კომენტარი

„შეგიძლიათ, გამიმხილოთ თქვენი წყარო?“

6 ივნისი, 2011 • 3204
„შეგიძლიათ, გამიმხილოთ თქვენი წყარო?“

„სანდრა პედიე 20 წელზე მეტია მუშაობს, როგორც გამომძიებელი ჟურნალისტი. იგი პულიცერის პრემიის მფლობელია, გასულ წელს კი ლონგ-აილენდის საუკეთესო ჟურნალისტად დასახელდა. სანდრა ნიუ-იორკში, გაზეთ „ნიუს დეიში“ მუშაობს. ის ყველა „ცუდ კაცს“ იჭერს და გიამბობთ, როგორ ახერხებს ამას“ – ასე წარგვიდგინა ეიჩჯეი ქუმინსმა, ჟურნალისტიკის საერთაშორისო ცენტრის პროგრამის დირექტორმა, გამხდარი, სიმპათიური ქალი ენერგიული ჟესტიკულაციითა და გადამდები ღიმილით.

სტატია, რომელმაც კანონი შეცვალა  

მე ნიუ-იორკში ვცხოვრობ, ვხედავ კორუფციას ჩემს ქალაქში და დიდი დრო მივუძღვენი მასთან ბრძოლას. მინდა გიამბოთ ჩემი ზოგიერთი სტატიის შესახებ, რომელთა გამოქვეყნების შემდეგ შტატში კანონი შეიცვალა.

ერთ-ერთი სტატია ეხებოდა ჩინოვნიკს, რომელიც 25 კაცს ხელმძღვანელობდა, მაგრამ წელიწადში 193 ათასზე მეტს ღებულობდა, ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორზე მეტს. მან იყიდა ძალიან კარგი მანქანა, დაასაქმა თავისი შვილი, რომელსაც წელიწადში 95 ათას დოლარს უხდიდნენ, ჰყავდა მუშა და ის ამბობდა, რომ ცოტას უხდიან!

სხვა ჩინოვნიკმა კი თავის ცოლს, 67 წლის ქალს, გაუკეთა კბილები სახელმწიფო ფულით და იცით, რა თქვა? „არ მინდა, ჩემი ცოლი ცუდად გამოიყურებოდეს და იძულებული გავხდი, ეს გამეკეთებინა“. მაგრამ ამ ქალის პროთეზისთვის მე გადავიხადე ფული!

ერთი წლის განმავლობაში ასამდე სტატია მაქვს დაწერილი ადვოკატებზე, რომლებიც ლეგალურად, მაგრამ არაკეთილსინდისიერად იღებდნენ ფულს სახელმწიფოსგან. ერთ-ერთი მათგანი ამბობდა, რომ ხუთ ადგილას მუშაობდა ერთი და იგივე დროს. გამოდის, რომ მას ათას 200 დღეზე მეტი უნდა ემუშავა წელიწადში, გარდა ამისა, მას ჰქონდა 60 ათასი დოლარი პენსია და უფასო სამედიცინო დაზღვევა.

მეორე ადვოკატს, რომელიც ასეთივე სქემით ხელმძღვანელობდა, ვესაუბრებოდი ტელეფონზე და მეუბნება:

– „მერე რა, ასობით ადამიანი წლების მანძილზე აკეთებს ამას.“

სწორედ ეს სიტყვები, მის ფოტოსთან ერთად, დაიბეჭდა გაზეთის მთავარ, პირველ გვერდზე. ერთ-ერთმა ადვოკატმა კი, რომელიც არასოდეს ყოფილა სახელმწიფო სამსახურში, მოახერხა, რომ წელიწადში ასი ათას დოლარზე მეტი პენსია მიეღო ყალთაბანდობით. მე ყოველ დოლარს ჩემი შრომით გამოვიმუშავებ, ვმუშაობ და ამდენი არ მაქვს! გაგიჟდები ადამიანი, ამას რომ გაიგებ! რა ღორობაა!

ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ სხვა ადვოკატებიც აკეთებდნენ ამას. ბევრი ასეთი ისტორია გავაშუქე და, ბოლოს და ბოლოს, ფედერალურმა მთავრობამ დაიწყო გამოძიება. ადვოკატს, რომელსაც ხუთი ფორმალური სამსახური ჰქონდა, თანხის დაბრუნება მოუხდა, შტატმა ეს ფული უკან მოსთხოვა. ჩვენი სტატიების შედეგად დაახლოებით 3,5 მილიონი დაუბრუნდა შტატის ბიუჯეტს და ყველაზე მთავარი – ორი კანონი შეიცვალა ამ საგამოძიებო სტატიების სერიის შემდეგ. ახლა კანონი არასდროს დაუშვებს ასეთ შემთხვევებს.

„ხალხს არ უყვარს ღორები“ 

ამერიკელ მკითხველებს ყველაზე მეტად კორუფცია აღელვებთ, რადგან სახელმწიფო მათი ცხოვრების ნაწილია. სტატიების შემდეგ იყო გამოხმაურებები, მირეკავდნენ, მწერდნენ და სხვა შემთხვევებსაც მეუბნებოდნენ. რაც უფრო დიდია ეკონომიკური კრიზისი, ხალხი უფრო დიდ ყურადღებას აქცევს კორუფციის შესახებ მასალას. ყოველ დღე რამდენიმე ზარი შემოდის, ყველას რომ მივყვე, მარტო მე ვერაფერს გავხდები.

კანონი მხოლოდ ჩემი სტატიების გამო კი არ შეცვლილა, ეს მკითხველის ნდობის დადასტურებაც იყო, მკითხველი ამ ისტორიის ნაწილი გახდა და ეს არის სწორედ ის, რაც უნდა გავაკეთოთ ჟურნალისტებმა.

მე კოსტა-რიკაში და ნიკარაგუაშიც ვმუშაობდი ჩემი გაზეთის დავალებით, მაგრამ მინდოდა სწორედ ამ სტატიებზე მესაუბრა, რადგან ეს მაგალითია, როგორ შეიძლება იქცეს პატარა, ლოკალური ამბავი მნიშვნელოვან ისტორიად და დიდი მასშტაბი მიეცეს. ხანდახან ჩვენთანაც ხდება, რომ მკითხველი უცებ არ აქცევს ყურადღებას მნიშვნელოვან ინფორმაციას, მაგრამ ბევრჯერ უნდა დაწერო და გარწმუნებთ, ხალხი ამას მიაქცევს ყურადღებას.

ადვოკატების ყალთაბანდობის შესახებ სტატიებზე ერთი წლის მანძილზე ვმუშაობდი და დამიჯერეთ, ერთი წლის შემდეგ, ხალხი მიხვდა და ანერვიულდა. ხალხს არ უყვარს ღორები, ისინი ფიქრობენ: რატომ უნდა შეხვდეს სხვას დაუმსახურებლად ამდენი ფული, რომელსაც ჩვენ გადასახადებში ვიხდით?!

„ის ლანჩს არ გააცდენს“  

ბევრი ფოტო ჩემი საგამოძიებო სტატიებისთვის ისეა გადაღებული, რომ რესპონდენტებმა არაფერი იცოდნენ ამის შესახებ. კანონი გვაძლევს უფლებას, საჯარო ადგილას ნებისმიერი ფოტო გადავიღოთ, მაგრამ ჩინოვნიკებს ეს არ მოსწონთ. ხანდახან მათ უნდათ, დახურონ საჯარო შეხვედრები, რომ სურათის გადაღების საშუალება არ გვქონდეს.

ეს კანონდარღვევაა, მაგრამ რა ვქნა, კარებთან დავდგე და მივაყურადო?! დიახ, ასეც მოვიქცევი! ერთხელ, ერთი ჩინოვნიკის ფოტო მჭირდებოდა. გადაწყვიტეს, არ შევეშვი სხდომაზე და ფანჯარაზეც ჟალუზები ჩამოუშვეს. კართან დაველოდე. ფოტოგრაფი მეუბნება: „შენ რა, გგონია, რომ მართლა გამოვა?“ ვპასუხობ: „კი, ის ლანჩს არ გააცდენს.“ ათ წუთში გამოვიდა და ჩვენ ფოტო გადავიღეთ.

თქვენ შეხედავთ ქალსა და მამაკაცს, როცა ისინი მანქანაში ერთმანეთს ეხვევიან? ქალები ალბათ შეხედავენ, აი, მამაკაცები კი არასდროს! მე ბევრჯერ გადამიღია ფოტო მამაკაც ფოტოგრაფთან ერთად ასეთი ხერხით. ვერ ვიტყვი, რომ ეს მომწონდა, მაგრამ როცა ფოტო გჭირდება, ეს ნაცადი ხერხია.

„შეგიძლიათ გამიმხილოთ თქვენი წყარო?“  

როცა მეორე შვილზე ვიყავი ფეხმძიმედ, დავწერე სტატია ადგილობრივ ჩინოვნიკზე, რომელიც პროკურორის მეგობარი იყო. მოვიდა ჩემთან ადვოკატი სასამართლოდან და მითხრა: „იცით, სანდრა, ეს ძალიან საინტერესო სტატია იყო, შეგიძლიათ, მაჩვენოთ თქვენი სტატიის შავი მასალა? თუკი ჩანაწერებს ვაჩვენებდი, ეს იმას ნიშნავდა, რომ უნდა გამემხილა ჩემი წყარო, საიდანაც მქონდა მიღებული ინფორმაცია. მე ვთქვი,  „არა, თქვენ არ შეგიძლიათ ნახოთ ჩემი ჩანაწერები.“

ნიუ-იორკში სასამართლოს კანონი აძლევს უფლებას, მოსთხოვოს ჟურნალისტს წყაროს გამხელა. წინააღმდეგ შემთხვევაში მისი დაპატიმრების უფლება აქვს. ადვოკატმა მითხრა, რომ შეიძლება, ციხეში წავსულიყავი. ფეხმძიმედ ვიყავი, პირველი შვილი ორი წლის იყო, მისი ციხეში წაყვანა არ შეიძლებოდა. მე ვთქვი, არა, მე არ წავალ ციხეში და არც წყაროს არ გავამჟღავნებ. რაიონის პროკურორი იძულებული გახდა, დათმობაზე წასულიყო. არასდროს, არც ერთი წყაროს სახელი და გვარი, მათი ინიციალებიც კი არ ჩამიწერია ჩემს წიგნაკში,  მათი ვინაობა რომ არ გამემხილა.

მე პრესის თავისუფლების გამოხატვის საბჭოს წევრი ვარ, ჩვენ იურიდიულ დახმარებას ვუწევთ რეპორტიორებს. რამდენიმე წლის წინ, ერთ-ერთი ამერიკელი ჟურნალისტი წერდა წიგნს ტეხასში დანაშაულებების შესახებ. მას საიდუმლო წყაროდან, ციხეებიდან ჰქონდა ინფორმაცია. შერიფმა იგი დააპატიმრა, რადგან მან უარი თქვა წყაროს დასახელებაზე. ის დამოუკიდებელი ჟურნალისტი იყო, არც ერთი რედაქცია არ იდგა მის უკან, ჩვენ ავიღეთ მისი საქმე და ჟურნალისტი ციხიდან გამოვიყვანეთ. მიუხედავად პრესის თავისუფლების კანონისა, ჟურნალისტიკა მუდმივი ბრძოლაა და ჩემთვის ბრძოლა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც შედეგი.

რა საფრთხეს შეიცავს გამომძიებელი ჟურნალისტის პროფესია  

1996 წელს ერთი გამომძიებელი ჟურნალისტი უნდა შეხვედროდა საიდუმლო წყაროს არიზონაში, სასტუმროში. წყარო შეხვედრაზე არ მოვიდა. ჟურნალისტი დაბრუნდა მანქანაში და მანქანა აფეთქდა. მას ბომბი ჩაუდეს. მან ათი დღე იცოცხლა და სიკვდილის წინ მოასწრო, მიეცა მნიშვნელოვანი ჩვენება პოლიციისათვის.

ამ ამბავმა ჟურნალისტები ძალიან შეაშფოთა. გამომძიებელი ჟურნალისტები მთელი ქვეყნის მასშტაბით წელიწადნახევრის მანძილზე მუშაობდნენ არიზონაში, რომ გამოეძიებინათ ეს საშინელი ამბავი. პირველად მოხდა, როცა ჟურნალისტები სხვადასხვა, კონკურენტი გაზეთებიდან ერთმანეთთან თანამშრომლობდნენ.

ამან მოგვცა ბიძგი და ჩვენ დავაარსეთ საგამოძიებო ჟურნალისტებისა და რედაქტორების ასოციაცია, დავიწყეთ გამოძიება ვირჯინიაში და რჩევებსა და ინფორმაციას ერთმანეთს ვუზიარებდით,  უკეთ რომ გვემუშავა. ჩვენ არ გვინდა რეპორტიორები იღუპებოდნენ მუშაობისას.
საგამოძიებო ჟურნალისტიკას ამერიკაში იმიტომ არ ირჩევენ, რომ ამაში დიდ ფულს იხდიან. ბევრი ფული არ არის, მაგრამ მაგარია, მაგრად ერთობი!

ისეთივე შემართებით გავაგრძელებ თუ არა მუშაობას, თუ კი ჩემი საქმიანობით ჩემს ოჯახს მიადგება ზიანი? – ეს ძალიან კარგი შეკითხვაა. კარგი შეკითხვა ნიშნავს, რომ შეიძლება პასუხი არ იყოს. ერთხელ მკითხეს, ნუთუ არ გბეზრდებაო და მე ძალიან გავბრაზდი. არ ვიცი, პასუხი არ მაქვს, მაგრამ ვინმემ რომ მითხრას, რომ ეს არ უნდა გავაკეთო, ეს იგივეა – ხელი მომჭრან.

__________________

ჩაწერილია ვაშინგტონში, ჟურნალისტიკის საერთაშორისო ცენტრში ქართველ ჟურნალისტებთან შეხვედრისას.  

მასალების გადაბეჭდვის წესი