საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ფაქტობროვად, ყველა მოძმე რესპუბლიკამ ნაციონალური იდეის/პროექტის მშენებლობის პროცესი მეტ–ნაკლები სიმძაფრით გაიარა. ბუნებრივია, მისი თანმდევი მოვლენები იყო და არის წარსულის გახსენება (ჩვენებური „აუღებელი“ ბაზალეთის ტბის ფსკერის ბინადარზე ოცნებითურთ), ისტორიის რაინდული რომანტიზაცია–გაფეტიშება, უზენაესი მისიის შეგრძნების იდეოლოგია და დღევანდელობაზე ომგამოვლილი წარსულიდან მორჩენილი აუხდენელი ოცნებების კომპენსატორული პროეცირება. ბუნებრივია, ნაციონალურ „დეველოპერულ კომპანიას“ გენდერული როლების მატრიცა, როგორც ორგანული შემადგენელი, ყველგან თან დაჰყვება. ამგვარი პროექტის წარმატება ქალის დაწერილი თუ დაუწერელი ხატების გარეშე წარმოუდგენელია. „ისტორიულად“ ქალის კულტის ქვეყანაში ქართული სახელმწიფოებრიობის ჩანასახოვან ფაზაში, ანუ 1989 წლის 9 აპრილს, რუსთაველის გამზირზე დაღუპული გოგონების/ქალების ერთგვარი სიტუაციური კულტიც კი გაჩნდა, როცა ყველა სრულწლოვანმა და არასრულწლოვანმა, გოგონამ/ქალმა თუ ბიჭმა/მამაკაცმა იმ ღამით რუსის ჯარის მიერ დაჩეხილი თუ გაგუდული გოგონებისა და ქალების სახელები და გვარები ზეპირად იცოდა. ქუჩებს მათი სახელები დაერქვათ, სახლში მათი შავარშიაშემოვლებული სურათები იდო. მამაკაცები გაიძახოდნენ: „ქალები, გოგონები (მომავალი დედები) დაგვიხოცეს, ამათი დედა!“; ამას მოჰყვა 1991 –92 წლების სამოქალაქო დაპირისპირება და ომი, სადაც ქალებს ვერბალურად თუ ფიზიკურად უკვე არა რუსი როდიონოვი, არამედ „ეროვნულები“: „ნაციონალური გვარდია“, „მხედრიონი“ და ჩვენი „ინტელიგენცია“ შეურაცხყოფდა. მერე ქვეყანას მოშივდა–მოწყურდა, შეცივდა და შემდგომ „თურქეთის ქალებად“ წოდებულებმა ამავე ჯარის ჯარისკაცებს მაიონეზი და „დუბლიონკები“ ჩამოუტანეს; მერე კი გზა დასავლეთისკენ გაიხსნა, საითკენაც უმეტესად ქალები დაიძრნენ… ოღონდ არ და ვერდაბრუნებულები, თუმცა უკვე „მოდერნიზირებულები“ – „ევროპასა და ამერიკაში“ გაჭრილი ფანჯრებიდან სამშობლოში ჯიპებისა და ბოლო თაობის კომპიუტერების გამომგზავნი, შვილების ფასიანი სკოლებისა და უნივერსიტეტების დამფინანსებლები; მათ შორის, საკუთარი ქმრებისა და მათი ახალი ცოლების შეუღლების ქორწილ–თაფლობის თვეებისაც კი. უნებლიეთ, რასაკვირველია. მარად დედებისთვის ახალდაქორწინებულებს „კურთხევაც“ კი არ უთხოვიათ… და ქართველმა ქალებმა სამშობლოს ისტორიის შექმნასა და აღმშენებლობაში ასე და ამგვარად თავისი წვლილიც შეიტანეს.
რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეთ, მაგრამ ასეა: სახელმწიფოებრივი მშენებლობა ანდა რომელიმე ისტორიული ფორმაციის ეტაპი ყოველთვის ხასიათდებოდა ფემინოფობიით/მიზოგინიით (აქ არ იგულისხმება მხოლოდ დახურული საზოგადოებიდან ღიაზე გადასვლის სამშობიარო ტკივილები). ხან „კულტურულად“ შენიღბული (სარეცხი ფხვნილების რეკლამა და სილამაზის კონკურსები) და ხანაც – ზღვრულად ვულგარული ( ქალი – ლუდის დესერტი; ქალი – ძველი, იგივე ნახმარი მანქანის ალეგორია) სექსიზმით. მაგრამ რადგანაც სექსიზმი ლოკალურად თუ გლობალურად ჯერჯერობით სოციალურ პერვერსიად არაა შერაცხული, ამიტომაც საზოგადოება აშკარა თუ შეფარულ სექსიზმზე მეტ–ნეკლები სიყრუით რეაგირებს. უფრო სწორად, არ რეაგირებს. ტოტალიტარული რეჟიმი თავისთავად სოციალური პერვერსია იყო და განა მარტო სოციალური? იგი სექსუალური, გენდერული პერვერსიაც გახლდათ. აქ უპრიანია ვახსენოთ საზოგადოების აღქმელობისა და მგრძნობელობის სელექციური უნარი. გულაგის საშინელებათა დაგმობისა და გაკიცხვის ფონზე, წითელი ტერორის ავტორების და შემსრულებლების სექსუალური მადა, ორგიები, ქალებზე ძალადობა დიდად არასოდეს გაკიცხულა, რადგანაც „ქალის ანატომია მისი ბედისწერაა“ და ამ ბედისწერის სისრულეში მოსაყვანად პატრიარქატს სულაც არ სჭირდება ნებართვის აღება, ან რაიმე დახვეწილი პოლიტიკური ტექნოლოგიების გამოყენება – გამოგონება. მიჩუმათებულია მეორე მსოფლიო ომისა და ზოგადად ომების დროს ქალზე ძალადობა და თუნდაც ის არასრული სტატისტიკა, რომელიც ამ მხრივ დღეისთვის არსებობს. ოფიციალურად აღიარებულ მტერზე რომ არაფერი ვთქვათ, ეროვნულ ბოლშევიკ მაჩოებს მშვიდობიან პერიოდში სასურველი ქალის დაუფლება ნაკლად არ ეთვლებოდათ, რადგანაც დაუფლების, კონტროლის საკითხი, როგორი პრიმიტიული, გარდამავალი ეტაპის ან მოდერნიზირებულიც არ უნდა იყოს საზოგადოება, ომის და მშვიდობიანობის დროსაც ძალისა და ძალაუფლების, სტატუსისა და იდენტობის კონცეფციის „ღერძული დაავადებად“ რჩება. თანამედროვე, მეტნაკლებად ლიბერალურ საზოგადოებაშიც არანაკლებადაა შესამჩნევი სოციალურ–კულტურული, გნებავთ, პოლიტიკური სტატუსის დამკვიდრების მცდელობა სხვისი დაკნინების (ამ შემთხვევაში ქალის) ხარჯზე, მაგრამ ამგვარ საზოდოებაში გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციაზე „ვერ გაიქაჩები“, თუ შენს C.V. – ში სექსიზმის „ქეისები“ იყო… ყოველ შემთხვევაში, საზოგადოება მოდარაჯე ძაღლის ფუნქციას ასრულებს და ის, რაც არასკანდალურია მეეზოვისთვის, პოლიტიკური პოსტის მაძიებლისთვის პოლიტიკური პერსპექტივის სამუდამოდ დამკარგავი შეიძლება გახდეს. სილამაზის კონკურსის მფლობელი პოლიტიკურად უმწიფარი დონალდ ტრამპი თავად გამოეთიშა პოლიტიკურ ასპარეზს. მის ამ საპრეზიდენტო ტაკიმასხარაობას სერიოზულად არც არავინ განიხილავდა… თუმცა ამერიკულ პოლიტიკურ სპექტრში სილამაზის კონკურსების მონაწილენი კანტიკუნტად არიან, მაგრამ ამას ახალგაზრდობითა და უმწიფრობით ხსნიან, ხოლო პოლიტიკურ ასპარეზზე შებიჯებისას აცნობიერებენ, რომ სექსიზმი პოლიტიკური კოზირი ვერ იქნება. არამედ, პირიქით – წამგებიანი ნაბიჯი.
„ქართული ოცნება“ არაა პირველი „პარტიული“ ფანტომი, რომელიც ამდაგვარი სახელწოდებით წარსდგა. თუ ოდესმე მეცნიერების ახალი დარგი „ოცნებალოგია“ დამკვიდრდა, ჩვენი პარტიული გაერთიანებები მეწინავე ადგილებს ნამდვილად დაიკავებენ. „მრგვალი მაგიდა“ ასევე რაინდული ეტიმოლოგიის იყო. მერე რა, რომ იგი ბრიტანელი მეფე არტურისა და მისი მრგვალი მაგიდის რაინდების „ასლი“ იყო. იქ ქალს არაფერი ესაქმებოდა. უბრალოდ, ერთგულება მოეთხოვებოდა. ალბათ, ქალწულობაც. მერე „მოქალაქეთა კავშირი“ გაჩნდა. ეს სიტყვა „კავშირი“ ჩემთვის არაამნეზიურ სიტყვათშეთანხმებას „საბჭოთა კავშირს“, ალბათ, სამუდამოდ „დაუკავშირდა“. ერთი სიტყვით – საძმო. მერე გაჩნდა მოძრაობა, ოღონდ ნაციონალური. მერე იშვა „იმედი“ ერთმოსახელე ტელევიზიით (ამჯერად იგი სულ სხვას ეიმედება), ამას წინათ კი – ბაზალეთური რეფრენი ტიტულით „ქართული ოცნება“. მთლად ამერიკული ოცნებასავით არაა, მაგრამ – მაინც. ჰო, კიდევ: მთელი ამ „მოკლე ისტორიის“ მანძილზე ქართველი სუპერმენები თავის კარიერას სილამაზის კონკურსების ფონზე იმკვიდრებდნენ. წინა საუკუნის 80 – იანების ბოლოს თბილისის ფილარმონიის სკონცერტო დარბაზში გამართული არაგლამურული კონკურსებიდან (მაშინ რუსეთშიც ეს კონკურსები ახალი ხილი იყო და ამიტომაც იგი ჩვენებმაც „მოიფიქრეს“) სააკაშვილის პრომოუტერი რუსთავი 2 – ის „შეფის“ ეროსი კიწმარიშვილის ცოლის ბიზნესამდე. კიწმარიშვილი აღარაა რუსთავი 2 – ზე, მაგრამ ფემინოფობური მეინსტრიმი ხომ არის და თანაც უკვდავია. იტალიაში სამოდელო ბიზნესში ჩასატრიალებლად გასამგზავრებელი ქართველი გოგონების ზომა–წონაზე უფრო საკაიფო – ოცნებური რაღაა? აბა, ვის რაში აინტერესებს კოლუმბიის უნივერიტეტში ქართველი ქალის სასწავლებლად გამგზავრება (ცნობისთვის, სხვათა შორის, ასეთები მოგვეპოვებიან) თუნდაც ქართული მოდერნიზმის შესასწავლად? მოდელები კი უფრო კარგად თხოვდებიან. მათ შორის პოლიტიკოსებზე. რუსეთიდან საქართველოში ჩამოსვლისთანავე „ქართული იმედის“ მამამ ბადრი პატარკაციშვილმაც დააფინასა რაღაც მაგდაგვარი, სადაც გამარჯვებულ ლამაზმანს ბრილიანეტიბიანი დიადემა უნდა რგებოდა. მაგრამ ეს იმედი ცუდად გაცრუვდა. არაჰეპიენდურად. მერე სილამაზის კონკურსის ჟიურიში პირველი ლედიც შეიყვანეს. მერე ლამაზი და ჯვრებითმორთულტანსაცმლიანი მოდელები პატრიარქის წინ გაატარეს. უჩვენეს, აკურთხებინეს. აკი აკურთხა კიდეც. მერე პრეზიდნეტმა ეს სამოდელ – სააგენტოწვივებიანი გოგონები საბაჟოზე დავაჯინოთო, რათა ჯანსაღკბილებიანი ღიმილი რაღა სახლში და ლოკალურ პოდიუმზე, ბარემ სამშობლოს საკეთილდღეოდ აფრქვიონო, სადაც საჭიროაო. ახლა ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა, რომელსაც თავისი ბიუჯეტით ფორმალურად მთელი საქართველოს ყიდვა შეუძლია, თავისი ქალწულებითა და არაქალწულებით. ამის შემხედვარე სააკაშვილმა მასე არ უნდაო, ივანიშვილს ვითომ გადაუჯოკრა, ლაზიკას ავაშენებ(თ)ო, ანუ „ქართული ოცნება“ vs. ლაზიკაო. ჭაობზეო (ნეტავ იქ ხომ არ გადაინაცვლა ბაზალეთის მუმდივმა და მოუხელთებელმა მკვიდრმა?), ლაზიკა ხომ თავად იქნება ქართულ ოცნებაო. ოღონდ უფრო ჭეშმარიტიო. სავარაუდოდ, იგი სილამაზის კონკურსების, ქალწული და არც ისე ქალწული გოგონების ადვილად შოვნის ადგილად გადაიქცევა – მშობლიური ლას–ვეგასი მწვანე დოლარების წვიმიანი სეზონით და „ნაშების“ გადახალისებით. ბერა კი „იბერიის გაბრწყინებამდე“ გლობალური გაჟიმვის აქციას და საოცნებო ორგაზმს გვპირდება. ალბათ, გაბრწყინების მერეც. არა უშავს. „ოქროს ბიჭუნა“ გაიზრდება. ახლა „ბინ–ბინ ბლა“–ს რეფრენად კი მღერის, მაგრამ დადგება დრო: ოცნება ახდება – იბერია გაბრწყინდება, საქართველო ნატოში და კიდევ სხვაგანაც შევა და ა.შ. და ბერას მისი აქტუალური პრობლემა– „მინდა ფული დავხარჯო, ვფიქრობ რაში“– შეიძლება გაუძლიერდეს, ანდა სულაც მოეხსნას, რადგანაც, რაც არ უნდა იყოს, კაი დედ–მამის შვილმა (აკი ამბობს კიდეც „ბოსი ვარო“, „ბერას ადგილი პირველიო“) იცის, სად, რა, როდის, რამდენი ჩადოს. და იქნებ ამ ჩვენმა „კაი ყმამ“ სცენაზე ენრიკე იგლესიასავით ვინმე უგვარ–უჯილაგო–უფულო ქართველ გოგონას საქველმოქმედოდ აკოცოს კიდეც (ეს გოგონა კი ამ გზით „გასელებრითდეს“, სამშობლოსავით გაბრწყინდეს) და ვინ იცის, იქნება ეს ჰიპ – ჰოპ ვალსი თუ განდაგანა, კარგადაც გამოგვივიდეს…
