითხვების უმრავლესობა, განსაკუთრებით მაშინ, როცა დაკითხვას ადვოკატი არ ესწრებოდა, მიმართული იყო მუქარისა და დაშინებისკენ. სულ ცოტა ერთი ადვოკატი შეაშინეს და იძულებული გახადეს, დაეტოვებინა დაკითხვის ოთახი.
19 წლის თეონა ფხაკაძემ, რესპუბლიკური პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრმა, Amnesty International-ს განუცხადა: ”მე მკითხეს, როგორ და რატომ ვმონაწილეობდი პოლიტიკური პარტიის ახალგაზრდული ფრთის აქტივობებში, რამდენჯერ ვიყავი ნამყოფი პარტიის ცენტრალურ ოფისში, თბილისში, ოპოზიციური პარტიების სახელით მქონდა თუ არა ხელი მოწერილი, ან ვაგროვებდი თუ არა ხელმოწერებს პეტიციებისთვის… როცა მე მათ ვკითხე, რატომ გამომიძახეს დასაკითხად, მიპასუხეს, რომ ამას კონკრეტული მიზეზი არ ჰქონდა.”
რესპუბლიკური პარტიის წევრს საგარეჯოდან, მუბარიზ მამედოვს, რომელიც ეთნიკური აზერბაიჯანელი და საქართველოს მოქალაქეა, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 3 საათის განმავლობაში კითხავდნენ.
მამედოვმა Amnesty International-ს განუცხადა: ”მე დასაკითხად დამიბარეს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის შენობაში, რომელიც პოლიციელებით იყო გარშემორტყმული. მათ მე მკითხეს, ვის ვუჭერდი საარჩევნოდ ხმას და როგორც ოპოზიციონერი, რა სახის აქტივობებში ვიყავი ჩართული. დაკითხვის დასასრულს, როცა დაძაბულობამ იმატა, მათ მითხრეს, რომ ფრთხილად ვყოფილიყავი, რადგან მე ვარ ეთნიკურად აზერბაიჯანელი და შესაძლოა, ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგ ქვეყნიდან გამაძევონ.
Amnesty International საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, უზრუნველყოს, რომ კონტროლის პალატის გამომძიებლებმა იმოქმედონ კანონისა და საერთაშორისოდ აღიარებული ადამიანის უფლებათა სტანდარტების შესაბამისად.
ოპოზიციური პარტიების წევრთა და სავარაუდო მომხრეთა დასაკითხად მასობრივი დაბარება მათ პოლიტიკურ მისწრაფებებთან და აქტივობებთან დაკავშირებით, სიტუაციას ამწვავებს და ქმნის ადამიანის გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლების შელახვის რისკს.
Amnesty International მოუწოდებს საქართველოს კონტროლის პალატასა და შესაბამის სახელმწიფო უწყებებს, უზრუნველყოს, რომ კონტროლის პალატამ თავის უფლება – დაკითხოს ფიზიკური პირები – გამოიყენოს კანონის ფარგლებში. ასევე, ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ პირები ადამიანთა უფლებების სრული პატივისცემითა და მათი შეუზღუდავი უფლებით დაიკითხონ და ისარგებლონ იმ ადვოკატით, ვინც თავად სურთ.”
ამავე თემაზე:
აშშ-ის ელჩი საქართველოში კონტროლის პალატის აქტივობების შესახებ
ომბუდსმენი კონტროლის პალატის ქმედებების გამო სავარაუდო დარღვევებზე
“ეს შენ გეხება” კონტროლი პალატის ქმედებებზე
ეთიკის ქარტია ჟურნალისტების შეზღუდვას აპროტესტებს
საია კონტროლის პალატას დაკითხვაზე მოქალაქეების უფლებების დაცვისკენ მოუწოდებს