კომენტარი

მოქალაქეებისთვის უცნობი და მიუწვდომელი პარლამენტი

13 აპრილი, 2016 • 1445
მოქალაქეებისთვის უცნობი და მიუწვდომელი პარლამენტი

NDI-ის მიერ გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების თანახმად, მოქალაქეების დიდი ნაწილი აცხადებს, რომ პარლამენტის დეპუტატები მათთვის მიუწვდომლები არიან და ვერ ახერხებენ მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობას.

“კვლევაში გამოჩნდა, რომ ამომრჩეველსა და პარლამენტს შორის კომუნიკაცია არის მინიმალური. არც მოქალაქეები მიმართავენ პარლამენტს და არც პარლამენტის წევრები ცდილობენ, რომ მოქალაქეებიდან გაიგონ მათი გასაჭირი,”- ამბობს CRRC საქართველოს დირექტორი  კობა თურმანიძე. NDI-ის დაკვეთით საზოგადოებრივი აზრის კვლევას სწრედ CRRC ატარებდა.

კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 71% აცხადებს, რომ ცოტა რამ იცის პარლამენტის საქმიანობის შესახებ, 21% კი ამბობს, რომ სართოდ არაფერი არ იცის ამის შესახებ. გარდა ამისა, 92% აცხადებს, რომ პარლამენტის რომელიმე წევრისთვის ან ბიუროსთვის 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ არ მიუმართავთ. 97% კი ამბობს, რომ დეპუტატი მათ არ დაკავშირებია.

გარდა ამისა, კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 59% არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ მისთვის პარლამენტში შესვლა ადვილია.

თუ რა შეიძლება იყოს ამის მიზეზები – ნეტგაზეთი ინფორმაციული თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) გამგეობის თავმჯდომარეს, ლევან ავალიშვილს ესაუბრა.

“სამწუხაროდ, საკმაოდ სერიოზული ბარიერებია უშუალოდ პარლამენტარებთან კომუნიკაციის კუთხით. მაგალითად, პარლამენტში შესვლა, დეპუტატებთან კომუნიკაცია იმეილით ან ტელეფონის საშუალებით, მათთვის განცხადებების უშუალოდ მიწოდება. ეს სერიოზული პრობლემა დღემდე რჩება. საბჭოთა გადმონაშთია კომუნიკაციის ასეთი ხარისხი ამომრჩევლებსა და არჩეულებს შორის, ეს რაღაცნაირად უნდა გადალახოს,”- ამბობს ლევან ავალიშვილი.

ლევან ავალიშვილი აღნიშნავს, რომ შესაძლოა ცუდი კომუნიკაციის მიზეზი იყოს ინფორმაციის ნაკლებობა, რადგანაც ბევრმა არ იცის, რომ ასეთი შესაძლებლობა არსებობს და ამის უფლება აქვს.

მანვე აღნიშნა, რომ პარლამენტთან ერთად მუშაობენ ღია პარალმენტის სამოქმედო გეგმაზე, რომლითაც გათვალისწინებულია პარლამენტის ვებ-გვერდზე პლატფორმის შექმნა, რაც შესაძლებლობას მისცემს მოქალაქეებს, კანონპროექტების პირველი მოსმენით განხილვისთანავე დატოვონ კომენტარები წერილობითი და/ან ელექტრონული ფორმით.

სამოქმედო გეგმაში წერია, რომ ეს ცვლილება, რომელიც წაახალისებს მოქალაქეთა ჩართულობას და ხელს შეუწყობს კანონმდებლობის დახვეწას, 2016 წელს უნდა განხორციელდეს.

“შესაძლებელია, აქ უკვე თანამედროვე ტექნოლოგიებიც გარკვეულწილად დაგვეხმაროს და უკეთესი საკომუნიკაციო ბაზა და ინფრაქტრუქტურა შევქმნათ იმისთვის, რომ ეს დაშორება, რომელიც არსებობს მოქალაქეებსა და პარალამენტის წევრებს შორის, აღმოიფხვრას,”- ამბობს ლევან ავალიშვილი.

თუმცა, მისივე განცხადებით, კომუნიკაციის პრობლემა არ აღმოიფხვრება, სანამ დეპუტატები და ამომრჩევლები საკუთარ პასუხისმგებლობას არ გააცნობიერებენ:

“ძირითადად, ჩვენთან ასე ხდება, რომ აქტიური კომუნიკაცია მიმდინარეობს არჩევნებამდე პერიოდში და არა უშუალოდ საქმიანობის პერიოდში. ამიტომ არჩევნებიდან არჩევნებამდე აქტიურობენ ხოლმე ძირითადად. ყველა დეპუტატზე ამას ვერ ვიტყვი, მაგრამ ძირითადად ასეა,”- ამბობს ავალიშვილი.

NDI-ის კვლევის თანახმად,  მოსახლეობის მხოლოდ ერთ მესამედეზე ნაკლებმა იცის, თუ ვინ არის მისი მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში, 58% ამბობს, რომ არ იცის, თუ ვინ არის მისი მაჟორიტარი, ხოლო 11%-მა ამ კითხვაზე არასწორი პასუხი გასცა. კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ 70%-ს არ აქვს ინფორმაცია, თუ როგორ შეიძლება დაუკავშირდეს საკუთარ მაჟორიტარს პარლამენტში.

ავალიშვილი ამბობს, რომ ეს შედეგები საპარლამენტო არჩევნების მაჟორიტარულ სისტემასთან დაკავშირებულ ხარვეზებს ავლენს:

“ვთვლი, რომ ეს შედეგი კარგად ანახებს იმ მანკიერ მხარეს მაჟორიტარული სისტემისა, რომელიც საქართველოში არსებობს. მე არა მგონია, რომ ეს იყოს მხოლოდ პარლამენტთან მიმართებაში – ვფიქრობ, თვითმმართველობებთან მიმართებაშიც იგივე პრობლემა შეიძლება არსებობდეს. იმიტომ, რომ რეალურად არასდროს მუშაობდა და დღემდე, მგონი, არ მუშაობს მაჟორიტარული სისტემა და ერთჯერად ხასიათს ატარებს. მაჟორიტარების უმეტესი ნაწილი აღარ აქტიურობს და პრინციპში, არც ჩანს პარლამენტის სხდომებზე, არც თავის ამომრჩეველთან აქვს ახლო კომინიკაცია და ეს პრობლემა რეალურად, ამ გამოკითხვებითაც კარგად ჩანს,”- ამბობს ლევან ავალშვილი.

NDI-ის კვლევის შედეგები 13.04.2016

NDI-ის კვლევის შედეგები 13.04.2016

საზოგადოებრივი განწყობების კვლევა, რომელიც 13 აპრილს გამოქვეყნდა,  2016 წლის 23 თებერვალიდან – 14 მარტამდე პერიოდის შედეგს ასახავს.

კვლევა NDI-დაკვეთით CRRC- საქართველომ ჩაატარა. გამოიკითხა 3,900 ადამიანი. კვლევის პრეზეტნაცია ორგანიზაციამ დღეს, 13 აპრილს გამართა.

კვლევა განხორცილდა წარმომადგენლობითი შერჩევით ქვეყნის მასშტაბით. ამასთან, დამატებით მოხდა წარმომადგენლობითი შერჩევა თბილისში, ქალაქის და სოფლის ტიპის დასახლებებში, ეროვნული უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში. კვლევა ჩატარდა ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობაში.

კვლევის ავტორების განცხადებით, საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,6%

მასალების გადაბეჭდვის წესი