კომენტარი

კანონი, რომლითაც შესაძლოა ამომრჩეველი დააპატიმრონ

26 იანვარი, 2012 • 1166
კანონი, რომლითაც შესაძლოა ამომრჩეველი დააპატიმრონ

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” წარმომადგენლის, ლელა ტალიურის შეფასებით, “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ” კანონის 261 მუხლის პუნქტები არ იძლევა კანონის ნათლად აღქმის საშუალებას და იძლევა სხვადასხვანაირ ინტერპრეტირებას. რა შეზღუდვები დაუწესდება პარტიასთან დაკავშირებულ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს, ვინ შეიძლება მივიჩნიოთ პარტიასთან დაკავშირებულ ფიზიკურ პირად, ვის ეკრძალებათ ქველმოქმედების განხორციელება აღნიშნული კანონის ძალით? აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით “ნეტგაზეთს”  ესაუბრა “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” საარჩევნო პროექტების კოორდინატორი, ლელა ტალიური.

“მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ” კანონის 261 მუხლი, არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, იძლევა სხვადასხვანაირ ინტერპრეტირების საშუალებას.  ამ პოზიციას პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე არ ეთანხმება. ქალბატონო ლელა, უფრო ნათლად რომ განმარტოთ, რა შეზღუდვები დაუწესდება კანონის ამ ჩანაწერით პარტიასთან დაკავშირებულ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს?

პარტიასთან დაკავშირებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე წესდება ყველა შეზღუდვა, რომელიც დაკავშირებულია ფინანსებთან, ქონებასთან და მონიტორინგის ვალდებულებასთან; უნდა გახდეს ესა თუ ის ფიზიკური ან იურიდიული პირი ვალდებული, რომ, შესაბამისად, წარადგინოს თავისი ფინანსური საქმიანობის შესახებ ანგარიში კონტროლის პალატასთან. ანუ ვინაიდან პარტიებს ამონიტორინგებს კონტროლის პალატა, ყველა ეს შეზღუდვა, ამავდორულად, უკავშირდება პარტიებთან დაკავშირებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს.

საქმიანობას რაც შეეხება, პარტიას, როგორც ვიცით, არ აქვს უფლება, განახორციელოს სამეწარმეო საქმიანობა და მოგება მიიღოს. თუ კანონი გვეუბნება, რომ პარტიისთვის დადგენილი ეს შეზღუდვები ასევე ვრცელდება პარტიასთან დაკავშირებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, მაშინ გამოდის, რომ ყველა იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირს, რომელიც სამეწარმეო საქმიანობას ეწეოდა, ამიერიდან აეკრძალება სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა.

კანონი გვეუბნება, რომ თუ პარტიის წლიური შემოსავალი არასამეწარმეო საქმიანობიდანაა მიღებული (დავუშვათ, დამხმარე საქმიანობით აქვს მიღებული), არ უნდა აღემატებოდეს 60 ათასს ლარს წელიწადში. გამოდის, რომ ფიზიკური და იურიდიული პირების წლიური არასამეწარმეო შემოსავალი ასევე 60 ათასს არ უნდა აღემატებოდეს.

კანონში ასევე წერია, რომ პარტიას არ აქვს უფლება, აიღოს სესხი, კრედიტი არც ფიზიკური და არც იურიდიული პირებისგან. შესაბამისად, არის ცალკეული შემთხვევა, როდესაც საარჩევნო პირად რეგისტრირდება პარტია, მაშინ შეუძლია, რომ კომერციული ბანკიდან სესხი აიღოს. თუ ზოგადი ჩანაწერია, რომ პარტიას არ აქვს უფლება სესხის ან კრედიიტს აღების, გამოდის, რომ ვერც ის ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც პარტიასთან დაკავშირებულებად ჩაითვლებიან, ვერ აიღებენ ასეთ სესხს.

ვინ შეიძლება მივიჩნიოთ პარტიასთან დაკავშირებულ ფიზიკურ პირად?

261 მუხლის “გ” პუნქტში ნათქვამია, გაცხადებული პოლიტიკური მიზნებისა და საარჩევნო ამოცანების მქონე პირი ყოფილა თურმე ფიზიკური პირი, რომელსაც აქვს გაცხადებული პოლიტიკური და საარჩევნო მიზნები. ასევე, მასთან დაკავშირებული პირი, ასევე საქმიან ურთიერთობაში მყოფი პირი, რომელსაც აქვს პოლიტიკური მიზნები და ამოცანები, ან ახორციელებს ისეთ საქმიანობას, რომელიც გავლენას ახდენს არჩევნებში საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური ნების გამოვლენაზე და ეს ქმედებები ხორციელდება ამ კანონის რეგულაციებისთვის გვერდის ავლის მიზნით.

ეს კანონი კონკრეტულ მაგალითში შეიძლება ასე წარმოჩინდეს. შეიძლება იყოს ასეთი შემთხვევა, რომ ნებისმიერი ბიზნესკომპანია, რომელიც წარმომამდგენლის ან სხვა პირის მეშვეობით გამოხატავს სიმპათიას კონკრეტული პარტიის მხარდასაჭერად. მაგალითად, გამოვიდა ერთ–ერთი იურიდიული პირის წარმომადგენელი, თუნდაც დირექტორი ან გენერალური დირექტორი და დააფიქსირა პოზიცია, რომ მხარს ვუჭერ “ნაციონალურ მოძრაობას”. ამ შემთხვევაში მის კომპანიას იგივე შეზღუდვები დაუწესდება, რაც პარტიებს. ის ვეღარ განახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას, მოგებას ვეღარ მიიღებს და სხვა საქმიანობის შემთხვევაში წლის განმავლობაში მისი მაქსიმუმი 60 ათასი ლარი იქნება.

რაც შეეხება ქველმოქმედების განხორცილების შესაძლებლობებს. ვის ეკრძალება ქველმოქმედების განხორციელება აღნიშნული კანონის ძალით?

არასამეწარმეო ორგანიზაცია, მაგალითად, ფონდი, რომელიც ეწევა საქველმოქმედო საქმიანობას, ანუ ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც აქვს გაცხადებული პოლიტიკური მიზნები და ამოცანები, ეწევა ქველმოქმედებას, ის ვეღარ განახორციელებს ქველმოქმედებას, იმიტომ, რომ პარტიას ქველმოქმედების განხორცილების უფლება არ აქვს. 51 მუხლით პარტიას განუსაზღვრეს, რისი განხორციელება ეკრძალება როგორც საარჩევნო, ასევე, არასაარჩევნო პერიოდში. და თუ, შესაბამისად, ის ამ საქმიანობას გააგრძელებს, ამუშავდება მთელი რიგი სანქციები: დაჯარიმებები, უკანონო შემოსავლის მიღების შემთხვევაში თუ მოსყიდვის მუხლი დაუკვალიფიცირდა, უშუალოდ სისხლის სამართლებრივად პარტიას არავინ დასჯის, მხოლოდ ისჯება იურიდიული პირი, თუ მან პარტიის სასარგებლოდ მოისყიდა ამომრჩეველი და თვითონ ამომრჩეველიც, რომელიც კანდიდატს მოთხოვს რაიმეს გაკეთებას. კანონში მოთხოვნაზეც კი ისეთი ფორმულირებაა, რომ ამაზეც კი შესაძლებელია ამომრჩევლისთვის თავისუფლების აღკვეთა 3 წლამდე ვადით. მიუხედავად იმისა, თუ რა ღირებულების ქონებას მოითხოვს, ან მიიღებს კანდიდატისგან.

ვინ უნდა დაადგინოს, რომ ესა თუ ის პირი დაკავშირებულია პარტიასთან და როგორ უნდა მოხდეს ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება, ვადები და ა.შ, თუ ის არ ეთანხმება მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებას? კანონი ამ მხრივ რას ამბობს?

უნდა იყოს გაწერილი პროცედურა. უნდა არსებობდეს ორგანო და კანონიდან უნდა ჩანდეს, ვინ არის ეს, კონტროლის პალატაა, ცესკოა თუ სხვა. კანონიდან არ ჩანს, რომ ეს არის კონტროლის პალატა ცალსახად. იმიტომ, რომ უფლებამოსილებაში არ უწერია. შესაბამისად, უნდა არსებობდეს გადაწყვეტილების მიღების წესი, ასევე გასაჩივრების შესაძლებლობის წესიც უნდა იყოს ცალკე დადგენილი, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად. იმიტომ, რომ როდესაც არ ვეთანხმები, რომ ვინმემ მიმიჩნია დაკავშირებულ პირად, როგორ, სად და რა ვადაში უნდა გავასაჩივრო და მქონდეს ამ გადაწყვეტილების მიღებაშიც მონაწილეობის საშუალება, რომ ჩემი არგუმენტები წარმოვადგინო და თუ არ ვეთანხმები, ვუჩივლო კიდეც.

მასალების გადაბეჭდვის წესი