კომენტარი

“ტექნოკრატები გამოცდილი პოლიტიკოსების ნაცვლად” – “ქართული ოცნების” განახლება

13 ივლისი, 2016 • 1887
“ტექნოკრატები გამოცდილი პოლიტიკოსების ნაცვლად” – “ქართული ოცნების” განახლება

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ლიდერმა, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში პარტიის ახალი საარჩევნო სახეები წარადგინა. მოახერხა თუ არა “ქართულმა ოცნებამ” განახლება და რა ნიშნით არიან შერჩეულები ახალი სახეები? – ნეტგაზეთის შეკითხვებს პოლიტოლოგი გიორგი ცხადაია პასუხობს:

“ქართულმა ოცნებამ” დღეს საზოგადოებას წარუდგინა ახალი საარჩევნო სახეები, რომელთა დიდი ნაწილი მანამდე კოალიციის მიერ ფორმირებული მთავრობის სხვადასხვა საჯარო სტრუქტურაში მუშაობდა საკმაოდ მნიშნელოვან თანამდებობებზე. რამდენად შეგვიძლია აქ განახლებაზე საუბარი?

ჩვენ ჯერ არ ვიცით, ვინ რა პოზიციაზე იქნება საარჩევნო სიაში, ამიტომ, სანამ მთლიანად არ ვნახავთ სიას, მას სრულად ვერ შევაფასებთ. რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს უკვე წარმოადგინეს, ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი არა პროფესიონალი პოლიტიკოსები, არამედ ბიუროკრატები და ფუნქციონერები არიან. ცხადია, ეს აპრიორი ცუდს არაფერს ნიშნავს, უბრალოდ, მიუთითებს იმაზე, რომ დამოუკიდებლად თითოეული მთაგანის პოლიტიკური წონა ძალიან მცირეა, შეიძლება  ითქვას, უმნიშვნელოც კი… ალბათ ამას მხოლოდ ირაკლი კობახიძეზე ვერ ვიტყვით, რომელიც საზოგადოებისთვის შედარებით უფრო ცნობილია, როგორც პოლიტიკოსი.

ამას ალბათ საწყის ეტაპზე გულისხმობთ ხომ, თორემ შემდეგ ვინ როგორ გამოავლენს თავს პოლიტიკაში, არავინ იცის…

ვინ როგორ გამოავლენს თავს, ეს ცალკე საკითხია. თამარ ჩუგოშვილზეც ვიტყოდი, მას საზოგადოება იცნობს და ირაკლი კობახიძე, რომელიც პარტიის აღმასრულებელი მდივანი იყო.

პრინციპში თალაკვაძეც გვინახავს სხვადასხვა ეთერში, მათ შორის დებატებზე..

რა თქმა უნდა, თუმცა ის პოლიტიკოსი მაინც არ არის, ჩემი აზრით.

რაც შეეხება სხვა საკითხებს, ეს სია თითქოს ისეა დაკმოპლექტებული, რომ ხაზი გაუსვას ამ ადამიანების კვალიფიკაციას… არა პოლიტიკურ გამოცდილებას, არამედ [პროფესიულ] კვალიფიკაციას.  ვიღაცას შესაძლოა პოლიტიკური გამოცდილება ჰქონდეს, მაგრამ კვალიფიკაციის ნიშნით არ იყოს გამორჩეული, აქ პირიქითაა: ყველას აქვს გარკვეული ტიპის პროფესიული მიღწევები თავის სფეროში. ისინი მუშაობდნენ გარკვეულ თანამდებობებზე, როგორც წესი, დასავლეთში აქვთ დამთავრებული უნივერსიტეტები, ან მუშაობდნენ ევროკავშირთან დაახლოების მიმართლებით. ანუ, სავარაუდოდ, მეტ-ნაკლებად ინტერნაციონალიზებული ხედვა ექნებათ. ჩემი აზრით, კანდიდატების ამ ნიშნით შერჩევა განპირობებულია იმით, რომ ენმ-ის პირველი ათეულიც სწორედ ასეთი ნიშნითაა დაკომპლექტებული. ჩემი აზრით, “ქართულმა ოცნებამ” ჩათვალა, რომ ამ ეტაპზე რესპექტაბელურობის ნიშნით კონკურენცია უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე პროფესიონალი პოლიტიკოსები. მათი აზრით, რესპექტაბელურ პარტიას უფრო დადებითად შეხედავს ამომრჩეველი, ვიდრე პარტიას, რომელშიც მხოლოდ პროფესიონალი პოლიტიკოსები არიან.

ამ კუთხით NDI-ის რეიტინგებს თუ გავიხსენებთ, იმ ადამიანების პერსონალური რეიტინგები, ვისაც თქვენ პროფესიონალ პოლიტიკოსებს უწოდებთ, არცთუ ისე მაღალია.

რა თქმა უნდა, ისიც მნიშვნელოვანია, რომ ძველი პოლიტიკოსების რეიტინგი დაბალია. “ქართულ ოცნებას”, ცხადია, ვიღაცების რეაბილიტაცია შეეძლო, მაგრამ არ გარისკა. ეს ძალიან მნშვნელოვანი არჩევნებია, სადაც გამოჩნდება, ჰყავთ თუ არა პარტიებს სტაბილური ამომრჩეველი. 2012 წელს ეს არ გარკვეულა. მაშინ ვერ გაიგებდი, ხმა წინა რეჟიმის წინააღმდეგ მისცეს, თუ ქართული ოცნების სასარგებლოდ. ახლა ხმას მისცემენ უფრო არა რეჟიმის წინააღმდეგ, არამედ პარტიების სასარგებლოდ და გავიგებთ, ვინ სად არის საქართველოში, ვის რამდენი ამომრჩეველი ჰყავს.

ჩემი აზრით, ამ პარტიის მესვეურებმა დაინახეს, რა მიმართულებით წავიდა ნაციონალური მოძრაობა და ჩათვალეს: იყო ამაში ლოგიკა, რომ ისინიც არა პოლიტიკოსების, არამედ პროფესიონალების რეკრუტირებით დაკავბულიყვნენ, რომლებსაც მაღალი  პროფესიული კვალიფიკაცია აქვთ. საქართველოში ამომრჩეველი პარტიებს იდეოლოგიების მიხედვით არ აფასებს. აქ ბევრი ამბობს: ერთი საქმის გამკეთებელია და მეორე არაო. დასავლეთში, სადაც უკვე დემოკრატიის შემდგარი ტრადიციაა, არავინ იტყვის, რომ ქრისტიან-დემოკრატები გერმანიაში კვალიფიციურები არიან და სოციალ-დემოკრატები არაო. ჩვენთან ეს კრიტერიუმი ძალაშია და, შესაბამისად, ტექნოკრატიული კუთხით წავიდა “ქართული ოცნებაც”.

არჩევნები მაინც პოლიტიკური ორთაბრძოლაა თავისი დებატებით. თქვენი აზრით, გარისკავს ოცნება, რომ მხოლოდ ამ, როგორც თქვენ თქვით, ტექნოკრატებზე დადოს ფსონი, თუ მოუწევს გუნდის დაბალანსება ძველი, გამოცდილი სახეებით?

ალბათ, დებატებისთვის სხვა შედარებით გამოცდილი პოლიტიკოსები ეყოლებათ. რა თქმა უნდა, ახალი სახეები თავიანთ თავებს შეამოწმებენ და ნახავენ, ვის რა შეუძლია პოლიტიკურ დებატებში, მაგრამ იქ ალბათ უფრო აფილირებულ ექსპერტებს ან ძველ, ნაკლებად ოდიოზურ სახეებს გაუშვებენ.

კიდევ ერთი რამ, რაზეც მე ყურადღების გამახვილება მინდა, არის გენდერული საკითხი: 15-დან 8 ქალია და 7 კაცი. არ მგონია, რომ ეს შემთხვევით მომხდარიყო. რეალურად ქართულ პარტიებში გადაწყვეტილებას იღებს რამდენიმე ადამიანი, რომლებიც შეიძლება რაიმე პარტიულ თანამდებობას არც იკავებდნენ . ასეთ პირობებში გენდერულ თანასწორბაზე საუბარი მართებული არ იქნება. გენდერული თანასწორობა ნიშნავს იმას, რომ ძალაუფლება ქალებსა და მამაკაცებს შორის თანაბრადაა განაწილებული. აქ ასე ნამადვილად არ იქნება. ცოტა რთულადაა ეს საკითხი ქართულ პარტიებში, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ამ კონკრეტულ პარტიას ჰყავს ერთი დამფინანსებელი, რომელიც შესაძლოა ბევრ რაღაცას თვითონ წყვეტს. ეს არ ნიშნავს, რომ პარტიაში ამ ნაბიჯით გენდერული თანასწორობა მიიღწევა, მაგრამ ამაზე რომ იფიქრეს, ეს უკვე კარგია, ანუ მუხტს გრძნობენ. ალბათ იმაზეც უნდა დაფიქრდნენ, რომ ამომრჩევლის ნახევარზე მეტი არის ქალი… ეს წმინდა პრაგმატული კუთხით, რაც შემდეგ გენდერულ თანასწორობას მორალური კუთხითაც დაეხმარება.

არსებობს ბიძინა ივანიშვილი, რომელზეც არის სერიოზული კითხვები და ვარაუდები, რომ რელაურად ის არის ისევ ამ პარტიის [და არამხოლოდ პარტიის] რეალური ლიდერი და მმართველი. არაფორმალური მმართველობის პირობებში რამდენად მოახერხებს ეფექტურად მუშაობას რაიმე გუნდი, რაც არ უნდა პროფესიონალი კადრებით იყოს ის დაკომპლექტებული?

იმისათვის, რომ მთავრობამ ეფექტურად იმუშაოს, საჭიროა, რომ გუნდი იდეებზე იყოს შეთანხმებული და რეალური ძალაუფლება ჰქონდეს. ასეთი რამ ამ შემთხვევაში ვერ იქნება.  არაფორმალურმა მმართველობამ შეიძლება ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი დატოვოს. მაგალითად, მე ვარ საჯარო უწყება და ვატარებ რაღაც კონკურსს, ვინ უნდა ჩავრიო ამაში? მე მაქვს უფლება, რომ ეს ჩემით გავაკეთო, თუ ვიღაც სხვა დგას ჩემს ზევით და ბატონ ბიძინას უნდა გავაცნო?! ასეთი დილემების შესახებ ხშირად გამიგია. თვითონაც აღიარა, რომ ვიღაცები ურეკავენ და რაღაცებს უყვებიან. ეს შემოწმებას ნიშნავს. რატომ უყვებიან მას? მე რატომ არ მიყვებიან?! ეფექტურობა, ცხადია, დაიკლებს. ვინ არის მმართველი? ვაი და ის არ იღებდეს გადაწყვეტილებას, ვინც მე მგონია და რაიმე გავაფუჭო? ყველაფერზე არა, მაგრამ შეიძლება  მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე ასეთ დილემები გაჩნდეს.

შიდა პარტიულ დემოკრატიაზეც მინდა ვთქვა, რომ ეს განახლება ორივე პარტიაში [ქართული ოცნება და ენმ] არ ნიშნავდა იმას, რომ ისინი უფრო დემოკრატიულები გახდნენ… ეს უფრო ფასადური განახლებები იყო. მათ უფრო მეტი ინტერესი უნდა მიეღოთ პარტიის შიგნით მხედველობაში.

ქართული ოცნების სიის ფორმირების პროცესზე ინფორმაცია არ გავრცელებულა, თუმცა ენმ-ის წევრები ალბათ შეგეკამათებოდნენ, რომ მათ კანდიდატები სწორედაც რომ შიდა დემოკრატიული პრინციპების დაცვით შეარჩიეს იმავე რეგიონების დონეზე…

თუმცა პარტიის სიის ათეულზე იგივე ვაშაძე ამბობდა, რომ რეალურად პარტიის რამდენიმე წევრი შეთანხმდა განახლებაზე და სხვების ინტერესი არ გაითვალისწინესო. ამაში შეიძლება არის სიმართლის მარცვალი. ამ პარტიების სიებში იმდენად პოლიტიკურად არაწონადი ფიგურები არიან შესული, რომ ვერ ვხედავ ლოგიკას, როგორ შეეძლოთ მათ ამხელა წარმატებისთვის მიღწევა, როცა უფრო წონადი  ფიგურები არიან იმავე პარტიებში. ეს მაფიქრებინებს, რომ ვიღაცებმა უბრალოდ თქვეს, რომ სიებში ეს ადამიანები იქნებიანო და ამაზე კამათი არ დაიწყო. სხვა შემთხვევაში ეს ბევრ კამათს გამოიწვევდა და ამის გამო ძალიან ბევრ ქვეყანაში სხვა მეთოდებით ხდება კანდიდატების შერჩევა და სხვადასხვა ინტერესს ითვალისწინებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი