კომენტარი

გია ნოდია: დასავლეთმა გარკვეული ზეწოლა განახორციელა საქართველოზე

28 ოქტომბერი, 2011 • • 1158
გია ნოდია: დასავლეთმა გარკვეული ზეწოლა განახორციელა საქართველოზე
გია ნოდიადასავლეთმა ქართულ მხარეზე გარკვეული ზეწოლა განახორციელა რუსეთის მსო–ში გაწევრიანებაზე დასათანხმებლად. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” პოლიტოლოგმა გია ნოდიამ განუცხადა.
“პირდაპირი ზეწოლა, რამდენადაც მე ვიცი, არ ყოფილა, მაგრამ თავისთავად ზეწოლაა ის ფაქტი, რომ როდესაც აშშ და ევროპა რუსეთის გაწევრიანებას მხარს უჭერენ, ფაქტობრივად, საქართველო რჩებოდა ერთადერთ ქვეყნად, რომელიც რუსეთის გაწევრიანებას აღნიშნულ ორგანიზაციაში ეწინააღმდეგებოდა. ფაქტობრივად, 21 ოქტომბერი იყო გადამწყვეტი ამ მხრივ, როდესაც ევროკავშირის ვაჭრობის კომისარმა გამოაცხადა, რომ ევროკავშირმა ყველა პრობლემა მოაგვრა რუსეთთან მსო–ში გაწევრიანების თაობაზე. თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოსთვის ძნელია ისეთ ვითარებაში ყოფნა, როდესაც ის იზოლირებულია მსოფლიო ასპარეზზე, რა თქმა უნდა, ეს ობიექტურად გარკვეული ზეწოლის ვითარება იყო,” – განუცხადა “ნეტგაზეთს” ნოდიამ.
გია ნოდია ამბობს, რომ არაა გამორიცხული, რუსული მხარე  არ დათანხმდეს შვეიცარიის მიერ შემოთავაზებულ კომპრომისულ ვარიანტს:
“ჩემი აზრით, რაციონალურია, რომ რუსეთი აღნიშნულ შეთავაზებას დათანხმდეს. თუმცა, შეიძლება, არ დათანხმდეს, რადგან მისთვის ეს უკან დახევაა. შვეიცარიული წინადადების შინაარსი არის ის, რომ მონიტორინგი განხორცილედება და ამ მონიტორინგის განმახორციელებლებს დასავლეთი არჩევს. ასე რომ, რუსეთის მხრიდან დათანხმების შემთხვევაში, ეს ვარიანტი რუსეთისთვის გარკვეულწილად უკან დახევაა. თუ ის თვლის, რომ აფხაზეთი არის სუვერენული სახელმწიფო და ისიც სუვერენული სახელმწიფოა, და ამ შემთხვევაში მესამე ძალა დგება შუაში, ეს, რა თქმა უნდა, არ არის მოსაწონი წინადადება. თუმცა ალბათობა იმისა, რომ რუსეთი ამ შეთავაზებას დათანხმდეს, არსებობს,” – აღნიშნა ნოდიამ.
შეგახსენებთ, ქართული დელეგაცია დათანხმდა შვეიცარიული მხარის მიერ შემოთავაზებულ კომპრომისულ ვარიანტს რუსეთის მსო–ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც შესაძლებელი გახდება საქართველო–რუსეთის ოფიციალურ  და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვარზე შემოსული ყველა ტვირთის საერთაშორისო მონიტორინგი.

მასალების გადაბეჭდვის წესი