კომენტარი

რაც ჩაიტანა, ის ჩამოიტანა საქართველოს დიდმა დესპანმა

31 იანვარი, 2012 • 1211
რაც ჩაიტანა, ის ჩამოიტანა საქართველოს დიდმა დესპანმა

რამდენიმე კვირა მთელი საქართველო მოუთმენლად ელოდა მიხეილ სააკაშვილისა და ბარაკ ობამას შეხვედრას. ხელოვნურად ისეთი განწყობა შეიქმნა, თითქოს ამ შეხვედრაზე უნდა გადაწყვეტილიყო საქართველოს მომავალი. ყველა მასშტაბურ „ივენთს“ ელოდა, მაგრამ შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ იგი სულ რაღაც 15 წუთი გაგრძელდებოდა. „სიურპრიზმა“ ქართულ საზოგადოებაში დიდი მოლოდინი დიდ დისკუსიაში გადაზარდა. შეხვედრას მრავალნაირი ინტერპრეტაცია გაუკეთდა, თუმცა ფაქტი ერთია, მოლოდინი გადაჭარბებული გამოდგა, 15– წუთიან შეხვედრებზე არ წყდება არც ისეთ ფართომასშტაბიან კონფლიქტში ჩართვა, როგორიც შეიძლება ირანში განვითარდეს და არც ხელისუფლების გადაბარების საკითხები. ეს შეხვედრა, მისი ფორმატიდან გამომდინარე, იყო მხოლოდ და მხოლოდ იმ ფაქტზე ხაზის გასმა, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის საქართველო კვლავ მოკავშირე ქვეყნად რჩება, თუმცა აქ მნიშვნელოვანია ერთი საკითხი, საუბარია საქართველოზე, როგორც ქვეყანაზე და არა კონკრეტულ პიროვნებაზე ან ჯგუფზე. საქართველოსთან მოკავშირეობა კი თეთრი სახლისთვის საინტერესოა რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით.

 

პუტინის მიერ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატურის წამოყენებამ და საპარლამენტო არჩევნების გაყალბებამ დასავლეთს დაანახა, რომ მისი პირველ პირად დაბრუნება თითქმის გარდაუვალია. ამის პარალელურად არცთუ წარმატებით მიმდინარეობს გადატვირთვის პოლიტიკა, რაც ანტისარაკეტო სისტემის განთავსებასთან თუ სირია-ირანთან დაკავშირებულ საკითხებშიც გამოჩნდა. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რუსეთსა და ამერიკას შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გამწვავდეს. ამ დროს კი თითოეულ მოკავშირეობას მნიშვნელობა აქვს ორივე ქვეყნისთვის, განსაკუთრებით კი ისეთი გეოსტრატეგიული მდებარეობის ქვეყნის მოკავშირეობას, როგორიც საქართველოა.

ვაშინგტონისთვის საქართველოსთან ურთიერთობა მნიშვნელოვანია ირანთან მიმართებაშიც. გადაჭარბებულია მოსაზრება იმის შესახებ, თითქოს აშშ და ისრაელი თეირანთან შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვევაში კავკასიაში ბაზებს შექმნიან და საჰაერო იერიშები საქართველოდან განხორციელდება. საქართველო პირდაპირ არ ესაზღვრება ირანს, სომხეთი და აზერბაიჯანი კი, ნაკლებსავარაუდოა, რომ საჰაერო სივრცეს დაუთმობენ ისრაელ-აშშ-ის სამხედრო საჰაერო ძალებს. თურქეთმაც, ნატოს წევრობის მიუხედავად, კატეგორიულად გამორიცხა მისი ტერიტორიიდან ირანზე დარტყმების მიყენების ალბათობა. შესაბამისად, საქართველოს პოტენციურ სამხედრო ბაზად მოხსენიება  არამიზანშეწონილია. საქართველო თეთრი სახლისთვის მნიშვნელოვანია არა როგორც ირანში საჰაერო იერიშების განხორციელების პლაცდარმი, არამედ მასში დესტაბილიზაციის შესატანი მარშრუტი. ვაშინგტონის არაოფიციალური მითითებით, საქართველომ სავიზო რეჟიმი გააუქმა ირანთან და საჭიროების შემთხვევაში თეთრი სახლი ამ გზას გამოიყენებს ირანში ოპოზიციის დასახმარებლად ფინანსებისა და ინსტრუქტორების შესაგზავნად.

გარდა ამისა, საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობა ამერიკისთვის მნიშვნელოვანია ენერგორესურსებიდან გამომდინარეც. კასპიის რეგიონი მსოფლიო ენერგოპოლიტიკაში სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, საქართველოსი კი, როგორც სატრანზიტო ქვეყნის როლი, გასათვალისწინებელია. ამ საკითხებზე ათეული წლების წინ საუბრობდა ზბიგნევ ბზეჟინსკი, რომლის გავლენაც ვაშინგტონის საგარეო პოლიტიკაზე დღესაც საკმაოდ დიდია.

აქვე გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ზემოხსენებული ფაქტორები  თეთრი სახლისთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ არა სასიცოცხლო. რაც უნდა უცნაურად ჩანდეს, ირანის მისამართით აგრესიული რიტორიკის მიუხედავად, აშშ ფინანსური კრიზისიდან გამომდინარე ახლო მომავალში საერთაშორისო ასპარეზზე ავანტიურისტული ნაბიჯების გადადგმისგან თავს შეიკავებს, ამ მხრივ თეთრ სახლს უკვე გააჩნია ერაყისა და ავღანეთის მწარე გამოცდილება. ვაშინგტონი ასევე (მო)ერიდება ურთიერთობის ესკალაციას მოსკოვთანაც, ამიტომაც დროის მოკლევადიან პერსპექტივაში აშშ-ს საქართველოსთან მოკავშირეობის ახალ სტადიაში გადაყვანა არ აინტერესებს, თუმცა, პოტენციური საჭიროებიდან გამომდინარე, არც ურთიერთობის გაცივება შედის მის ინტერესებში. შესაბამისად, თეთრი სახლი პერიოდულად აწყობს ხოლმე მაღალი თუ დაბალი რანგის შეხვედრებს, რათა საქართველო სასურველ დისტანციაზე შეინარჩუნოს.

სწორედ ერთ–ერთი ასეთი შეხვედრა გაიმართა ობამასა და სააკაშვილს შორის, რომელიც ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობის ოცი წლისთავს მიეძღვნა.  რაც შეეხება ორ პრეზიდენტს შორის გამართულ მოკლე საუბარს, ყურადღება გამახვილდა საქართველოში დემოკრატიის პროგრესის შესახებ, რაც უახლოესი დღეების განმავლობაში წამყვან ქართულ ტელეარხებზე უსასრულოდ იტრიალებს, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ საუბრის ეს სტილი დამახასიათებელია ამგვარი შეხვედრებისთვის. რაც შეეხება თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას, საქართველოს წარმოებითი პოტენციალი იმდენად სუსტია, რომ ამ შეთანხმებას განსაკუთებული მნიშვნელობა  მისთვის არ გააჩნია, ამერიკული პროდუქცია კი აქამდეც დაუბრკოლებლივ შემოდიოდა ქართულ ბაზარზე.

შესაბამისად,  საქართველოს მიერ ამ შეხვედრაში მიღწეულ წარმატებად შეგვიძლია ჩავთვალოთ ობამასთვის კიდევ ერთხელ ხელის ჩამორთმევა.

ვასო კუჭუხიძე
ვასო კუჭუხიძე

ავტორის შესახებ

ვასო კუჭუხიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი