კომენტარი

საია: მერაბ ტურავასთვის ბინის გადაცემით სასამართლოს დამოუკიდებლობას შესაძლოა ჩრდილი მიადგეს

18 აპრილი, 2016 • 1301
საია: მერაბ ტურავასთვის ბინის გადაცემით სასამართლოს დამოუკიდებლობას შესაძლოა ჩრდილი მიადგეს

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” აცხადებს, რომ მერაბ ტურავასთვის ბინის სიმბოლურ ფასად გადაცემით მოსამართლის ინსტიტუტს ჩრდილი ადგება. 

საია აღნიშნავს, რომ მოსამართლისათვის მთავრობის მხრიდან ქონების გადაცემისას მკაფიო და გამჭვირვალე რეგულაციების არარსებობის პირობებში, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთათვის უძრავი ქონების სიმბოლურ ფასად საკუთრებაში გადაცემამ შესაძლოა ჩრდილი მიაყენოს ინდივიდუალური მოსამართლეების, ასევე სასამართლოს, როგორც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი არბიტრის როლზე საზოგადოების თვალში.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, სახელმწიფო ვალდებულია საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიზნით შეუქმნას მოღვაწეობისა და ცხოვრების ღირსეული პირობები.

თუმცა კანონის ეს ჩანაწერი ბუნდოვანია და ნორმა არ განმარტავს, თუ კონკრეტულად რა მოიაზრება „ცხოვრების ღირსეული პირობების“ შექმნაში, ხოლო ამ ჩანაწერის აღსრულების პრაქტიკა, როგორც ზემოთ აღინიშნა, მანკიერი ფორმით ვითარდება, აცხადებს ორგანიზაცია.

საია-ს მიაჩნია, რომ ეს შემთხვევა ხელისუფლების მიერ სხვადასხვა თანამდებობის პირებისთვის უძრავი ქონების სიმბოლურ ფასად გადაცემის მანკიერი პრაქტიკის გაგრძელებაა, რასაც გასულ წლებში არაერთხელ ჰქონდა ადგილი, მათ შორის სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან მიმართებაში და რაც წლების განმავლობაში საზოგადოების მწვავე კრიტიკის საგანს წარმოადგენდა.

“კრიტიკის მიუხედავად, სახელმწიფოს დღემდე არ შეუმუშავებია მკაფიო და გამჭვირვალე რეგულაცია, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა სოციალური გარანტიების უზრუნველყოფის მიზნით მოსამართლეებისათვის საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემის საკითხს დაარეგულირებდა”, -წერია საია-ს განცხადებაში, რომელიც ორგანიზაციამ დღეს გაავრცელა.

საია მოუწოდებს საქართველო მთავრობას, რომ: 

  • საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა სოციალური გარანტიების უზრუნველყოფის მიზნით, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთათვის უძრავი ქონების – საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხთან დაკავშირებით დროულად შეიმუშაოს სათანადო რეგულაციები.
  • აღნიშნული რეგულაციები დაფუძნებული უნდა იყოს მოსამართლეთათვის, მოსამართლეობის ვადით, საცხოვრებელი ფართის სარგებლობაში გადაცემაზე და არა სიმბოლურ ფასად საკუთრებაში გადაცემაზე.

  • აღნიშნული რეგულაციების მიღებამდე საქართველოს მთავრობამ უნდა შეაჩეროს პრაქტიკა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთათვის უძრავი ქონების სიმბოლურ ფასად საკუთრებაში გადაცემას უკავშირდება.

დღეს, 18 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს, მერაბ ტურავას ბათუმში, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე მდებარე იმ ბინას გადასცემენ, რომელიც დღეს ბათუმის მერიის საკუთრებაშია. ბათუმის მერია თანახმაა, ბინა, რომლის ფართობია 125 კვ/მეტრი, უსასყიდლოდ გადასცეს სახელმწიფოს, შემდგომში ამ ბინის მერაბ ტურავასთვის სიმბოლურ ფასად საკუთრებაში გადაცემის მიზნით.

მასალების გადაბეჭდვის წესი