კომენტარი

უსუფაშვილი: გარედან ვერავინ ვერაფერს შეცვლის

4 ივლისი, 2011 •
უსუფაშვილი: გარედან ვერავინ ვერაფერს შეცვლის

ბატონო დავით, რა იყო ოპოზიციური რვიანის შექმნის მიზანი და ის პროგრამა, რომლისთვისაც მინიმუმ უნდა მიგეღწიათ?

ეს გაერთიანება მიზნად ისახავდა ხელისუფლების შეცვლას სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების გზით. ასეთი არჩევნების ჩასატარებლად საჭიროდ მივიჩნიეთ საარჩევნო რეფორმის ჩატარება, რომელიც შედგებოდა რამდენიმე კომპონენტისგან: 1. ეს იყო საარჩევნო სისტემა. ჩვენ გვაქვს სრულიად უსამართლო და არაადეკვატური სისტემა ქვეყანაში არსებული სიტუაციის გათვალისწინებით _ როცა 75 მაჟორიტარული ოლქიდან ხელისუფლება იღებს 71 მანდატს. ასეთი იყო 2008 წლის არჩევნების მონაცემები.

ეს იმ პირობებში ხდება, როდესაც ოლქში მოსახლეობის უმრავლესობა კი არ ირჩევს პარლამენტის წევრს, ანუ 50%-ს პლუს ერთი კი არ არის საკმარისი გამარჯვებისთვის, არამედ სხვაზე მეტ ხმას ვინც მიიღებს, ის ხდება პარლამენტარი.  ეს არასწორია და შედეგად ვიღებთ მმართველი პარტიის ორმესამედიან საკონსტიტუციო უმრავლესობას პარლამენტში. სახელისუფლებო პარტია ახერხებს იმას, რომ თუ მისი მხარდაჭერა ქვეყნის მასშტაბით არის 47%, ის პარლამენტში იღებს მანდატების 75%-ს. ეს უსამართლობაა და ხელისუფლებას შევთავაზეთ გაცილებით სამართლიანი სისტემა რეგიონულ-პროპორციული საარჩევნო სიებით.

2. დღეს საარჩევნო სიებში შეყვანილია ასიათასობით მოქალაქე, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებიან. მაგალითად, ზუსტად ვიცით, რომ ერთ სოფელში 10 კომლია დარჩენილი, ფორმალურად კი 90  ოჯახი ცხოვრობს და უცებ აღმოჩნდება, რომ ყველა ეს მცხოვრები მოსულა არჩევნებზე. ჩვენ ხელისუფლებას მოსახლეობის ხელახალი აღწერა შევთავაზეთ _ საარჩევნო სიების თავიდან შექმნა და მასში იმ ადამიანების შეყვანა, რომლებიც ცხოვრობენ საქართველოში, რომლებსაც გადაუღებ ფოტოს, აუღებ თითის ანაბეჭდებს, რაც აუცილებელია სიზუსტისა და სანდოობისთვის.

ამომრჩეველთა სიები უნდა შევადგინოთ ამ გზით და არა იმ გზით, რომ ყველა, ვინც დაიბადა საქართველოში, მიუხედავად იმისა, ახლა სად იმყოფება, ცოცხალია თუ არა, სიაშია შეყვანილი.

3. დღევანდელ სასამართლოში დავას აზრი არა აქვს, განსაკუთრებით, თუ საქმე ეხება პოლიტიკურ საკითხს. სასამართლო სისტემა მთლიანად არის ნაციონალური მოძრაობის დაქვემდებარებაში. ამიტომ ჩვენ შევთავაზეთ, საარჩევნო დავების განხილვებში ჩაგვერთო ნაფიცი მსაჯულები.

ძალიან მნიშვნელოვანი თემაა რეპრესიებისგან მოქალაქეების დაცვა, რადგან რეპრესიების მანქანით ხელისუფლება წინასწარ იბევებს მოქალაქეების ხმებს. ზოგს აშინებს, ზოგს რაღაცას ჰპირდება და ა.შ. ჩვენ შევთავაზეთ დღესვე და არა არჩევნებამდე 2 თვით ადრე, მონიტორინგის ჯგუფის შექმნა, რომელშიც შევიდოდნენ როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ამ გზით შევძლებდით მოსახლეობის დაცვას.

შემდეგი იყო მედიასთან დაკავშირებული პრობლემები, პოლიტიკური რეკლამის, ასევე ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების თავიდან აცილების საკითხები. ჩვენი წინადადებები გაწერილი იყო 120 გვერდზე და ხელისუფლებას წარვუდგინეთ 2010 წლის ნოემბერში. ჩვენ მათგან პირველი პასუხი მივიღეთ 2011 წლის მარტში და ეს პასუხი ეხმიანებოდა ჩვენგან წამოყენებული საკითხების მხოლოდ 10%-ს.

დაფინანსების საკითხი სიურპრიზი აღმოჩნდა საზოგადოებისთვის. როდის და რატომ წარმოიშვა პარტიების დაფინანსების გაზრდის საკითხი?

ამაზე ადრეც იყო მსჯელობა. დაფინანსების საკითხზე ჩვენ ვსაუბრობდით ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში. არჩევნების დროს ხელისუფლებისა და ოპოზიციური პარტიების ფინანსებს შორის არის უზარმაზარი დისბალანსი. ხელისუფლება ბიზნესზე ტერორის გზით ახერხებს იმას, რომ ვისაც უნდა ოპოზიციური პარტიების დაფინანსება, ეშინია ამის გაკეთების. ამასობაში კი თავისთვის აძალებს თანხების მობილიზებას. ოპოზიციურმა პარტიებმა დავსვით საკითხი, რომ საჭიროა დაფინანსება. ეს არის ბიზნესის განთავისუფლება წნეხისგან.

ჩვენ უშუალოდ საარჩევნო პროცესისთვის ვითხოვდით თანხის გამოყოფას. ჩვენ ვთქვით, რომ ამ საკითხზე შეთანხმება საჭიროდ და შესაძლებლად მიგვაჩნდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც დანარჩენ ძირითად საკითხებზე შევთანხმდებოდით. ეს იყო ჩვენი წინადადების პაკეტში. ეს თემა _ “ვაიმე, პოლიტიკურმა პარტიებმა როგორ დაიწყეს ამ თემაზე საუბარი”, გულუბრყვილობაა, რადგან არჩევნებში მხოლოდ კეთილი ზრახვები არ არის საკმარისი. არჩევნებს აქვს თავისი ხარჯები: გადაადგილება, ადამიანებთან მისვლა, რეკლამა და ა.შ.

თუმცა, თქვენთვის მიუღებელი აღმოჩნდა ხელისუფლების ეს შემოთავაზება. რატომ?

მიუღებელი იყო იმიტომ, რომ ძირითად საკითხებზე _ საარჩევნო სიებზე, დავების განხილვის მექანიზმებსა და ა.შ. მათი შემოთავაზება ახლოსაც არ არის იმასთან, რასაც ჩვენ მოვითხოვდით. ხელისუფლებამ ამ დოკუმენტში ჩაწერა: ამ დაფინანსებას მხოლოდ ის პარტიები მიიღებენ, რომლებიც ახლა მათთან შეთანხმებას გააფორმებენ. ეს არის სრულიად მიუღებელი და აბსურდი

ხვალ რომ შეიქმნას რამე ახალი პარტია და იმან აჩვენოს ჩვენზე უკეთესი შედეგი, არ უნდა მიიღოს დაფინანსება? თავისთავად, ეს მიდგომა – ვინც ახლა არ დამეთანხმებით, ფულს ვერ მიიღებთ, ზეწოლის შემცველია. ჩვენ ხელისუფლებას ვუთხარით, რომ არ ვეთანხმებით ძირითად საკითხებზე, ხოლო ფულზე საერთოდ არ ვესაუბრებით, რადგან ასეთი ულტიმატუმი _ „დამეთანხმე შემოთავაზებაზე და ფულს გადაგიხდი“, მიუღებელია.

“რვიანი” ხელისუფლებასთან რამდენიმე თვის განმავლობაში აწარმოებდა მოლაპარაკებებს. რა გახდა შეუთანხმებლობის მიზეზი?

“რვიანის” არსებობამ ხელისუფლებას შეუქმნა სერიოზული პრობლემები, _ ამდენი თვის განმავლობაში ის სხვა ოპოზიციურ პარტიებს შეუთანხმდებოდა და გვეტყოდა, თქვენ თავი დამანებეთო, მაგრამ ამას ვერ ახერხებდა, რადგან რვა ოპოზიური პარტია აერთიანებდა ოპოზიციური სპექტრს, რომელმაც ბოლო არჩევნებზე საქართველოს მოსახლეობის 40%-ის აზრი გამოხატა. ხელისუფლება იყო ჩიხში. სანამ “რვიანში” ერთიან, პრინციპულ პოზიციაზე ვიდექით, ის ვერ ახერხებდა მისთვის საჭირო გადაწყვეტილების მიღებას.

ჩვენთვის საჭირო იყო პრინციპული პოზიციის შენარჩუნება სექტემბრის ბოლომდე. ხელისუფლების ინტერესებში იყო, “რვიანი” დაეშალა, ეს მან შარშან, დეკემბერში, სცადა. ჩემთვის ჯერ კიდევ გარკვეული არ არის “ახალი მემარჯვენეების“ მოტივაცია, თუ რატომ დათანხმდნენ ამ შეთავაზებას, ისევე, როგორც “ქრისტიან-დემოკრატების”, რადგან დარწმუნებული ვარ, მათაც ძალიან კარგად ესმოდათ, თუ ჩვენ კიდევ რამდენიმე თვე მტკიცედ ვიქნებოდით, მაშინ ხელისუფლება გაცილებით უკეთეს დოკუმენტს შემოგვთავაზებდა. მათ გააკეთეს თავიანთი არჩევანი, მომავალი გვიჩვენებს, რა იყო ან არ იყო სწორი.

ამ ფონზე ექვსმა პოლიტიკურმა პარტიამ ვთქვით, რომ ვაგრძელებთ ბრძოლას ხელისუფლების შესაცვლელად.

ჩვენ, ექვსი პარტია, ვამბობთ, რომ საქართველოს მოსახლეობასთან ერთად ვაგრძელებთ ამ ბრძოლას და ხელისუფლებას მოუწევს მოლაპარაკება. ჩვენ უნდა მოვახდინოთ იმის დემონსტრირება, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები  არ არის ჩვენი აკვიატება და ამას მხარს უჭერს მოსახლეობა.

აქამდე თუ ვერ მოხერხდა მოლაპარაკება, რა გარანტია არსებობს, რომ ეს მომავალში მოხდება?

უკვე გითხარით, “რვიანი” კიდევ სამი თვე რომ შეგვენარჩუნებინა, ხელისუფლება წავიდოდა სერიოზულ დათმობებზე. ხელისუფლება საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებას ვერ ან არ გრძნობს, მაგრამ ის არის ანგარიშვალდებული საერთაშორისო საზოგადოებასთან _ იცოდა, რომ მათთან სასაუბროდ საჭირო იყო ოპოზიციასთან შეთანხმება. ჩვენ, ექვსი პოლიტიკური პარტია, და მის მიერ ორგანიზებული სამოქალაქო მოძრაობა თავისუფალი არჩევანისთვის იმდენად უნდა გაძლიერდეს, რომ ხელისუფლებამ ვეღარ შეძლოს მისი იგნორირება და დაჯდეს მასთან კონკრეტულ საკითხებზე მოსალაპარაკებლად.

უკვე წლებია, გადამწყვეტ მომენტში ხელისუფლება ყოველთვის პოულობს იმ ძალას ოპოზიციაში, რომელიც ოპოზიციის ერთობას არღვევს. რა არის ამის მიზეზი?

რაც შეეხება პოლიტიკური ძალების მიერ გადამწყვეტ მომენტში ნაკლები პრინციპულობის გამოჩენას, ამაზე მოქალაქეებმა, თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გავაკეთოთ სათანადო რეაგირება და დავინახოთ, ვინ არის სანდო, ვინ მოქმედებს თანმიმდევრულად და პრინციპების ერთგულად, ვინ არის მსგავს ვითარებაში არასაკმარისი ნებისყოფის. ქვეყანაში არასოდეს დაილევა ისეთი პოლიტიკური ძალები, რომლებიც თავიანთი პოლიტიკური ცხოვრების განსხვავებულ გზას აირჩევენ. ამიტომ ჩვენ, ექვსმა პოლიტიკურმა პარტიამ, საზოგადოებას შევთავაზეთ ჩვენი პრინციპები. ჩვენ დავანახეთ ამ თვეების განმავლობაში ჩვენი შრომაც და მტკიცე გადაწყვეტილებაც, რომ  როცა წავაწყდებით რაღაც წინააღმდეგობას, ამის გამო არ ვბარდებით ხელისუფლებას. აგერ არის არჩევანი _ ასეთი ძალებიც არიან და ისეთიც.

დიპლომატიურ კორპუსთან და ამერიკელ კონგრესმენებთან შეხვედრის შემდეგ საქართველოში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით მათი პოზიციის შესახებ თქვენთვის რა გახდა ცნობილი?

ისინი ამბობენ, რომ ელიან ამ პროცესის გაგრძელებას და ხალხის გააქტიურებას. როდესაც დიპლომატი ამა თუ იმ მოვლენას აფასებს როგორც “წინ გადადგმულ ნაბიჯს”, როგორც შეაფასეს ხელისუფლების შემოთავაზება, ხელისუფლება ამას წარმოაჩენს, თითქოს გარესამყარო კმაყოფილია ყველაფრით. სინამდვილეში, ეს ასე არ არის. დიპლომატიაში “წინ გადადგმული ნაბიჯი” ნიშნავს იმას, რომ ამოცანამდე, რაც შესასრულებელი იყო, მხოლოდ ერთი ნაბიჯია გადადგმული, ამოცანა კი თავისთავად შეუსრულებელია. ანუ ეს ფრაზა ნორმალურ ენაზე ნიშნავს იმას, რომ პრობლემა მოუგვარებელია და დემოკრატიული სამყარო ამბობს _ ამ პრობლემის მოგვარებას თუ ქართველი ხალხი აქტიურად შეეცდება, მე მზად ვიქნები, დავეხმარო.

ხშირად იწერება მედიაში იმის სესახებ, რომ დასავლეთს საქართველოში დემოკრატიაზე უფრო სტაბილურობა აინტერესებს და ამიტომაც უჭერს მხარს ასე ცალსახად დღევანდელ ხელისუფლებას. ამ საკითხზე თქვენი შეხედულება როგორია?

მიმაჩნია, რომ ეს არ არის კვალიფიციური შეფასება და ანალიზი, რაც არის საქართველოს მიმართ დასავლეთის მხრიდან. საქმე იმაშია, რომ უცხო ქვეყანა სხვა ქვეყანასთან ურთიერთობაში პრიორიტეტს ანიჭებს თავის ინტერესს და არა – სხვისას. მაგალითად, აზერბაიჯანთან ურთიერთობაში, ჩვენ, ქართველები, საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე ვუყურებთ იქაურ ვითარებას თუ აზერბაიჯანის? მსოფლიოს არც ერთ ნორმალურ ქვეყანას არ აწყობს ქაოსი სხვა ქვეყანაში, მაგალითად, საქართველოში. ქვეყანაში სტაბილურობა და კონტროლის შემნარჩუნებელი ხელისუფლება არის მათთვის მნიშვნელოვანი, ეს არის ანაბანა საერთაშორისო ურთიერთობების. გვინდა ჩვენ, აზერბაიჯანში ისეთი ქაოსი იყოს, რომ ეკონომიკური ურთიერთობაც გაწყდეს, შეიარაღებული ბანდები იქით-აქეთ გადადიოდ-გადმოდიოდნენ, კონფლიქტი საქართველოშიც გადმოვიდეს, რადგან აქ აზერბაიჯანელებიც ცხოვრობენ? ჩვენ ეს არ გვაწყობს.

მეზობელ  აზერბაიჯანში დემოკრატიას სერიოზული პრობლემები აქვს, ამაზე ჩვენ ვლაპარაკობთ, მაგრამ დესანტს არ ვაგზავნით იმისათვის, რომ ავტორიტარი ალიევი შეიცვალოს, რადგან ამ მოქმედებებს შეიძლება მოჰყვეს ქაოსი. ამიტომ, სტაბილურობის ინტერესი ერთ სახელმწიფოს მეორე სახელმწიფოსთან მიმართებაში ყოველთვის აქვს, თუ ის მეგობარია. შესაბამისად, ეს შედარება, რომ დემოკრატიას უფრო უჭერს მხარს თუ სტაბილურობას, სწორი არ არის.

საქმე სხვა რამეშია. ნებისმიერი ქვეყანა ისევ და ისევ თავისი ინტერესებიდან გამომდინარე უყურებს იმ ქვეყნის დემოკრატიის რესურსს. რას ვგულისხმობ ამაში: თუ ადგილზე პოლიტიკურ ძალებს, სამოქალაქო საზოგადოებას, მოსახლეობას აქვთ თავისი უფლებების დაცვის უნარი, მაშინ ისინი გვერდში გიდგანან და გეხმარებიან. თუ საზოგადოებას ეს უნარი არ გააჩნია, მაშინ გარედან ვერავინ ვერაფერს შეცვლის.

მასალების გადაბეჭდვის წესი