კომენტარი

ეს შენ გეხება

13 თებერვალი, 2012 • 1129
ეს შენ გეხება

არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები, ვაცნობიერებთ რა სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების მნიშვნელობას, კატეგორიულად მიუღებლად მივიჩნევთ ამ საკითხთან დაკავშირებით 2011 წლის დეკემბერში მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც:

  • ზღუდავს სამოქალაქო აქტივობას, საკუთრების უფლებას, გამოხატვისა და პოლიტიკური საქმიანობის თავისუფლებას, აფერხებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას;
  • მძიმე და გაუმართლებელ პასუხისმგებლობას აკისრებს ამომრჩეველს;
  • განუსაზღვრელ და არაკონსტიტუციურ უფლებამოსილებებს ანიჭებს პარტიების დაფინანსების მთავარ მაკონტროლებელს – საქართველოს კონტროლის პალატას;
  • სერიოზულ საფრთხეებს უქმნის როგორც თითოეულ მოქალაქეს, ისე სამოქალაქო საზოგადოებას, მათ შორის, მედიას;
  • აუარესებს საარჩევნო გარემოს ქვეყანაში.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოვითხოვთ საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას.

სამოქალაქო საზოგადოების კამპანიის „ეს შენ გეხება“ დაწყების წინაპირობა

2011 წლის დეკემბრის ბოლო დღეებში მიღებულმა კანონმდებლობამ, კერძოდ, პარლამენტის მიერ  „პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში, ასევე საარჩევნო და სისხლის სამართლის კოდექსებში შეტანილმა ცვლილებებმა, მნიშვნელოვნად გააუარესეს წინასაარჩევნო გარემო. მიღებული ცვლილებები, თავისი არსით, კარდინალურად ეწინააღმდეგება საქართველოს ხელისუფლების განცხადებებს საარჩევნო გარემოს და კანონმდებლობის გაუმჯებესების, ამ კუთხით დემოკრატიული პროცესების განვითარების თაობაზე.

მიღებული  საკანონმდებლო ცვლილებები  იურისტებისთვისაც კი ძალიან ბუნდოვანია, იძლევა ფართო ინტერპრეტაციის საშუალებას, არ არის ადვილად შესრულებადი და განჭვრეტადი, არ უზრუნველყოფს თანაბარ პირობებს პოლიტიკური სუბიექტებისათვის.  რაც ყველაზე მთავარია, ზედმეტად „გამკაცრებული“ და გაუმართლებელი სანქციებით საფრთხე ექმნებათ რიგით ამომრჩევლებს, ბიზნესისა თუ  სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს.

ჯერ კიდევ არ არის გარკვეული და გაანალიზებული  ახლადმიღებული ცვლილებებით გამოწვეული რისკები,  საზოგადოება სათანადოდ არ არის ინფორმირებული მოსალოდნელი შედეგების შესახებ,   რომელიც კანონით დადგენილი ახალი წესებით და შეზღუდვებით ნებისმიერ  ამომრჩეველს ან იურიდიულ პირს შეიძლება შეეხოს.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, არჩევნებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მედიასაშუალებების დიდი ნაწილი და ექსპერტები აუცილებლად მიიჩნევენ დღეს არსებული ვითარების გამოსწორების და წინასაარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისათვის გარკვეული აქტივობების განხორციელებას, რისთვისაც ისინი იწყებენ კამპანიას „ეს შენ გეხება“.

კამპანიის „ეს შენ გეხება“ მონაწილეები:

კამპანიაში ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციები, მედიასასშუალებების წარმომადგენლები თუ ექსპერტები  არ  გამოხატავენ  არც ერთი პოლიტიკური სუბიექტის ინტერესს და არ არიან რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის ინტერესების გამტარებლები.

კამპანიის „ეს შენ გეხება“   მიზანი

მოქალაქეთა აქტიური მონაწილეობით და ჩართულობით საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლა  და კონკურენტუნარიანი, ამომრჩევლებისათვის მისაღები წინასაარჩევნო გარემოს  ჩამოყალიბება.

კამპანიის „ეს შენ გეხება“ მიმართულებები:

1. მიმდინარე წინასაარჩევნო პროცესების, კანონმდებლობის ხარვეზებისა და მისგან გამომდინარე საფრთხეების შესახებ ფართო საზოგადოების  ინფორმირება;

2. სამოქალაქო სექტორის მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის მომზადება და მისი ლობირება; შეხვედრები საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან;  სარჩელის მომზადება საკონსტიტუციო სასამართლოსთვის და სხვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი