თემურ ხადურის გარდაცვალების საქმეზე სამი სამართალდამცველი დააკავეს. დაზარალებული ოჯახის ადვოკატის, ლედი ტუკვაძის განცხადებით, დაკავებულებს გამოძიებისთვის ცრუ ჩვენების მიცემასა და მტკიცებულებების მოპოვებისთვის ხელის შეშლაში ედავებიან.

როგორც ადვოკატმა განმარტა, დაკავებულები არიან თერჯოლისა და ტყიბულის პოლიციის უფროსების ყოფილი მოადგილეები და ერთი გამომძიებელი. მისი ინფორმაციით, სამი პირიდან ამჟამად მოქმედი პოლიციელი მხოლოდ ერთია. ადვოკატმა იურიდიული ეთიკიდან გამომდინარე დაკავებულთა ვინაობა ინიციალებით (ლ.ლ., კ.ნ., მ.ღ.) მოიხსენია.

როგორც ტუკვაძემ “ნეტგაზეთს” განუცხადა, დაკავებულებს ბრალად ედებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რაც პირადი მოტივით ცრუ ჩვენების მიცემასა და მტკიცებულებებისთვის ხელის შეშლას გულისხმობს. ამასთან, ადვოკატის ვარაუდით, მოსალოდნელია ბრალის დამძიმებაც და ერთ-ერთი დაკავებულის მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლის დამატებაც, თუმცა პროკურატურას ოფიციალური ბრალი ჯერ არ წარუდგენია.

საქმის მთავარი ეპიზოდი თემურ ხადურის გარდაცვალებამდე განვითარებულ მოვლენებს, ანუ პოლიციის დევნის ოპერაციას უკავშირდება. ადვოკატის თქმით, საქმეში არსებული მოწმეთა ჩვენებებითა და აუდიო-ვიდეომასალით დასტურდება, რომ პოლიცია ხადურს მისდევდა და  ბოლოს სწორედ აღნიშნულმა სამმა სამართალდამცველმა ნახა, რის შემდეგაც მისი კვალი დაიკარგა. თემურ ხადური რამდენიმე დღის შემდეგ გარდაცვლილი იპოვეს.

„რატომ დამალეს პოლიციელებმა დევნის ოპერაცია და რატომ არ ითანამშრომლეს გამოძიებასთან? ეს იყო დაზარალებული მხარის მთავარი კითხვა. მათი ცრუ ჩვენების გამო ჩვენთვის სიკვდილის მიზეზის დადგენა შეუძლებელი გახდა“, – აცხადებს ლედი ტუკვაძე.

რაც შეეხება დაზარალებული ოჯახის პოზიციას, მათი მთავარი მოთხოვნაა, რომ დაკავებულმა სამართალდამცველებმა ითანამშრომლონ გამოძიებასთან. ოჯახი ითხოვს, გაირკვეს, თუ რა მოხდა სინამდვილეში, რა გახდა თემურ ხადურის გარდაცვალების რეალური მიზეზი და რატომ დასჭირდათ პოლიციელებს საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემა.

ამ საკითხზე მოგვიანებით განცხადება გაავრცელა პროკურატურა. უწყებამ დაადასტურა, რომ თემურ ხადურის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი ყოფილი თანამშრომელი დააკავეს. ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე ორი პირი და ცრუ ინფორმაციის მიწოდების და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე ერთი პირი.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 25 აგვისტოს თემურ ხადურმა თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სიმონეთის გადასახვევის მიმდებარედ არსებულ ცენტრალურ მაგისტრალზე, ქვების სროლით დააზიანა ავტომანქანები, მათ შორის შსს ტყიბულის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილის მართვის ქვეშ არსებული სამსახურებრივი ავტომანქანა.

“აღნიშნულის შესახებ მიღებული შეტყობინების საფუძველზე, შემთხვევის ადგილზე მივიდნენ თერჯოლის რაიონის სამმართველოს უფროსის მოადგილე და გამომძიებელი. სამართალდამცველებმა სცადეს თემურ ხადურის დაკავება, რომელიც არ დაემორჩილა მათ და გაიქცა, დევნის პროცესში პოლიციის თანამშრომლებმა ჰაერში სამი გასროლა განხორციელეს. აღნიშნული საპოლიციო ღონისძიების შედეგად თემურ ხადურის დაკავება ვერ მოხერხდა.

2024 წლის 28 აგვისტოს თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სიმონეთში მდებარე მდინარე ჭარჩხულას კალაპოტში ნაპოვნი იქნა გარდაცვლილი თემურ ხადური.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ პოლიციის თანამშრომლებმა, მათთვის შესაძლო დისციპლინური პასუხისმგებლობის და თანამდევი სამართლებრივი შედეგების თავიდან აცილების მიზნით, თემურ ხადურის გარდაცვალების გარემოებების დასადგენად და ყოველმხრივი, სრული, ობიექტური გამოძიების ჩასატარებლად საჭირო ინფორმაცია დამალეს, მათ არ დააფიქსირეს გამოკითხვის ოქმში ,თემურ ხადურის დაკავების მცდელობის, ასევე დევნის და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლების შესახებ, ამით ხელი შეუშალეს საქმის სხვა საგამოძიებო ორგანოსთვის გადაცემას და არსებითად შეაფერხეს მართლმსაჯულება.

ასევე, გამომძიებელმა რომელიც თემურ ხადურის დასაკავებლად მიმდინარე ღონისძიების პროცესში შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა, იცოდა რა ინფორმაციის სიყალბე, ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება და ერთ-ერთ მოწმის სახით გამოკითხვის ოქმში ცრუ ცნობები შეიტანა, რითაც არსებითად დაარღვია სისხლის სამართლის საქმის სრული და ობიექტური გამოძიების საჯარო ინტერესი”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურის მიერ დასახელებული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს


ახალგაზრდა თემო ხადურის ცხედარი 2024 წლის 28 აგვისტოს მდინარე წაჩხურის კალაპოტში იპოვეს. მანამდე დაკარგულად ითვლებოდა და ოჯახი ეძებდა.

თემო ხადური 2024 წლის 25 აგვისტოს თბილისიდან ქუთაისისკენ წავიდა. სამარშრუტო ტაქსიდან თერჯოლაში, სოფელ სიმონეთთან ჩამოვიდა და გზა ფეხით გააგრძელა. სწორედ სიმონეთიდან დარეკა ოჯახში და უთხრა, რომ მალე დაბრუნდებოდა. ამის შემდეგ მისი კვალი იკარგება. სამი დღის შემდეგ კი ადგილობრივები მის ცხედარს მდინარის კალაპოტში პოულობენ.

“მელაძის შაბათს” ოჯახის ადვოკატმა გააცნო სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც ხადურის ცხედარს აღენიშნებოდა სიცოცხლის დროინდელი დაზიანებები სახის არეში, რომლებიც სიკვდილამდე რამდენიმე წუთით ადრე ბლაგვი საგნითაა მიყენებული. ხადურის დედის, ნინო გვიშიანის ინფორმაციით, მისი შვილის ცხედარს დაზიანებები აღენიშნებოდა კეფის არეშიც.

ისინი ამ დაზიანებებს იმ ინციდენტს უკავშირებენ, რომელიც თემოს, როგორც ჩანს, გარდაცვალებამდე შეემთხვა პოლიციასთან.

ოჯახის ინფორმაციით, საქმის მასალებში წერია, რომ თემო ხადურმა დააზიანა ტყიბულის პოლიციის უფროსის მოადგილის, ლაშა ლაბუჩიძის მანქანა, შემდეგ კი ადგილიდან მიიმალა. პოლიციის ვერსიით, მათ ახალგაზრდა ვერ იპოვეს და თავი დაანებეს. ოჯახი კი ფიქრობს, რომ ის იპოვეს, სცემეს, შემოაკვდათ, შემდეგ კი ცხედარი მდინარეში გადააგდეს. ოჯახის თანახმად, ხადურის წინააღმდეგ პოლიციელები აწარმოებდნენ ადევნების ოპერაციას და ისროლეს ჰაერშიც.

თემო ხადური 23 წლისა იყო. ის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი და თეატრალური დასის “ლიბერტას” წევრი იყო. ხადური სტიქაროსანიც იყო.