კომენტარი

მზადება ”რევოლუციური არჩევნებისთვის”

29 აგვისტო, 2011 • 1287
მზადება ”რევოლუციური არჩევნებისთვის”

საქართველოს მთავრობამ განიხილა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც რამდენიმე სახელმწიფო კომპანიის, მათ შორის სტრატეგიული ობიექტების (როგორებიცაა– „საქართველოს რკინიგზა“, „საქართველოს ელექტროსისტემა“, ნავთობისა და გზის კორპორაცია) აქციების 15-20-25%-ის ლონდონის და ვარშავის ბირჟებზე განთავსების შესაძლებლობას იძლევა. ამის გამო, 15 აგვისტოს თქვენ წერილი მიწერეთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ნიკა გილაურს და მოითხოვეთ სტრატეგიული ობიექტების გასხვისების პროცესის შეჩერება. რამ განაპირობა თქვენი ეს მოთხოვნა და რა პასუხი მიიღეთ პრემიერ-მინისტრისგან?

ბოლო წლებში საქართველოს მთავრობამ პრივატიზაციის და მათ შორის სტრატეგიული ობიექტების პრივატიზაციის კუთხით ასეთი ტენდენცია ჩამოაყალიბა: არატრანსპარენტულობა, ანუ ჩვენ, საზოგადოებას, პრაქტიკულად, არა გვაქვს წარმოდგენა და არ გვაწვდიან ინფორმაციას, თუ რა ფინანსური მდგომარეობაა ამა თუ იმ ობიექტში, რა ღირს ეს ობიექტი და ყველაზე სარფიანად რამდენად გაიყიდება. ასევე, არც იმის გაცნობა ხდება საზოგადოებისთვის, თუ რა ვალდებულებებია მყიდველსა და ჩვენ შორის.

მე შემიძლია მაგალითად მოვიყვანო ფოთის პორტი, რომელიც გაიყიდა პირდაპირი მიყიდვის წესით. პრეზიდენტმა, ჩემი აზრით, დაარღვია თავისი ვალდებულება: ხალხის საკუთრება – პორტი, პირდაპირი მიყიდვის წესით არ უნდა გაეყიდა, ის უნდა გასულიყო ტენდერზე და საუკეთესოს გაემარჯვა. რა მოხდა ამის შემდეგ? არანაირი სამუშაო ადგილი ფოთში არ შექმნილა. მე ვიყავი ახლა ფოთში, არანაირი სერიოზული ინვესტიცია ამ კორპორაციას არ გაუკეთებია, წელს კი პორტი გაყიდა უფრო ძვირად და ჯიბეში ჩაიდო დაახლოებით ერთი იმდენი, რამდენადაც იყიდა. ჩემი აზრით, აი, აქ, რა თქმა უნდა, ელიტურ კორუფციასთან გვაქვს საქმე.

პრემიერ-მინისტრისადმი განცხადება იმიტომ გავაკეთე, რომ მსოფლიო ბირჟებზე აქციების რამდენიმე პროცენტის გატანა, თავისთავად, მიღებული პრაქტიკაა, მაგრამ თავად დრო არის არასწორად შერჩეული. იმიტომ, რომ ჯერ ერთი, მსოფლიო ფინანსური კრიზისია და ამ შემთხვევაში ჩვენს სტრატეგიულ ობიექტს ბევრად ნაკლები ფასი დაედება, ვიდრე უნდა გაიყიდოს. მეორე – არ არსებობს არც რკინიგზის, არც გაზსადენის ფინანსური აუდიტის ინფორმაცია ხალხისთვის – რა ქონებას ფლობს საზოგადოება.  და მესამე – დიდი ეჭვი მაქვს, რომ კონკრეტულად ამ ობიექტების გაყიდვა მზადდება კონკრეტული ფინანსური ჯგუფების ინტერესების შესაბამისად და შემდეგ მათ მიერ შეძენილი 25% შესაძლოა, უცებ გადაიქცეს საკონტროლო პაკეტად, მერე კი ამას გააკონტროლებს ან ეს ფინანსური ჯგუფი, ან რომელიმე მეზობელი ქვეყანა. ეს არის ჩემთვის მიუღებელი.

რის საფუძველზე აცხადებთ ამას?

გამოცდილებიდან გამომდინარე. ავიღოთ იგივე თბილწყალი – წყალი, რომელიც მიყიდეს რუსულ კორპორაციას, ხოლო რა ვალდებულებებით, ეს საზოგადოებისთვის არ არის ცნობილი. რაღა შორს წავიდეთ, ენგურჰესი ავიღოთ – დღემდე არ არის ცნობილი შეთანხმების პუნქტები – რა ვალდებულებებით არის მიყიდული რუსული კორპორაციისთვის? ანუ ბუნება სააკაშვილის მთავრობისარის მატყუარა. ბუნება მისი არის, რომ საზოგადოება ამყოფოს ჩრდილში და თავისი ინტერესებიდან გამომდინარე და არა ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, აწარმოოს მოლაპარაკებები და გაყიდვები.

რა საფრთხეს შეიცავს ქვეყნისთვის სტრატეგიული ობიექტის გაყიდვა?

პირდაპირ გეტყვით – რკინიგზა, რომლის საკონტროლო პაკეტი შეიძლება გადავიდეს მეზობელი სახელმწიფოს, ან რომელიმე ფინანსური ინტერესის მქონე ჯგუფის ხელში, ისინი პირდაპირ ეროვნულ უსაფრთხოებას შეუქმნიან საფრთხეს და ტარიფსაც თავად დაგვიდგენენ. შენი ქვეყნის გლობალური, სატრანზიტო ქვეყნის ფუნქცია იქნება სხვის ხელში. მე არ ვიძახი, რომ მენეჯმენტში არ შეიძლება სხვა შემოვიყვანოთ, მაგრამ მთლიანად საკონტროლო პაკეტის გაყიდვა, ჩემი აზრით, იქნება არასწორი და ანტისახელმწიფოებრივი. ამიტომაც მივწერე ის წერილი პრემიერ-მინისტრს. მე დაველოდები. პასუხს, ალბათ, ამზადებენ. თუ არადა, მე ამ საკითხს არ მოვეშვები. ეს საკითხი იქნება ერთ-ერთი მთავარი. იმიტომ, რომ ხალხს აღელვებს ეს.

ირაკლი ალასანია მოსახლეობასთან შეხვედრის დროს
ირაკლი ალასანია მოსახლეობასთან შეხვედრის დროს

ბოლო ერთი თვის განმავლობაში თქვენ ხვდებოდით მოსახლეობას საქართველოს რეგიონებში. მოსახლეობის რა ძირითადი პრობლემები წარმოაჩინა ამ შეხვედრებმა?

ტოტალური უმუშევრობა. საქართველოს ყოველ სამ მოქალაქეში ორი უმუშევარია. ეს არის კატასტროფა. გარდა ამისა, რეგიონებში პოლიტიკის მიმართ არის ნიჰილიზმი. მათ ხელისუფლებასა და ოპოზიციაში ვერ დაინახეს მათთვის ახლობელი ძალა. აქედან გამომდინარე, აუცილებელია, ჩვენ ყოველდღიურად ვიყოთ მათთან ურთიერთობაში, გავიზიაროთ მათი სატკივარი და საქართველოს გავაგონოთ სიმართლე, რა ხდება დღეს საქართველოში.

რაც მთავარია, დღეს ისინი ხედავენ, რომ არის ორი საქართველო: ერთი  – სააკაშვილის და მისი ვიწრო წრის საქართველო, რომელიც ნაციონალური მაუწყებლებით გადმოიცემა და დანარჩენი მოქალაქეების საქართველო, რომელიც არის სიღარიბის ზღვარს მიღმა, 80% – ხელმისაწვდომი ჯანდაცვის გარეშე და ყოველ სამ კაცში 2 მოქალაქე უმუშევარი. აი, ამ ჩიხიდან საქართველოს გამოყვანა სააკაშვილს რომ არ შეუძლია, ამაში ყველა ძალიან კარგად დარწმუნდა, მაგრამ საჭიროა, იმედი გავუჩინოთ ჩვენს მოსახლეობას, მომავლის იმედი და ამას ჩვენ ვერ შევძლებთ, თუ მოვწყდით მათ. ამიტომაც მე გავაგრძელებ ჩემს ვიზიტებს რეგიონებში.

ერთ-ერთ საგაზეთო ინტერვიუში განაცხადეთ, რომ „2012 წელი რევოლუციური არჩევნების წელი იქნება“. რა გზით აპირებთ ამის მიღწევას?

ეს არის სიმართლის გზა. ჩვენი ამოცანაა, ხალხს გავაგებინოთ, რატომ ვართ ამ მდგომარეობაში ჩვენ დღეს – ეს არის ბედის უკურმართობა, თუ სააკაშვილის შეცდომები, რაც მან დაუშვა შეგნებულად თუ შეუგნებლად. ყველაზე მეტად, რაც მე საზოგადოებაში დავინახე, ეს არის ადამიანური დამოკიდებულების დეფიციტი ხელისუფლების მხრიდან. ეს სისასტიკე და ძალადობა, რომლის მეშვეობითაც სააკაშვილი მართავდა ხალხს, უკვე ეფექტს აღარ იძლევა. ადამიანებს სჭირდებათ ცვლილება. ხალხი ხვდება, რომ სააკაშვილი და მისი გუნდი საქართველოს მომავლისკენ ვერ წაიყვანს. ამიტომ საზოგადოებას ჩვენ უნდა შევთავაზოთ სწორი ალტერნატივა: არა მარტო კრიტიკა, არამედ კონკრეტული გამოსავალი. ეს არის ჩვენი სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამა, რომლითაც მე ვესაუბრები მოსახლეობას,  ჩვენი ჯანდაცვის რეფორმის ხედვა, ჩვენი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სტრატეგია, რომლის გარეშეც ჩვენს ქვეყანაში საშუალო ფენა ვერ წარმოიშობა და ვერც დემოკრატია განვითარდება. არ შეიძლება, ამხელა კონტრასტი იყოს სააკაშვილის გარემოცვის ფუფუნებასა და საქართველოს მოსახლეობის სიღატაკეს შორის.

როგორ შეძლებთ ამ ყველაფრის შეცვლას, როცა არჩევნებზე მოგიწევთ დაუპირისპირდეთ ძლიერ სახელისუფლო რესურსს?

რევოლუციური არჩევნები არის ის არჩევნები, როცა ხელისუფალს ჩვენი, საზოგადოების ხმა არ ესმის და ჩვენ ვაიძულებთ მას, გაიგონოს ჩვენი ხმა არჩევნებში მასობრივი მოსვლით. მე ვამბობ, რომ არჩევნებზე უნდა მოვიდეს ამომრჩევლის 75%-80% და სააკაშვილს გაყალბების შანსი არ დავუტოვოთ. შარშან ადგილობრივ არჩევნებზე მოსახლეობის მხოლოდ 48%-49% მოვიდა და ეს იყო შეცდომა. ეს იყო ნიჰილიზმი, მაგრამ ეს იყო შეცდომა. ჩვენ, საზოგადოება დავნებდით. აწი აღარ უნდა დავნებდეთ. იმიტომ, რომ უკან გზა აღარ გვაქვს.

საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით თქვენ მიერ წამოყენებული ძირითადი მოთხოვნები ხელისუფლებამ არ დააკმაყოფილა. გაქვთ თუ არა იმის მოლოდინი, რომ ამ კუთხით ხელისუფლება არჩევნებამდე დათმობებზე წავა? არჩევნებამდე როგორ აპირებთ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მუშაობას?

ოქტომბრამდე ჩვენ გვაქვს დრო და ოპოზიციური „ექვსიანი“, რომელთან ერთადაც ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას, ამ კუთხით ვატარებთ გარკვეულ აქციებს. საზოგადოებისათვის ცნობილი და ავტორიტეტული ხალხის მხარდაჭერით გვინდა მოვთხოვოთ ხელისუფლებას, რომ საგრძნობი ცვლილებები შეიტანოს. თუ არ გაიგონებს ის საზოგადოების ხმას, მაშინ ჩვენ სხვა გზა არ გვექნება.

რა იქნება ხელისუფლებაზე ზეწოლის ბერკეტი თქვენი მხრიდან, რაც მას დათმომბებზე წასვლას აიძულებს?

საზოგადოებრივი აზრის გამოხატვა, მასშტაბური საზოგადოებისა და კონკრეტულად, ვთქვათ, პოლიტიკური უფლებების დამცველთა საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენელთა, თუნდაც, რამდენიმესაათიანი მანიფესტაცია, რათა დავანახოთ სააკაშვილს, რომ მისნაირად ფიქრობს ძალიან ცოტა და ამ ცვლილებისთვის ძალიან ბევრი ადამიანია განწყობილი.

ანუ აქციის ორგანიზებას გეგმავთ?

კი, აქციების ორგანიზებას ვგეგმავთ სექტემბერ-ოქტომბრიდან, ანუ იმ დროიდან, როცა საქართველოს პარლამენტში უნდა დაიწყოს ამ საკითხის განხილვები. კიდევ ერთხელ ვიტყვი: თუ ვერ გაიგონა სააკაშვილმა ხალხის ხმა, მაშინ ჩვენ გადავალთ მართლაც რევოლუციურ რეჟიმში არჩევნებისთვის მზადებისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი