კომენტარი

ბექა მინდიაშვილი: “ილია მეორეს ვიზიტი უკრაინაში არის ძალიან ნეგატიური”

28 ივლისი, 2011 • • 1203
ბექა მინდიაშვილი: “ილია მეორეს ვიზიტი უკრაინაში არის ძალიან ნეგატიური”

პატრიარქების შეხვედრა კიევში
პატრიარქების შეხვედრა კიევში

საქართველოსა და რუსეთის პატრიარქების 26 ივლისის შეხვედრის მნიშველობაზე, შეხვედრაზე განხილულ საკითხებსა და მოსალოდნელ შედეგებზე ნეტგაზეთი ესაუბრა რელიგიათმცოდნე ბექა მინდიაშვილს.

ნეტგაზეთი: ორ ქვეყანას შორის არსებული პოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსა და რუსეთის პატრიარქების შეხვედრა?

ბექა მინდიაშვილი: როგორც რუსეთის პატრიარქმა განაცხადა, ისეთი ღრმა ურთიერთობა, როგორიც აქვს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან,  მას არც ერთ სხვა ეკლესიასთან არა აქვს. თუ ამოვალთ იქიდან, რომ რუსეთის ეკლესია არის კრემლის ინსტრუმენტი,  როგორც საერთაშორისო, ისე შიდა არენაზე და ამას არც მალავს არავინ და აღიარებებიც ყოფილა ამ თვალსაზრისით.  ვიკილიქსით გავრცელებულ მასალებში მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი  აშშ-ს ელჩთან საუბრისას აცხადებს, რომ „ჩვენ ვართ რუსეთის სახელმწიფო ინტერესების გამტარებელები.“

ისტორიულად ეს ეკლესია ასეა ჩამოყალიბებული – ის ემსახურება სახელმწიფო ინტერესებს  და  თუ საგარეო სივრცეში  ამ ინტერესებს  საქართველოსთან მიმართებაში განვიხილავთ,  ეს არის აგრესიული და იმპერიალისტური,  მაშინ უნდა ვთქვათ, რომ რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის  ინტერესი საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მიმართ არის რუსული, იმპერიალისტური ხაზის გაგრძელება.  ეს სურვილები კი, რაც გააჩნია რუსეთის ხელისუფლების ინტერესების გამტარებელ ამ რელიგიურ კანტორას, შენიღბულია მართლმადიდებლური  ტერმინოლოგიით და რიტორიკით სიყვარულისა და ურთიერთგაგების შესახებ.

აქედან გამომდინარე, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია თავს იგდებს უხერხულ მდგომარეობაში და იძულებულია, რომ იცრუოს. მე არა მგონია, რომ ის შეუგნებლად იტყუებდეს თავს. მან ძალიან კარგად იცის, ვისთან აქვს საქმე. უბრალოდ, მისი ინტერესი ამ რუსულ  პოლიტიკურ-იდეოლოგიური ორბიტის  სივრცეშია მოქცეული.  არავისთვის არ არის დასამალი, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია პრორუსულია და დასავლური არ არის ამ თავლსაზრისით.  ამიტომ იგი იოლად ახერხებს ამ ურთიერთობების პოვნას. მითუმეტეს, ამას ებმის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხები.

ნეტგაზეთი: თუ რუსეთის ეკლესია ხელისუფლების პოლიტიკის გამტარებელია, როგორ უნდა გავიგოთ პატრიარქ კირილის მიერ ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციის აღიარება სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიაზე?

ბექა მინდიაშვილი: აქაც თავის მოტყუებაა ის გარემოება, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია აღიარებს   ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციას  სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიაზე და ამისთვის პატრიარქი ილია მეორე მადლობას უხდის მას[რუსეთის პატრიარქს]. თუ ვნახავთ, რეალობა როგორია, არ გაგვიჭირდება შემჩნევა, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე, ფაქტობრივად, რელიგიური დესანტია გადმოსხმული. ამის გამო იქ, აფხაზეთის მართლმადიდებლურ წრეებში, ნაციონალისტური მიზეზით განხეთქილებაც კი იყო. მაგალითად, ახალი ათონის მონასტერში რვა თუ ცხრა რელიგიური დესანტი შეუშვეს მონაზვნების სახით და აუკრძალეს იქ აფხაზურ ენაზე  წირვის ჩატარება, სასულიერო პირებისთვის რუსული ფორმის ტარება შემოიღეს. მოკლედ, რუსიფიკაცია დაიწყეს ისევე, როგორც ეს გააკეთეს საქართველოში სამი საუკუნის წინ.

ნეტგაზეთი: გამოდის, რომ რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალური პოზიცია მის რეალურ ქმედებებზე არ აისახება. ამას გულისხმობთ?

ბექა მინიდაშვილი: ამ შემთხვევაში რუსეთის საპატრიარქოს ოფიციალური პოზიცია არის მხოლოდ და მხოლოდ ნიღაბი, რათა მთლიანად აკონტროლოს სიტუაცია. რეალურად, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიას რელიგიური თვალსაზრისით აკონტროლებს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია და სპეცსამსახურები – ეს ერთი მხარეა. მეორე მხარე არის ის, რომ თუკი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია უფრო მკვეთრ ნაბიჯებს გადადგამს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და მისი იურისდიქციის წინააღმდეგ, ამას სხვა მართლმადიდებელი ეკლესიების მხრიდან არანაირი მხარდაჭერა არ მოყვება და ეს იქნება, უბრალოდ, სკანდალური ამბავი.  ამასთანავე, ეს ფაქტი საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას განაწყობს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ, რაც პირდაპირ უკავშირდება უკრაინას. შესაძლოა, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ დაიწყოს ფიქრი და გარკვეული ნაბიჯები გადადგას უკრაინის მართლმადიდებელი ეკელსიის აღიარებისკენ, რომელსაც აქტიურად უშლის ხელს რუსეთის ეკლესია, რომელიც ასევე წარმოდგენილია უკრაინაში. უკრაინა რელიგიური თვალსაზრისით გახლეჩილია. იქ არსებობს ორი მართლმადიდებლური ჯგუფი  – ერთი, რომელიც ექვემდებარება რუსეთის პატრიარქს, მეორე კი არის დამოუკიდებელი უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესია. ეს მდგომარეობა უკრაინაში 1992 წლიდან არის. ამ ხნის განმავლობაში უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია ვერ ახერხებს ავტოკეფალიის მოპოვებას. არანაირი სხვა მიზეზი, გარდა იმპერიული ექსპანსიონიზმისა, რუსულ ეკლესიას უკრაინისადმი არ აქვს, რადგან წლების წინ ის სხვა ქვეყნებში თავად ქმნიდა და აღიარებდა მართლამდიდებლური ეკლესიების ავტოკეფალიას, მათ შორის, ჩეხეთში, უნგრეთში, აშშ-სა და სხვა ქვეყნებში.

პატრიარქ ილია მეორეს პირველი ვიზიტი უკრაინაში არის ძალიან ნეგატიური ამ კონტექსტში, იმიტომ, რომ ჩავიდა იქ ადგილობრივი , რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგნელთან, მიტროპოლიტ ვლადიმერთან, რომელიც ემორჩილება რუსეთის საპატრიარქოს. ეს ფატქობრივად ლეგიტიმაცია და აღიარებაა იმ უსამართლო რეალობისა, რაც უკრაინაში არსებობს რელიგიური თვალსაზრისით. ილია მეორეს კი არ გადაუდგამს ნაბიჯი, რომ კეთილგანწყობა გამოეხატა უკრაინის მართლმადიდებელი ეკელსიისადმი, რომელსაც სურს ავტოკეფალიის მოპოვება.

ნეტგაზეთი: რუსეთის ეკელსიის ინტერესზე ვისაუბრეთ. ამ მოცემულობაში რა მოლოდინი უნდა ჰქონოდა საქართველოს საპატრიარქოს და რა რეალურ შედეგს შეიძლება დაელოდოს  ამ შეხვედრიდან?

ბექა მინდიაშვილი: როგორც მე ვიცი, პატრიარქ ილია მეორეს სურს, რომ ჩავიდეს აფხაზეთში. აფხაზეთში ჩასვლას კი ცდილობს რუსული ეკკლესიის მხარდაჭერით.  რუსულმა ეკლესიამ თითქოს უნდა მისცეს კურთხევა და  გაუწიოს დახმარება, რომ მან შეძლოს აფხაზეთში ჩასვლა. სიმართლე გითხრათ, მე მომხრე ვარ, რომ რუსულ ეკელსიასთან ცივი და მაქსიმალურად დისტანცირებული დამოკიდებულება გვქონდეს, რადგან ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ტყუილებზე აგებული ურთიერთობები. თავს ვიტყუებთ იმით, რომ საქართველოს მტერი  ჩვენს რელიგიურ იურისდიქციას აღიარებს აფხაზეთში, როცა რეალობა არის განსხვავებული, ეს მხოლოდ ფორმალობაა. ერთადერთი შედეგი, რომელიც ამ ვიზიტმა ჯერჯერობით გამოიღო,  არის ის, რომ რუსეთის პატრიარქმა განაცხადა, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში კანონიკური უწესრიგობა არის ორივე მხრიდანო.  რა იგულისხმება კანონიკურ უწესრიგობაში,  ეს უცნობია. არსებული რეალობის მსგავსი შეფასება პირველად გაისმა.

დასკვნის სახით შეიძლება ვთქვათ, რომ რუსეთის მართლმადიდებლური ეკელსია საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ არასოდეს არ გადადგამს ნაბიჯს, იმიტომ, რომ  რუსეთის ეკლესიას საქართველოს ეკლესია გაცილებით მსუყე ლუკმად მიაჩნია, ვიდრე აფხაზეთის, ან სამხრეთ ოსეთის რელიგიური ჯგუფები. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ქართულ რეალობაში არის გავლენიანი და ავტორიტეტული. შესაბამისად, მისი ლოიალობა რუსეთისადმი არის ძალიან მნიშვნელოვანი რუსეთის პოლიტიკისთვის საქართველოში.

ნეტგაზეთი: როგორ მიგაჩნიათ, შესაძლებელია თუ არა, რომ ამ ორი ეკლესიის დაახლოებამ რუსეთ-საქართველოს შორის პოლიტიკურ ურთიერთობაზე რაიმე გავლენა მოახდინოს?

ბექა მინიდაშვილი: არა მგონია, რომ ამ სიტუაციაში ეკლესიამ პოლიტიკაზე დადებითი გავლენა მოახდინოს რუსულ-ქართული ურთიერთობების კონტექსტში, უფრო -პირიქით, ეს იწვევს რაღაც გაორებას. მაგალითად,  2008 წლის მიწურულს პატრიარქი ჩავიდა და შეხვდა რუსეთის პრეზიდენტს. ეს ხდებოდა იმ ფონზე, როცა რუსეთის პრეზიდენტი ამბობდა, რომ საქართველოს პრეზიდენტი პოლიტიკური გვამია, საქართველოს პრეზიდენტი კი მას უწოდებდა ოკუპანტს. ოკუპანტი ქვეყნის ლიდერი როგორ შეიძლება იყოს კეთილგანწყობილი საქართველოსადმი? პატრიარქმა ილია მეორემ კი ამ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი საქართველოსადმი არის კეთილგანწყობილი.  მე ვფიქრობ, რომ ის შედეგი, რაც რუსებს უნდოდათ, ამ ფრაზით გამოიხატა. ისევე, როგორც ახლა გამოიხატა, რომ საქართველოსა და რუსეთის ეკლესიებს თითქოს განსაკუთრებული ურთიერთობები აქვთ ერთმანეთთან. როგორ შეიძლება ეკლესიას ჰქონდეს განსაკუთრებულად ღრმა ურთიერთობები, როცა ამ ეკლესიამ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ჩამოართვა ავტოკეფალია და არაერთხელ შეაჩვენა.

ამავე თემაზე:

პატრიარქების “ძმური ტრაპეზი”

რუსეთის პატრიარქი ილია მეორესთან შეხვედრის თაობაზე

საქართველოსა და რუსეთის პატრიარქები ერთმანეთს დღეს შეხვდებიან

საგარეო უწყება საქართველო–რუსეთის პატრიარქების შეხვედრაზე

ილია მეორე რუსეთის პატრიარქს შეხვდება


მასალების გადაბეჭდვის წესი