აშშ-ის ელჩი საქართველოში, ჯონ ბასი ფეისბუქზე გამოეხმაურა საქართველოში კონტროლის პალატის ბოლოდროინდელი აქტივობების გარშემო წარმოქმნილ სადავო საკითხებს.
“ფინანსებთან დაკავშირებული კანონმდებლობის ამოქმედების კუთხით ნათელი სახელმძღვანელო პრინციპების უქონლობა ვერ გაზრდის ამ ინსტიტუტისადმი საზოგადოების ნდობასა და ვერ უზრუნველყოფს კონკურენტული საარჩევნო გარემოს შექმნას,” – ასეთია ჯონ ბასის შეფასება.
შეგახსენებთ, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში შესული ცვლილებების შედეგად კონტროლის პალატა აწარმოებს პოლიტიკური გაერთიანებებისა და მათთან დაკავშირებული ფიზიკური და იურიდიული პირების მონიტორინგს, თუმცა ჯერ-ჯერობით სანქციებს აღნიშნული უწყება მხოლოდ “ქართული ოცნებისა” და მისი მხარდამჭერების მიმართ იყენებს.
11 მარტს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოქალაქეები მასობრივად დაიბარეს კონტროლის პალატის წარმომადგენლებმა ახსნა-განმარტების მისაცემად. ისინი, ვინც არ გამოცხადდნენ ახსნა-განმარტებისთვის, გუშინ შს სამმართველოებში დაიბარეს დასაკითხად.