განათლებისა და მეცნიერების მინისტრის #837 ბრძანების შესახებ, რომელიც სამინისტროს ნებართვის გარეშე ტრენინგებს, სემინარებისა და ლექციების ჩატარებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებს უკრძალავს, ნეტგაზეთთან შალვა ტაბატაძე, სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის თავმჯდომარე საუბრობს.
“სამინისტროს მიერ ტრენინგებზე, სემინარებისა და ლექციების ჩატარებაზე ნებართვას აქვს დადებითი მხარეები და რისკების შემცველი ფაქტორებიც. ამ გადაწყვეტილების რაციონალური მარცვალი შემდეგი მიმართულებებითაა:
ა) მომრავლებული ტრენინგ–პროგრამები. ანუ ორგანიზაციები უფასოდ ატარებენ ტრენინგებს მასწავლებლებისთვის. ამ ტრენინგის ხარისხზე საუბარი რთულია. უხარისხოდ და არა კვალიფიციურად ჩატარებული ტრენინგი ხშირად უკუშედეგების მომტანია;
ბ) მასწავლებლის დროის არარაციონალური გამოყენება. ხშირად მასწავლებლები სასწავლო პროცესს წყდებიან, რათა დაესწრონ ამა თუ იმ ტრენინგს. ტრენინგები კი ხშირად არაფრისმომცემია და აზარალებს სასწავლო პროცესს, რადგან მასწავლებელი იძულებულია, გააცდინოს გაკვეთილი;
გ) დღევანდელი რეალობით სკოლის ადმინისტრაცია და მასწავლებლები არასათანადოდ არიან მომზადებულნი, რათა განსაზღვრონ საჭიროებები და მონაწილეობა მიიღონ საჭიროებების შესაბამის პროფესიული განვითარების პროგრამებში. შესაბამისად, არაეფექტურად ხდება დროისა და რესურსების ხარჯვა.
რაც შეეხება რისკ-ფაქტორებს:
ა) ქმნის საფრთხეებს, რომ შეიქმნას მონოპოლიზირებული მდგომარეობა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამებში, თუნდაც სახელმწიფოს მხრიდან. კონკურენციის შემცირება აისახება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამების დახვეწასა და და ხარისხზე;
ბ) ქმნის რისკების შესაძლებლობებს, რომ შეეზღუდოთ საქმიანობა გარკვეულ სერვისის მიმწოდებლებს და ტრენინგების ჩატარებაზე ნებართვის ვალდებულება მათი კონტროლის ინსტრუმენტად შეიძლება იქნას გამოყენებული;
გ) მასწავლებლებსა და სკოლებს შესაძლებელია ნაკლებად მიეცეთ შესაძლებლობა, თვითონ მოახდინონ თავიანთი საჭიროებების შეფასება და თვითონვე დაგეგმონ მასწავლებელთა პროფესიული განვითარება;
ამასთანავე, მინდა აღვნიშნო, რომ ტრენინგის, სემინარის ან ლექციის ჩატარებაზე სამინისტროს ნებართვის აღების ვალდებულება არ გულისხმობს ასეთი ღონისძიებების ჩატარების შეზღუდვას სამინისტროს მიერ. საკუთარი ორგანიზაციის პრაქტიკიდან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ 2010 და 2011 წლებში არაერთი ტრენინგი ჩაგვიტარებია და მათ ჩატარებაში სამინისტროს მხრიდან პრობლემა არ შეგვქმნია. ხშირად პირიქით, ორგანიზაციულ დახმარებაც აღმოუჩენიათ.
ამ საკითხის გარშემო დისკუსიას მივყავართ განათლების სამინისტროს 2004-2008 წლების პოლიტიკასა და 2010-2012 წლების პოლიტიკას შორის არსებული სხვაობების დისკუსიამდე, კერძოდ:
2004-2007 წლები: პოლიტიკა მიმართული იყო მაქსიმალური დეცენტრალიზაციისკენ, სკოლები დამოუკიდებლად წყვეტდნენ სახელმძღვანელოების, პროფესიული განვითარების, თვითმმართველობის, ფინანსურ და მრავალ საკითხს. კერძო გამომცემლობები ვითარდებოდნენ კონკურენტული გარემოს პირობებში, სახელმძღვანელოს ავტორები ხვეწდნენ სახელმძღვანელოს წერის კულტურას, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროვაიდერები ვითარდებოდნენ და კერძო სეგმენტი წახალისებული იყო.
თუმცა პარალელურად არსებობდა მასწავლებელი და სკოლა, რომელიც არაკვალიფიციურად ანხორციელებდა მისთვის დელეგირებულ უფლებამოსილებებს– ხარვეზებით დაწერილი სახელმძღვანელოები, მრავალი არაკვალიფიციური მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამა და ა.შ. ანუ ყველა ის დადებითი მხარე, რასაც 2004-2007 წლების პოლიტიკა მოიტანდა გრძელვადიან პერსპეტივაში, ხორციელდებოდა კონკრეტული მოსწავლეების დაზარალების ხარჯზე…
2010-2012 წლებში პოლიტიკა შეიცვალა. მთავარი აქცენტი კეთდება მიწოდებული სერვისის მაქსიმალურ კონტროლზე, თუნდაც კონკურენციის და განვითარების შემცირების ხარჯზე.
ჩემი აზრით, ორივე ამ მიდგომას აქვს თავისი რაციონალური მარცვლები. თუმცა– პირველს აქვს მინუსი, რომ რეფორმები ხორციელდება კონკრეტულ მოსწავლეთა დაზარალების ხარჯზე; მეორეს აქვს მინუსი, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში სხვადასხვა მიმართულებების განვითარება კონკურენციის თუ კერძო სექტორის განვითარების ხარჯზე შეზღუდულია. ალბათ, ყველაზე უპრიანია ისეთი პოლიტიკის დაგეგმვა, რომელიც ორივე ჩემ მიერ ზემოთგანხილულ მიმართულებას პარალელურ რეჟიმში მოიცავს. აღნიშნულის რეალიზება კი საკმაოდ რთული ამოცანაა.”