ახალი ამბები

ნინო კახიშვილი: როგორ წამიყვანეს პოლიციაში

26 მაისი, 2011 •
ნინო კახიშვილი: როგორ წამიყვანეს პოლიციაში

ნინო კახიშვილი, “ნეტგაზეთის” ჟურნალისტი: ჩემი ფოტოკამერა აქციის დარბევამდე წვიმამ დააზიანა. ვიცოდი, უკვე ვეღარაფეს გადავიღებდი და დაკვირვება მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის შესასვლელიდან გადავწყვიტე. ალბათ, ორი წუთის დაწყებული იქნებოდა დარბევა, როდესაც ჩემგან ნახევარ მეტრში გაზის ბალონი აფეთქდა. ნიღაბი როგორ დავკარგე, არ მახსოვს. თვალები დამეწვა და  თავისუფლების მეტროსკენ წავედი. ჩემ უკან ხალხი მორბოდა, ხალხის უკან –სპეცრაზმის თანამშრომლები. თავისუფლების მეტროსთან იქ მობილიზებული სპეცრაზმი იცდიდა, რომელიც ჩვენკენ წამოვიდა. ყველა ალყაში მოვექეცით. ვისაც შეეძლო, ღობეზე ძვრებოდა. მესმოდა ხალხის კივილი და სპეცრაზმის თანამშრომლების გინება. მალევე ჩემს ფეხებთან ისევ აფეთქდა გაზის ბალონი. ვგრძნობდი, ვითიშებოდი და შემეშინდა, არ დავცემულიყავი.  ხალხს და სპეცრაზმს კი არ გადაევლო ჩემთვის. მოვიკრიბე ძალა და პირდაპირ სპეცრაზმის რიგებში შევიჭერი. ვიყვირე, ჟურნალისტი ვარ, გამატარეთ, ჰაერი მჭირდება– მეთქი. ერთ–ერთმა  მათგანმა ხელი მკრა და მიყვირა, მალე წადი აქედანო და თავისუფლების მოედნისკენ მიმითითა. თავისუფლებაზე უკვე უნიღბოები იდგნენ. ერთი მომვარდა და სასწრაფოს მანქანაში ამიყვანა. იქ ჟანგბადი მასუნთქეს. დაახლოებით ერთ წუთში  50–55 წლის თავგატეხილი და დასისხლიანებული მამაკაცი ამოიყვანეს. მე ჩამომსვეს და ძალიან სწრაფი ნაბიჯით ყვითელ ავტობუსთან მიმიყვანეს–ქალაქის მთავარ სამმართველოში, იქ გავარკვევთ ყველაფერს, რა ვიცით, ჟურნალისტი ხარ თუ ვინ ხარ სინამდვილეშიო, იმის მიუხედავად, რომ ჩემი პრესის დამადასტურებელი მოწმობა რამდენჯერმე ნახეს.

ავტობუსთან აქციის მონაწილეები მოყავდათ, ბევრ მათგანს სახე მთლიანად დასისხლიანებული ჰქონდა. ისინი ავტობუსში, სადაც მე უკვე ვიჯექი, ძალიან უხეშად, გინებითა და მუქარით ამოყავდათ. ამოყვანისთანავე ყველას ხელებს უკრავდნენ. დაკავებულებს შორის რამდენიმე ქალი იყო. შიშით ხმას არავინ იღებდა. თავი ვერ შევიკავე და პოლიციელ ქალს, რომელიც საგანგებოდ მე მომიჩინეს, ვკითხე, ეს ადამიანები ასე უხეშად რომ არ ამოიყვანოთ, არ შეიძლება– მეთქი? მას ხმა არ გაუცია. მერე ვუთხარი, რედაქტორთან უნდა დავრეკო და გავაგებინო, სადაც ვარ–მეთქი და ტელეფონი ჯიბიდან ამოვიღე. პოლიციელმა, რომელიც იქვე ახლოს იდგა, იყვირა, ამას ტელეფონი გამოართვიო. ჩემი ტელეფონი პოლიციელმა ჯიბეში ჩაიდო–ასეთი წესია, მერე დაგიბრუნებთო.

ავტობუსის მძღოლს რამდენჯერმე გაუმეორეს, მალე იარეო. გზაში ფოტოკამერა ჩამართვევინეს და გადაღებული კადრები დაათვალიერეს. დარბევის კადრები ვერ ნახეს. მერე დაინტერესდნენ, დიქტოფონი ხომ  არ მქონდა ჩუმად ჩართული.

რამდენიმე წუთში უკვე პოლიციის შენობასთან ვიყავით. დაკავებულები ჩაიყვანეს, მე მითხრეს, შენ ჯერ იჯექი და გეტყვით, როდის ჩამოხვიდეო. პოლიციელი ქალი ისევ მე მდარაჯობდა.

მალევე პოლიციელი მოვიდა და ავტობუსის მძღოლს უთხრა, წადი, ხალხია კიდევ მოსაყვანიო. მე ჩამომსვეს და პოლიციის დერეფანში ამიყვანეს. იქ ჩემი ავტობუსის ხალხი იდგა, ისევ ხელებგაკოჭილი. რამდენიმე მათგანი დაახლოებით 60–65 წლის იქნებოდა. ერთი–ერთმა მიმართა პოლიციელს, ცუდად ვარ, გთხოვ, ხელები გამიხსენი, რომელი კრიმინალი მე მნახეო. პოლიციელს ხმა არ ამოუღია.

ერთ–ერთ დაკავებულთან, რომელიც დაახლოებით 30–35 წლის იქნებოდა, პოლიციელი მივიდა და ჰკითხა, ახლა მაინც თუ ისწავლე ჭკუაო. მან თავი დაუქნია–აწი ვისწავლეო.

მერე უბრძანეს, სამ–სამი კაცი ლიფტშიო.

მალევე, პოლიციის შენობის კიბესთან სხვა ყვითელი ავტობუსი გაჩერდა და სხვა დაკავებულები მოიყვანა.

ამასობაში, ჩემთან პოლიციის თანამშრომელი მოვიდა, ვინ იყო ,არ ვიცი. თქვენ აქ რა გინდათო, მკითხა. ეგ მეც მაინტერესებს–მეთქი. აქ ალბათ რაღაც გაუგებრობაა, თქვენ აქ არ უნდა იდგეთო და შენობიდან გამომაცილა.

მასალების გადაბეჭდვის წესი