კომენტარი

არა პლაგიატს! – ნეტგაზეთის ბოდიში მკითხველს და კოლეგებს

1 აპრილი, 2016 • 2668
არა პლაგიატს! – ნეტგაზეთის ბოდიში მკითხველს და კოლეგებს

წერილის სათაური, რომელსაც ახლა კითხულობთ, დაიწერა იანვრის ბოლოს. მას შემდეგ იყო რთული პროცესები, რედაქციის შიდა გამოძიება, უკვე ყოფილ კოლეგებთან მტკივნეული ურთიერთობა. ახლა კი მივაღწიეთ იმ მდგომარეობას, როცა უკვე მზად ვართ, მკითხველს მოვუთხროთ ჩვენი ძალიან უსიამოვნო გამოცდილების შესახებ.

“ნეტგაზეთს”, მისი არსებობის განმავლობაში პირველად, სისტემურ პლაგიატთან მოუწია შეხება. შიდა გამოძიებამ, რომელსაც რამდენიმე თანამშრომელი ორ თვეზე მეტია ვატარებთ, ჩვენდა სამწუხაროდ, გამოავლინა, რომ ორი ჟურნალისტი, რომლებთანაც ნეტგაზეთი 2016 წლის იანვრის ბოლომდე თანამშრომლობდა, სისტემატურად მიმართავდა პლაგიატს. ისინი სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ მოპოვებულ ინფორმაციას, კომენტარებს, ინტერვიუებს ასაღებდნენ თავიანთ ნამუშევრებად და უგზავნიდნენ ნეტგაზეთს. საქმე ეხება 2014-15 წლებში გამოქვეყნებულ სტატიებს სამხრეთი კავკასიის რეგიონის შესახებ.

ერთ-ერთი მათგანი ბაქოში მომუშავე ჟურნალისტია, რომლის სტატიებსაც ჩვენ მინა მურადოვას ფსევდონიმით ვაქვეყნებდით. ამის მიზეზი აზერბაიჯანში არსებული მედიაგარემოა, რის გამოც ჩვენ დღესაც თავს ვიკავებთ მისი ნამდვილი სახელის გამხელისგან. მისი სტატიების აბსოლუტური უმრავლესობა პლაგიატი აღმოჩნდა – ეს პირი სხვადასხვა საერთაშორისო, ცნობილი [ბიბისი, როიტერსი, რადიო თავისუფლება, ევრაზიანეტი] და ნაკლებად ცნობილი გამოცემებიდან, ასევე რუსულენოვანი თუ აზერბაიჯანული გამოცემებიდან, ვებგვერდებიდან უცვლელად იწერდა ციტატებს, აბზაცებს და შემდეგ ახდენდა მათ სინთეზს, უმეტეს შემთხვევაში, წყაროს მითითების გარეშე.

“მინა მურადოვა” პირველ ეტაპზე არ გამოეხმაურა “ნეტგაზეთის” შეტყობინებებს აღმოჩენილ პლაგიატთან დაკავშირებით. თუმცა მოგვიანებით მოგვწერა, რომ სტატიებს თავად არ წერდა – გვითხრა, რომ სტატიებზე მუშაობდა მისი მეგობარი, რომელსაც სჭირდებოდა ჰონორარი, და თავად “მურადოვამ” არაფერი იცოდა პლაგიატის შესახებ.  

ჩვენ, ცხადია, არ გვჯერა ამ განმარტების, თუმცა, ასეც რომ იყოს, ეს მას პასუხისმგებლობისგან აბსოლუტურად არ ათავისუფლებს – “ნეტგაზეთს” სწორედ მასთან ჰქონდა ხელშეკრულება გაფორმებული და არა ვინმე სხვა ჟურნალისტთან. ამასთან, ხელშეკრულებაში ნათლად იყო მითითებული, რომ სწორედ მას უნდა მოემზადებინა სტატიები მაღალი ჟურნალისტური სტანდარტით და თუკი რეპორტიორი გამოიყენებდა სხვა წყაროებს, ისინიც უნდა მიეთითებინა.

მიზეზი, რის გამოც ამ რეპორტიორთან დავიწყეთ თანამშრომლობა, იყო ის კარგი ჟურნალისტური სკოლა, სადაც მან მიიღო განათლება, და რიგი საერთაშორისო მედიაორგანიაზაციები, რომლებთანაც ის თანამშრომლობდა.

მეორე ავტორი, რომელიც ასევე სისტემატურად მიმართავდა პლაგიატს, აშოტ გაზაზიანია – ერევანში მომუშავე ჟურნალისტი, რომელიც მრავალი წელია თანამშრომლობს და სომხეთიდან მასალებს აწვდის “დოიჩე ველეს”. ის ასევე არის სომხეთში გამომავალი გაზეთის – “პიატნიცას” ერთ-ერთი რედაქტორი. მისი სტატიების შესწავლის დროს აღმოჩნდა, რომ ნეტგაზეთისთვის “მომზადებულ” მასალებში იყენებდა ამ გამოცემაში სხვისი ავტორობით გამოქვეყნებულ სტატიებს. ასევე  პირდაპირ იწერდა სხვადასხვა ინფორმაციას, კომენტარს, ინტერვიუს,  როგორც “დოიჩე ველედან”, ისე სხვა გამოცემებიდანაც.

რედაქციის შიდა გამოძიების დაწყების მიზეზი გახდა სწორედ ამ ავტორის ერთ-ერთი სტატია, რომელიც არ გამოქვეყნებულა. სტატია 2016 წლის იანვარში მივიღეთ, მასში პლაგიატის შემთხვევა აღმოვაჩინეთ და გადავწყვიტეთ მისი და სხვა ავტორის მიერ მომზადებული ყველა სტატია შეგვემოწმებინა. თუმცა პლაგიატის პრაქტიკა მხოლოდ ამ ორი ავტორის ტექსტებში აღმოჩნდა.

გამოძიების დროს აშოტ გაზაზიანს  “ნეტგაზეთთან” მიმოწერაში არ უარყვია, რომ მიმართა პლაგიატს და მიზეზების ახსნას პირადად შეხვედრის დროს დაგვპირდა. “ნეტგაზეთი” ამჟამად განიხილავს ამ ავტორთან დაკავშირებით სომხეთის პრესის თვითრეგულირების ორგანოსთვის, ასევე სასამართლოსთვის მიმართვის შესაძლებლობას.

საბოლოო ანგარიშით, ჩვენი გამოძიების შემდეგ საიტიდან  წაშლილია ორივე ავტორის მიერ 2014-16 წლებში გამოქვეყნებული 40-ზე მეტი სტატია. ამ სტატიების ლინკები კვლავ ხელმისაწვდომია, თუმცა საკუთრივ სტატიის ნაცვლად ნახავთ წარწერას, რომ ტექსტი წაშლილია აღმოჩენილი პლაგიატის გამო.

სტატიების წაშლის გარდა, “ნეტგაზეთმა” გაუგზავნა ბოდიშის წერილები 40-ზე მეტ გამოცემას – ვებგვერდებს, რომლებიდანაც ორივე ჟურნალისტი პირდაპირ იწერდა  სხვადასხვა ინფორმაციას, საკუთარ ნამუშევრად ასაღებდა და ამ ქმედებების შედეგად მიღებულ ტექსტებს “ნეტგაზეთზე” ვაქვეყნებდით.

ეს გამოცდილება ჩვენთვის თავზარდამცემი იყო. ბუნებრივია, ჩვენ არასოდეს გვქონია ილუზია, რომ მოვლენებს, მით უფრო მთელი რეგიონის, სამხრეთ კავკასიის სურათს სრულად ავსახავდით, ჩვენი რედაქციის ადამიანური რესურსებიდან გამომდინარე (ამჟამად ჩვენს ვებგვერდზე სულ 6 ჟურნალისტი მუშაობს, აქედან – 2 სტუდენტი, ნახევარგანაკვეთზე), თუმცა ფუნდამენტური  ჟურნალისტური სტანდარტი – პლაგიატის დაუშვებლობა – ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი პრინციპია. სწორედ ეს პრინციპები და ჩვენი კოლეგებისადმი პროფესიული ნდობა იყო იმის მიზეზი, რომ პლაგიატის აღმოჩენისთვის ამდენი დრო დაგვჭირდა. მაგრამ ეს გამოცდილება ერთგვარი გაკვეთილიც იყო – ამიერიდან ნამდვილად უფრო მეტ სიფრთხილეს გამოვიჩენთ.  

“ნეტგაზეთი” აგრძელებს მუშაობას. ჩვენ უკვე მოვიძიეთ ახალი ავტორები სომხეთსა და აზერბაიჯანში, ასევე ავამოქმედეთ უფრო მაღალი სტანდარტი სტატიების შესამოწმებლად.

ჩვენ მზად ვართ, კვლავ ვიმუშაოთ თქვენი ნდობის მოსაპოვებლად, თუ ის დავკარგეთ ამ ძალიან უსიამოვნო შემთხვევის გამო. ის, რომ ჩვენ მოვახერხეთ ამ გამოცდილების დაძლევა და კვლავ ჩვეულებრივი შემართებით ვმუშაობთ,  “ნეტგაზეთის” ბევრი მეგობრის დამსახურებაცაა – ამ ორი რთული თვის განმავლობაში მათ რჩევებს ვეკითხებოდით, რისთვისაც ყველა მათგანს ვუხდით მადლობას.

მართალია, ინტერნეტმა სრულიად ახალი და ფართო შესაძლებლობები მისცა პლაგიატს, მაგრამ მან ასევე გააიოლა პლაგიატის აღმოჩენა. თუმცა ეს უკანასკნელი მაინც საკმაოდ რთულია ისეთი შემთხვევებში, როცა საქმე გვაქვს სხვადასხვა ენაზე დაწერილი მასალების გადაწერასთან. ვიმედოვნებთ, რომ პლაგიატის დეტექტორებს დეველოპერები სამხრეთ კავკასიაშიც შექმნიან ადგილობრივ ენებზე სამუშაოდ.

და რაც მთავარია, ინტერნეტმა მოგვცა შესაძლებლობა, მხოლოდ ჩვენ არ ვიმუშაოთ საიმისოდ, რომ თქვენ, ჩვენმა მკითხველმა მიიღოთ გადამოწმებული, სანდო წყაროებზე დაფუძნებული ინფორმაცია; ახლა უკვე თქვენ თავად შეგიძლიათ ამ პროცესებში მონაწილეობა გაცილებით უფრო მარტივად, ვიდრე უწინ, ინტერნეტის გამოგონებამდე –  მოგვწეროთ, გვაცნობოთ, რომ ესა თუ ის ინფორმაცია აუცილებლად საჭიროებს შემოწმებას, რომ კონკრეტულ ტექსტში წააწყდით მონაკვეთს, რომელიც პლაგიატის შესახებ აღძრავს ეჭვებს. არ დაგეზაროთ და მოგვწერეთ ყველაფრის შესახებ, რაშიც ეჭვი შეგეპარებათ. ეს ძალიან დაეხმარება “ნეტგაზეთსაც” და მის მკითხველსაც.

info@netgazeti.ge

netgazeti.ge@gmail.com

https://www.facebook.com/netgazeti/

https://twitter.com/netgazeti

 

მასალების გადაბეჭდვის წესი