ნეტგაზეთი | დეპრესია – ყველაზე გავრცელებული ფსიქიკური პრობლემა დეპრესია – ყველაზე გავრცელებული ფსიქიკური პრობლემა – Netgazeti
RU | GE  

დეპრესია – ყველაზე გავრცელებული ფსიქიკური პრობლემა

“ეს არის ფსიქიკური აშლილობა, მსოფლიოში ყველაზე  გავრცელებული ფსიქიკური პრობლემა, რომელიც ყოველ მეოთხე ან მეხუთე ადამიანს  ჰქონია, ან ექნება ცხოვრებაში.”

დეპრესიაზე, როგორც ერთ–ერთ ყველაზე გავრცელებულ ჯანდაცვით პრობლემაზე, ნეტგაზეთთან საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის კოალიციის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი გელეიშვილი საუბრობს:


ხშირია, როდესაც ადამიანები ამბობენ, რომ მათ  დეპრესია აქვთ. როგორ შეიძლება დადგენა, აქვს თუ არა ადამიანს რეალურად ეს დაავადება?


დავიწყოთ იქიდან, რა არის დეპრესია. ეს არის ფსიქიკური აშლილობა, მსოფლიოში ყველაზე  გავრცელებული ფსიქიკური პრობლემა, რომელიც ყოველ მეოთხე ან მეხუთე ადამიანს  ჰქონია, ან ექნება ცხოვრებაში.


არსებობს დეპრესიის ორი ტიპი – ენდოგენური და ეგზოგენური დეპრესია.


ეგზოგენური დეპრესიით ადამიანი სხვადასხვა გარე ფაქტორით ავადდება. ეს გარე ფაქტორი შეიძლება სხვადასხვა იყოს. მაგალითად, რაიმე უსიამოვნო მოვლენა, რომელიც ხანგრძლივად გრძელდება და იწვევს მუდმივ დაძაბულობასა და გუნება–განწყობის დაქვეითებას.


რაც შეეხება ენდოგენურ დეპრესიას, მისი ცალსახად გამომწვევი მიზეზის პოვნა ვერც ექიმების და ვერც პაციენტის მხრიდან ვერ ხერხდება. ამ დროს კონკრეტულ ასაკში დეპრესიის განვითარებას ბიოლოგიური ფაქტორები განაპირობებენ.


რა ძირითადი ნიშნებით ხდება დეპრესიის დიაგნოსტიკა?


დეპრესიის ნიშნები ძალიან მრავალფეროვანია. კლასიკურად კი სამი ძირითადი ნიშანი იკვეთება. პირველი– ეს არის დაქვეითებული გუნება – განწყობა.


მეორე– ასოციაციური პროცესების შენელება, როდესაც ადამიანი აზრების სიმცირეს განიცდის. მაგალითად, 5 წუთის მანძილზე თუ ჩვეულებრივ ვამბობთ 100 სიტყვას, დეპრესიის დროს სიტყვების რაოდენობა მცირდება, ხშირად ლაპარაკის სურვილი სართოდ ქრება, თავში აზრები არ მოდის.


მესამე ნიშანი არის მოტორული სფეროს – მოძრაობების შეფერხება, დეპრესიის დროს ადამიანს სამსახურში, მეგობრებში, გასართობად და ა.შ. სიარულის სურვილი უქრება. ურჩევნია, მთელი დღის განმავლობაში ლოგინში იწვეს.


დეპრესიის ყველა ამ ნიშნიდან სხვა ნიუანსებიც იკვეთება. ეს არის სიამოვნების განცდის უნარის დაკარგვა. ხშირია, როდესაც ადამიანს, რომელსაც ვარჯიში, თევზაობა, ქსოვა ან სხვა ნებისმიერი საქმიანობა სიამოვნებას ანიჭებდა, მაგრამ დეპრესიის დროს ის ვეღარაფერს განიცდის, არაფერი უხარია.


ცნობილია, რომ მზის სხივები ახდენს გარკვეულ გავლენას დეპრესიაზე. რაც უფრო მოკლე დღეა, მით მაღალია დეპრესიის მაჩვენებელი. არსებობს  ფოტოთერაპია, მეტი რაოდენობით მზის სხივების მიღებით და ა.შ. გადიან თერაპიის კურსს.


დეპრესია ფსიქიკურ პრობლემებს შორის ყველაზე საშიში მდგომაროებაა. ყველაზე ხშირად სწორედ დეპრესია ხდება სუიციდის მიზეზი. მსუბუქი დეპრესიის დროს შესაძლოა არ მოუვიდეს ადამიანს თავში აზრი, რომ მისმა ცხოვრებამ აზრი დაკარგა და ამიტომ ცხოვრება უნდა დაამთავროს. სუიციდური მცდელობები, რიგ შემთხვევებში, წარმატებით მთავრდება ხოლმე.


საშუალოდ რამდენ ხანს გრძელდება დეპრესია?


ყველაზე ხშირად თევეების მანძილზე გრძელდება. ხშირია, როდესაც დეპრესია ბიპოლარული აფექტური აშლილობის შემადგენლობაში გვევლინება. ამ დროს დეპრესიას პერიოდულად საპირისპირო განწყობები (მანიაკალური მდგომარეობა) ენაცვლება– ადამიანი მხიარულია, ასოციაციები მოჭარბებული აქვს, უჩვეულოდ ბევრს ლაპარაკობს. ასეთი საპირისპირო ფაზები ერთმანეთს  სხვადასხვა პერიოდულობით ენაცვლება. არსებობს იშვიათი შემთხვევები, როდესაც დღის განმავლობაში მანიაკალური და დეპრესიული ფაზები რამოდენიმეჯერ ენაცვლება ერთმანეთს.


ითვლება, რომ ბიპოლარული აფექტური აშლილობის 30% ცხოვრების მანძილზე თავისით იკურნება.


დანარჩენ შემთხვევებში როგორ ხდება დეპრესიის განკურნება? თვითმკურნალობა შესაძლებელია?


მის მკურნალობაში ყველაზე ხშრად ფარმაკოთერაპია გამოიყენება. 10–დან 7 შემთხვევაში შედეგს წამლით ვიღებთ. ძირითადი მედიკამენტები ანტიდეპრესანტებია.


იწვევს თუ არა ანტიდეპრესანტი დროთა განამვლობაში მიღების შემდეგ შეჩვევას?


ანტიდეპრესანტი, ტრანკვილიზატორისგან, საძილე საშუალებებისგან განსხვავებით, მიჩვევას არ იწვევს.


რაც შეეხება თვითმკურნალობას, იმის მიუხედავად, რომ ექიმის რეცეპტის გარეშე შეიძლება ანტიდეპრესანტის შეძენა, მას სწორად შერჩევა სჭირდება. ისინი სხვადასხვანაირია და ინდივიდუალურად ხდება მათი დანიშვნა.


როგორ მოქმედებს ანტიდეპრესანტები, რა რეაქცია ხდება ორგანიზმში, რომელსაც ადამიანი დეპრესიიდან გამოჰყავს?


როდესაც ადამიანს დეპრესია არ აქვს, ნერვულ უჯრედებს შორის არსებული ნეირომედიატორები საჭირო რაოდენობით გამოიყოფა. თუ საკმარისია ეს ნივითიერება, მაშინ საჭირო რაოდენობის იმპულსაციას იწვევს. დეპრესიის დროს არასაკმარისი რაოდენობით ხდება იმპულსაცია, ნეირომედიატორების ცვლა და ნერვულ ქსოვილში იმპულსის გადაცემა ირღვევა. ამ დროს სააზროვნო პროცესების შემცირება და განწყობის დაქვეითება ხდება.


ერთ–ერთი ჯგუფის ანტიდეპრესანტის მოხვედრის შემდეგ ის სხვადასხვა მექანიზმით აღადგენს ნეორომედიატორის რაოდენობას და იმპულსაცია მატულობს. ანტიდეპრესანტით მკურნალობის ეფექტის დასანახად სულ მცირე 3–4 კვირა არის საჭირო.


იწვევს თუ არა დეპრესია მომავალში სხვა დაავადებებს?


დეპრესია სხვა დაავადებებს არ იწვევს. ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება მან გამოიწვიოს, ეს არის სუიციდი.


როდესაც დეპრესიას სუიციდური აზრები ახლავს თან, ჯობია ადამიანმა სტაციონარში იმკურნალოს, ვინაიდან რთულია სახლის პირობებში ყურადღების მიქცევა. ერთ ოთახში მასთან სხვა ადამაინიც რომ იყოს, ისე შეიძლება გადახტეს ფანჯრიდან, მისი დაჭერა ვერავინ მოასწროს.


ყველაზე ხშირად რის გამო ვარდებიან  ადამიანები დეპრესიაში?


მიზეზი სხვადასხვაა. ვინაიდან ადამიანი ბიო–ფსიქო –სოციალური არსებაა,  ჯანმრთელობის პრობლების განვითარებაში გარკვეულ როლს თამაშობს როგორც ბიოლოგიური ფაქტორები, გენეტიკა, ასევე, ფსიქოლოგიური და სოციალური ფაქტორები.


მაგალითად, მარტოხელდა დედა, რომელსაც აქვს სოციალური პრობლემები, რის გამოც მისი შვილი შეიძლება მშიერი დარჩეს, მუდმივად სტრესულ მდგომარეობაში იმყოფება. დიდი შანსია, რომ მას გუნებ-განწყობა დაუქვეითდეს.


ფსიქოლოგიურ ფაქტორად შეიძლება მივიჩნიოთ მაგალითად ის, როდესაც აღმოვაჩენთ, რომ საყვარელ ადამიანს თურმე არ ვყარებივართ და ვცდებოდით. მაშინ ვფიქრობთ,  რომ მთელი ეს დრო ვცდებოდით, ჩვენ ილუზიებით გვიცხოვრია, სიცოცხლემ აზრი დაკარგა.


თქვენმა ბოლო კვლევამ აჩვენა, რომ ფსიქიკური აშლილობით დაავადებულთა რიცხვი საქართველოში მზარდია…


არა მხოლოდ საქართველოში, ეს ტენდენცია ყველა ქვეყნისთვის დამახასიათებელია. საქართველოში ყოველ წელს ორი სამი ათასით იზრდება დაავადებულთა რიცხვი, ამასთან, ეს მხოლოდ რეგისტირებულთა რაოდენობაა. სტიგმისა და სხვადასხვა მიზეზების გამო ადამიანები ძალიან ხშირად არ მიმართავენ ფსიქიატრიულ სამსახურს.


როგორც წესი დეპრესიის მკურნალობას იწყებენ არა ფსიქიატრთან, არამედ სხვა სპეციალობის ექიმთან, რაც არასწორია. ეს იგივეა, თერაპევტმა გააკეთოს ქირურგიული ოპერაცია და ფსიქიატრმა ნევრიტების მკურნალობა დაიწყოს.


იქნებ ადამიანებს ინფორმაცია არ აქვთ, პირველად სად უნდა მივიდნენ და ვის მიმართონ?


შესაძლებელია ასეც იყოს. კონსულტაციასა და მედიკამენტებით პაციენტებს სახელმწიფო უზრუნველყოფს. სხვა საკითხია, რა ანტიდეპრესანტებით ხდება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მკურნალობა.


ქვეყანაში ფარმაცევტულ ბაზარზე არის ანტიდეპრესანტები, რომელთა დღიური დოზის ფასი 30 თეთრდან იწყება. არის ისეთი მედიკამენტებიც, რომლის დღიური დოზის ფასი 3 ლარამდეა. მკურნალობა ძირითადად პირველით ხდება. რომელიც არ არის ბოლო თაობის და ახლავს გვერდითი მოვლენები. ამიტომ აუცილებელია, წამალი ინდივიდუალურად ინიშნებოდეს. არ შეიძლება ყველა ერთი და იგივე ანტიდეპრესანტით მკურნალობდეს.


10 –დან 7 შემთხვევაში დეპრესიის მკურნალობისას ანტიდეპრესანტი ეფექტურია. დანარჩენ შემთვევებში ფსიქოთერაპიაც უნდა ჩაერთოს.  არსებობს გამონაკლისიც, როდესაც მკურნალობა მხოლოდ ელექტროკონვულსიური თერაპიით არის შესაძლებელი. ასეთი თერაპიაზე უარი საქართველოში 80–იან წლებში თქვეს, მიიჩნეოდა, რომ არაჰუმანური იყო. თუმცა დღეს ასეთი თერაპია ნარკოზით, ტკივილის გარეშე ტარდება. იმის გამო, რომ საქართველოში ასეთ პროცედურას ისევ არ იყენებენ, საამისოდ საქართველოდან მოქალაქეები უკრაინაშიც კი ჩადიან.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნინო კახიშვილი