დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების საბჭოს მდივნის, რაულ ლოლუას განცხადებით, მაშინ როცა საქართველო კვლავ ნატოში გაწევრიანების კურსს ინარჩუნებს, აფხაზეთის უსაფრთხოების მთავარ გარანტად რუსეთთან სტრატეგიული კავშირი რჩება.
ამის შესახებ ლოლუამ რუსული რადიო „სპუტნიკის“ ეთერში განაცხადა, სადაც რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკურ პროცესებზე, უსაფრთხოების რისკებსა და რუსეთის როლზე ისაუბრა.
„საქართველო კვლავ ნატოს ფორპოსტად რჩება და ამ სამხედრო ბლოკში გაწევრიანებას ცდილობს. ამ მხრივ არაფერი შეცვლილა“, – თქვა ლოლუამ.
მისი თქმით, დე ფაქტო აფხაზეთის უსაფრთხოების მთავარი საყრდენი რუსეთთან სტრატეგიული კავშირია. ლოლუას მტკიცებით, სწორედ რუსეთის სამხედრო მხარდაჭერა გამორიცხავს რეგიონში ახალი სამხედრო სცენარების განვითარებას.
დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების საბჭოს მდივანი უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებულ ომსაც შეეხო და განაცხადა, რომ მას გლობალური მნიშვნელობა აქვს მომავალი მსოფლიო წესრიგისთვის და პირდაპირ გავლენას ახდენს დე ფაქტო აფხაზეთის უსაფრთხოებაზე.
ლოლუას შეფასებით, საქართველოს პოლიტიკური წრეები მოლოდინის რეჟიმში არიან და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე უარის თქმას არ აპირებენ, მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთთან დიალოგისა და ურთიერთობების ნორმალიზებას შესაძლოა ეკონომიკური სარგებელი მოჰყვეს.
„ჩვენ არასდროს ვიტყვით უარს დამოუკიდებლობის უფლებაზე, სახელმწიფოებრიობის უფლებაზე“, – განაცხადა მან.
ლოლუას თქმით, დე ფაქტო აფხაზეთი სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებას, მოკავშირეებთან თანამშრომლობის განვითარებასა და სამხედრო-პოლიტიკურ ვითარებაში შესაძლო ცვლილებებისთვის მზადყოფნის შენარჩუნებას აგრძელებს.
