კომენტარი

მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირების პოზიციები

10 ივლისი, 2011 •
მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირების პოზიციები

  1. 1. “მართლმადიდებელი ეკლესია შეურაცხყოფილია”

მამა დავით ისაკაძე, სოფელ დიღმის ეკლესიის დეკანოზი:

“დარღვეულია კონსტიტუცია, შეურაცხყოფილია მართლმადიდებელი ეკლესია და ამასთან ერთად, საქართველოს, როგორც ქვეყანას, სახელმწიფოებრივად უკვე ემუქრება დიდი ხიფათი. არსებობს კონსტიტუციური შეთანხმება სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის, რომელსაც კონკორდატი ეწოდება. აქედან გამომდინარე, სახელმწიფოს, როდესაც ის იღებს რაიმე გადაწყვეტილებას რელიგიურ საკითხებთან დაკავშირებით, აუცილებლად უნდა ჰქონდეს შეთანხება მოპოვებული მართლმადიდებელ ეკლესიასთან, რაც არ მოხდა.”

მამა დავით ლასურაშვილი, სიონის ტაძრის მღვდელი:

“აქ თითქოს ვიღაცამ ლოგიკურად დასრულება მოინდომა, ცნობიერებისა თუ ქვეცნობიერების დონეზე, ახალი ქართველების ჩამოყალიბება. თითქოს ამით დაასრულა ეს ყველაფერი ვიღაცამ, ეკლესია შეურაცხყოფილ მდგომარეობაში აღმოაჩინა. დღეს ეკლესია შეურაცხყოფილია იმით, რომ პატრიარქის და საპატრიაქროს სიტყვა შეურაცხყოფილია. ითხოვა უწმინდესმა, რომ გადადებულიყო დროებით ამ საკითხის განხილვა, არავინ ამას ყურადღება არ მიაქცია და თან ასეთი ხმები ისმის, მივედით საპატრიარქოშიო… და  როდის მივედით? იმ დღეს, როდესაც განხილვა მიმდინარეობდა?”

2. რა საფრთხეებს ხედავს სამღვდელოება?

მამა დავით ისაკაძე, სოფელ დიღმის ეკლესიის დეკანოზი:

“უკვე დაწყებულია პროცესი, როდესაც სხვადასხვა რელიგიური დენომინაციები ითხოვენ  ტაძრების გადაცემას, თავისუფლად ტაძრების აშენებას, მეჩეთების აშენებას და თანაც ასეთი კონტექსტით, რომ ჩვენ კომუნისტების დროს ეს დავკარგეთ… ითხოვენ სივრცეებს, მიწებს, ნაგებობებს. თუკი აქამდე, როდესაც შენდებოდა მეჩეთი და კათოლიკური ეკლესია, ჩვენ ვთხოვდით ნებართვას, ამის შემდეგ ისინი, როგორც იურიდიულად უკვე თავისუფალი პირები, ამ თვალსაზრისით არც არავის შეეკითხებიან, ისე ააშენებენ თავიანთ ნაგებობს. ხელფეხი ეხსნება ყველას, ვინც წარმოადგენენ არამართლმადიდებლურ კონფესიებს, რომ თავიანთი სარწმუნოება უფრო ფართოდ მოახვიონ თავს და განახორციელეონ პროზელიტიზმი საქართველოში და ამასთან ერთად, საუბარია უკვე სივრცეების დაკარგვაზე”.

მამა დავით ქვლივიძე, ქ. თბილისის ჩიტაძის წმ. ნინოს სახელობის ტაძრის დეკანოზი:

“საქართველოში, სანამ კონკორდატი მოქმედებდა, მეჩეთების აშენების უფლება არ ჰქონდათ, მაინც აშენებდნენ, 40–მდე მეჩეთი და მედრესია აშენებული სრულიად უკანონოდ. და როდესაც ჩვენ საბუთს ვთხოვდით, ისინი თავის მართლების რეჟიმში იყვნენ და ახლა მათ უკვე ეს ხელ–ფეხი გახსნილი აქვთ: ბოლნისში და მარნეულში კი არა, რიყეზე, თუ გადაიხადეს ფული, უდიდეს მეჩეთს დადგამენ და ვერც ვერავინ ვერაფერს ვერ ეტყვის.”

3. პარალელები სხვა ქვეყნებთან

მამა დავით ქვლივიძე, ქ. თბილისის ჩიტაძის წმ. ნინოს სახელობის ტაძრის დეკანოზი:

“შვეიცარიაში არც კონკორდატია, არანაირი შეთანხმება სახელმწიფოსა და იქაურ ადგილობრივ ეკლესიას შორის არ არსებობს, მაგრამ როდესაც შვეიცარიაში გადაწყვიტეს ორი მეჩეთის აშენება და შეგახსენებთ, რომ შვეიცარიაში დაახლოებით 400 ათას მუსულმანს აქვს აგარაკები, ესენი არიან უმდიდრესი ადამიანები, შეიხები საუდის არაბეთიდან, კატარიდან, კუვეიტიდან, თავისი ფული, 15 მილიარდიე და ცოტა მეტი შეაქვთ ყოველწლიურად შვეიცარიის ბანკებში. ამ 400 ათას კაცს შვეიცარიაში აქვს 4 მეჩეთი, ანუ 100 ათას კაცზე მოდის 1 მეჩეთი და ამ ხალხმა მოითხოვა, შვეიცარიის მთავრობას თხოვა, რომ ნება მოგვეცით, ორი მეჩეთი კიდევ ავაშენოთ. შვეიცარიის მთავრობამ გამოაცხადა რეფერენდუმი და ხალხმა თქვა უარი და წარმოიდგინეთ, შვეიცარიაში, დემოკრატიის აკვანში, ეს ვერ გააკეთეს.

გერმანიის მაგალითს მოვიყვან: კელნში თურქებმა, 5%–ია გერმანიის მოსახლეობის თურქი მოსახლეობა, 5 მილიონი თურქია, ცოტა მეტი გერმანიაში, გადაწყვიტეს მეჩეთის მშენებლობა. ხალხმა გამოთქვა პროტესტი და მეჩეთის მშენებლობა გააჩერეს გერმანიაში. ანგელა მერკელი გამოვიდა დაახლოებით 4 თვის წინ და პირდაპირ თქვა, რომ ჩვენ მულტიკულტურის აშენება გვინდოდა გერმანიაში და ეს ვერ მოხერხდაო და ჩვენ გვინდა გავაგებინოთ ყველასო, რომ გერმანია არის ქრისტიანული ტრადიციების ქვეყანა და პატივი ვცეთ ჩვენს ტრადიციებს.

საფრანგეთში რა ჰქნეს? იცით, მუსულმანებს როგორ თხოვეს თავიანთი გარეგნული იერი მოეწესრიგებინათ და საფრანგეთის კანონის გათვალისწინებით ევლოთ, ანუ ჩადრების გარეშე.

იგივე ხდება ინგლისშიც, ანგლიკანურ ეკლესიას ვერავინ გაუბედავს კონკურენციის გაწევას, მიუხედავად იმისა, რომ ინგლისში უამრავი რელიგიური მიმდინარეობაა და არავინ არავის არ ჩაგრავს, არც ჩვენთან არ ჩაგრავდა არავინ არავის.

თურქეთი, ჩვენი მეზობელი და პარტნიორი. თურქეთი მეუბნება, რომ ჩემი ძმა არის, ქართულ ეკლესიაში წირვა–ლოცვას მიკრძალავენ. ჟანდარმი რომ მოვიდეს და დამინახოს, მე რომ ვლოცულობ, დამიჭერენ, ამის იურიდიული უფლება აქვს და შეუძლია წამიყვანოს საპატიმროში. საზღვარზე რომ გადავდივარ, თურქები მეუბნებიან – განიმოსეო. ვეუბნები, რომ მე სხვა ტანსაცმელი არ მაქვს, ეს ჩემი ტანსაცმელია, პრობლემებია, ამას მეუბნება ქვეყანა, რომელსაც ევროკავშირში და შენგენში შესვლა უნდა, ნატოს წევრია და პრეტენზია აქვს დემოკრატიულობაზე.

ჰოდა, ჩვენს გარშემო ყველა ასეა:

კახი–ბელაქანში, აზერბაიჯანში, ნახეთ იქ ქურმუხის წმ. გიორგის ეკლესია დაიხურა და მღვდელს არ უშვებდნენ და ე.ი. ასეთი ბრძანება გამოვდა აზერბაჯანის მხრიდან, რომ აქ რომ მღვდელმა წირვა ჩაატაროს, აზერბაიჯანის მოქალაქე უნდა იყოსო. ახლა რომელ მღვდელს ნახავ აზერბაიჯანის მოქალაქეს? და დიდი ხვეწნით, ვედრებით, დაუშვეს და დაგვამადლეს, რომ მღვდელმა წირვა ჩაატაროს ქურმუხის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში.”

4. ისტორიული პარალელები და ხელისუფლების გადაწყვეტილების შეფასებები

მამა სპირიდონ ცქიფურიშვილი, ქ. თერჯოლის წმ. გიორგის ტაძრის მღვდელი:

“მინდა საზოგადოებას შევახსენო მე–20 საუკუნის დასაწყისის მაგალითი, როდესაც ათეისტური ხელისუფლება ღებულობდა გადაწყვეტილებას ტაძრების ნგრევისა და სასულიერო პირების განადგურების შესახებ. სამართლებრივად არც ერთ მათგანს, ვინც ამ განადგურებაში მონაწილეობდა, პასუხი არ უგიათ, მაგრამ არც ერთი მათგანი არ არის დარჩენილი სასჯელის გარეშე. ყველა ის ადამიანი, რომლებიც აქტიურობდნენ და ინიციატივას იჩენდნენ ტაძრების ნგრევაში და სასულიერო პირებისა და მოწრმუნეთა განადგურებაში, არათუ თვითონ ისჯებოდნენ, არამედ ოჯახები, შთამომავლობა ისჯებოდა.

დღეს გვაქვს შეიძლება ითქვას ტიპიური შემთხვევა და მე მინდა მივმართო იმ 70 პარლამენტარის ოჯახის წევრებს, ყველა იმ ადამიანს, ვისაც ეს 70 ადამიანი უყვარს, დაეხმარეთ მათ, რათა მათ თავზე არ დატრიალდეს იგივე სასჯელები, რაც დატრიალდა მე–20 საუკუნეში ეკლესიის წინააღმდეგ მებრძოლთა თავს. ისინი არიან სასჯელის ქვეშ, რადგან მათი გადაწყვეტილებით, ფაქტობრივად, ომი იქნა გამოცხადებული საქართველოს მათრლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წინააღმდეგ, მაგრამ ჯერ არ გაჩენილა არანაირი ძალა და არც გაჩნდება მომავალში, რომელიც დაამარცხებს მართლმადიდებლურ ეკლესიას. დამარცხდებიან ისინი და დაისჯებიან და ღმერთმა დაიფაროს, ღმერთმა სინანული მიმადლოს.

პილატეს არ უნდოდა ქრისტეს ჯვარცმა, სახარებიდან ვიცით, როგორ ცდილობდა ის, რომ ქრისტე ჯვარზე არ გაკრულიყო, მაგრამ როცა უთხრეს პილატეს, რომ პასუხს უგებ კეისარსა, მაშინ უკვე დაიხია უკან, შეეშინდა სკამის დაკარგვის, შეეშინდა სიცოცხლის დაკარგვის და ხელი მოაწერა ქრისტეს ჯვარცმაზე, ანუ ხელი მოაწერა სიმართლის წინააღმდეგ და ის არ გამართლებულა, პილატე დაისაჯა და სხვათაშორის, ისტორიულად ვიცით, რომ ის დაისაჯა სწორედ ქრისტეს ჯვარცმისთვის.

ასე, რომ თუკი რომელიმე პარლამენტარი იმ მდგომარეობაში არის, რომ სიცოცხლის ან შემოსავლის დაკარგვის სანაცვლოდ მოაწერეს ხელი ამ გადაწყვეტილებას, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, ისინი იმეორებენ პილატეს ცოდვას და ღმერთმა მიცეთ სინანული და ამ სინანულში, კარგი იქნება, თუ მათ ოჯახის წევრები დაეხმარებიან.”

მამა დავით ლასურაშვილი, სიონის ტაძრის მღვდელი:

“მე მინდა სულ ორი მონაკვეთი შეგასხენოთ საქრისტიანოს წარსულიდან: ერთი საქართველოს სინამდვილეში ხდებოდა, მეორე კი – ბიზანტიის სინამდვილეში. ყველას გახსოვთ გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებიდან – გაბრიელ დაფანჩულისა და გრიგოლ ხანძთელის შეხვედრა. რას ეუბნება გაბრიელ დაფანჩული უდიდეს წმინდანს და უდიდეს პიროვნებას თავის თანამედროვე ქვეყნისა საქართველოსი, რომ “აწ ჩვენთან არს ხორციელი კეთილი და თქვენთან არს სულიერი კეთილი და ესრეთ შევაზავნეთ ურთიერთასო”. ანუ ჩვენ, საერო ხელისუფლებას გვაქვს ის მატერიალური და ა.შ კეთილი, ანუ მომეტებული გვაქვს ჩვენ ეს, სულიერი კეთილი მომეტებული თქვენ გაქვთ და ჩვენი სახელმწიფოს კეთილდღეობისათვის ეს უნდა შეზავდეს ერთმანეთთან და ასევე, უნდა ვიშრომოთ ჩვენი ქვეყნისათვის.

მეორე გახლავთ იუსტინიანე დიდი, მეექვსე საუკუნის უდიდესი პიროვნება, უგანათლებულესი პიროვნება, წმიდანი, იმპერატორი ბიზანტიისა. ის ამბობს ერთ–ერთ თავის ნოველაში: როდესაც ჩვენ, ხელისუფლება, ისე ვმართავთ ქვეყანას, როგორც ეს ჭირდება ერს და როდესაც სასულიერო პირები ისე ცხოვრობენ და ისე ლოცულობენ, როგორც ჭირდება ერს, მაშინ ქვეყანაში არის სიმფონიური მმართველობა. აი, ასე მსჯელობდნენ მართლმადიდებელი ერების წინაპრები. ამის ფონზე, დღეს რა ხდება ჩვენს ქვეყანაში? ამას ყველა ვხედავთ. სულიერი და ხორციელი კეთილის შეზავებაზე ზედმეტია ლაპარაკი.

წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებით, საეკლესიო ღვთისმსახურებაში მიუღებელია ისეთი ადამიანების ლოცვაში მოხსენიება, რომლებიც ეკლესიის წინააღმდეგ იბრძვიან, ისინი, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ეკლესიას. ამ ადამიანების საზოგადო ღვთისმსახურებაში მოხსენიება, საეკლესიო წესის მიხედვით, არ შეიძლება და ბუნებრივია, ისმის დღესაც კითხვა, უფრო სწორად დგება საკითხი ასე, რომ – რამდენად მიზანშეწონილია ამ ადამიანების მოხსენიება საეკლესიო ლოცვაში და ღვთისმსახურებაში?”

მამა გიორგი რაზმაძე, ავჭალის ქეთევან წამებულის ტაძრის დეკანოზი:

“როცა იულიანე განდგომილი გახდა და ის თავის დროზე იყო მედავითნე და გასისხლხორცებული ჰქონდა ჭეშმარიტი სარწმუნოება, შემდეგ გახდა მდევნელი ეკლესიისა, პირველი, რაც კი გააკეთა ამ ადამიანმა, მოვიდა და სკოლებში, სადაც საღვთო სჯული ისწავლებოდა, ქრისტიანობა, ეს აკრძალა. მე ყოველთვის მენიშნებოდა, როცა რეფორმებზე მიდიოდა მსჯელობა და კერძოდ, განათლების რეფორმაზე, სულ მიკვირდა, რატომ უშლიდა ამ ხალხს ხელს ხატები, ჯვრები, ლოცვით დაწყება, როცა ბავშვები სკოლაში მიდიოდნენ და ლოცვით იწყებდნენ და ლოცვით ამთავრებდნენ  სასწავლო დღეს?! ყველამ თავის გულში ჩაიხედოს.

ჩვენ ის ნაგაზები ვართ, რომლებიც ვყეფთ და გაიღვიძეთ, ხალხო და გამოდით, ჩვენს სარწმუნოებას დაცვა ჭირდება, მართლმადიდებლობას დაცვა ჭირდება, ჩრდილში დგომა ადვილია. თავზე გვექცევა ყველაფერი.”

მამა დავით ისაკაძე, სოფელ დიღმის ეკლესიის დეკანოზი:

“მე მინდა ჩემი წუხილი გამოვხატო, უპირველეს ყოვლისა, როგორც არა მარტო სასულიერო პირმა, არამედ როგორც ქართველმა ადამიანმა, პარლამენტის და პრეზიდენტის იმ სამარცხვინო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ეს არის უარყოფით კონტექსტში ისტორიული ფაქტი, რომელსაც შეიძლება დაერქვას დანაშაული.

რომაულ სენატში როდესაც მუშაობდნენ სენატორები და მათ შორის იმპერატორი დიოკლიტიანე, წამოდგა წმინდა დიდმოწამე გიორგი და ხმამაღლა განაცხადა – რატომ სდევნი შენ ქრისტიანებს? და მოიხსნა თავისი მხედართმთავრული სარტყელი და დასტოვა სენატის ნაგებობა.

ყველა იმ ადამიანს, რომელმაც უღალატა მართლმადიდებლობას, როდესაც მხარი დაუჭირა ამ ისტორიულ დანაშაულს, მინდა ვუთხრა, რომ მათ არა აქვთ უფლება, იწოდებოდნენ ქრისტიანებად.”

მასალების გადაბეჭდვის წესი