კომენტარი | ,

მცხეთის ყოფილ კინოთეატრთან დაკავშირებით ეკონომიკის მინისტრს მიმართავენ

12 მაისი, 2016 | | 1984
მცხეთის ყოფილ კინოთეატრთან დაკავშირებით ეკონომიკის მინისტრს მიმართავენ

მთავრობა 2016 წელს მცხეთის ყოფილ კინოთეატრის შენობის რეაბილიტაციას და იქ მცხეთის მუზეუმის გახსნას გეგმავს.  გამგეობის წევრები ამ საკითხზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილს მიმართავენ. მიმართვის ავტორებს მიაჩნიათ, რომ მცხეთის მუზეუმის უნიკალური ექსპონატები აუცილებლად უნდა იყოს დაცული, თუმცა ფიქრობენ, რომ მცხეთის კინოთეატრის შენობა ამ მიზნისთვის არ უნდა გამოიყენონ.

გთავაზობთ წერილს, რომელიც „ქართული ფილმის განვითარების ფონდმა” გაუგზავნა ეკონომიკის მინისტრს:


საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს,

ბატონ დიმიტრი ქუმსიშვილს

 

  03.05.2016

ბატონო დიმიტრი,

თქვენი სამინისტროს ანუ სახელმწიფოს საკუთრებაშია მცხეთის ყოფილი კინოთეატრი, რომელსაც ამჟამად განკარგავს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო.

ჩვენთვის ცნობილია, რომ კინოთეატრის შენობაში იგეგმება მცხეთის მუზეუმის განთავსება და შესაბამისი პროექტი უკვე განიხილა იუნესკოს კომისიამ.

ძალიან სამწუხარო ფაქტია, რომ ხელისუფლებამ 2007 წელს მცხეთის მუზეუმს წაართვა და გაუყიდა შენობა და სანაცვლოდ ახალი არ აუშენა. მიგვაჩნია, რომ მცხეთის მუზეუმის უნიკალური ექსპონატები აუცილებლად უნდა იყოს დაცული და გამოფენილი შესაფერის სივრცეში. მაგრამ ამავე დროს ვთვლით, რომ მცხეთის კინოთეატრის შენობა ამ მიზნისთვის არ უნდა იქნას გამოყენებული.

ეს შენობა მცხეთის ცენტრში აშენდა როგორც კინოთეატრი 1973 წელს (არქიტექტორები: პ. ანდღულაძე, კ. მემანიშვილი, ე. ცხაკაია, გ. ჯაბუა; პანოს ავტორი: რომანოზ ცუხიშვილი) და ის ამ ფუნქციას წლების განმავლობაში ასრულებდა. სწორედ მისმა ფუნქციამ განსაზღვრა შენობის არქიტექტურა, სტილი, ზომები. ეს არის მართლაც რომ იდეალური შენობა კინოთეატრისთვის.   

კინოში და ზოგადად ქვეყანაში არსებული ეკონომიკური კრიზისის გამო ამ კინოთეატრმაც, ისევე როგორც ბევრმა სხვამ, 90-იან წლებში შეწყვიტა ფუნქციონირება და მოგვიანებით სს „ქართული ფილმმა“ სახელმწიფოს გადასცა.

ჩვენი ფონდი, ისევე როგორც სრულიად საქართველოს კინოსაზოგადოება, ერთმნიშვნელოვნად უჭერს მხარს რეგიონებში კინოქსელის აღდგენის იდეას. სასურველია, კინოთეატრების შენობები (რომლებიც ჯერ კიდევ არ არის გასხვისებული) გადაეცეს მუნიციპალიტეტებს საკუთრებაში და, რაც მთავარია, მათ უნდა შეუნარჩუნდეთ ფუნქცია, რათა არ დაიკარგოს ეს მნიშვნელოვანი კულტურული ინსტიტუცია.

უნდა გავაცნობიეროთ, რომ მცხეთის მუზეუმის განთავსებით კინოთეატრის შენობაში ჩვენ, მართალია, ვეხმარებით კულტურის ერთ კერას, მაგრამ ვსპობთ მეორეს, რაც სრულიად დაუშვებლად მიგვაჩნია.

სახლმწიფომ კულტურის კერები კი არ უნდა დახუროს, არამედ მათ დაარსებაზე, აღდგენასა და გაძლიერებაზე უნდა იზრუნოს.  მით უფრო, რომ კინოთეატრის შენახვა არ არის დიდ ხარჯებთან და შრომით რესურსებთან დაკავშირებული.

ამ საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში ჩვენ მზად ვართ, გავუწიოთ კონსულტაცია ადგილობრივ ხელისუფლებას კინომენეჯმენტის საკითხებში.  

 

პატივისცემით

ააიპ „ქართული ფილმის განვითარების ფონდი“-ს  გამგეობის წევრები:

გაგა ჩხეიძე (თავმჯდომარე)                     

 ქეთი დოლიძე

გელა კანდელაკი                                                                           

მერაბ თავაძე

კონსტანტინე ჩლაიძე                                                                 

 ნანა ჯორჯაძე

ასლი: საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორს, ბ-ნ ნიკოლოზ ანთიძეს

მთავრობა 2016 წელს მცხეთის ყოფილ კინოთეატრში მუზეუმის გახსნას გეგმავს

მთავრობა 2016 წელს მცხეთის ყოფილ კინოთეატრში მუზეუმის გახსნას გეგმავს

მასალების გადაბეჭდვის წესი