ახალი ამბები

დაიხოცნენ თუ არა მომიტინგეები

26 მაისი, 2011 • 1544
დაიხოცნენ თუ არა მომიტინგეები

ეს იყო ყველაზე სასტიკი დარბევა, რაც კი ოდესმე გადამიღია.

მაგრამ ახლა მხოლოდ ორი რამ მაინტერესებს: პირველი, არის თუ არა ის ორი მომიტინგე ნამდვილად მკვდარი, რომლებიც მე ვნახე და მეორე, რატომ დაარბია პოლიციამ ასე სასტიკად მომიტინგეები.

ვიდეოკამერა მაშინ დაზიანდა, როცა  ყურთან საშინელი ტკვილი ვიგრძენი და კამერა ჩემ უკან რამდენიმე მეტრში დაეცა. შორიდან დავინახე წითელი ღილაკი და მივხდი, რომ ისევ იწერდა. ჩემს ყვირილს, რომ ჟურნალისტი ვარ  და კამერა დამიბრუნეთ–მეთქი, შედეგი ბიჯის ჩვენების მერე მოყვა. კამერა დაზიანებული იყო, გამოსახულებას ვეღარ არჩევდა. თუმცა, იმედი მქონდა, რომ ხმას მაინც იწერდა. თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი ბიჯს მაღლა ვწევდი, ვყვიროდი, რომ ჟურნალისტი ვარ და ვთხოვდი, განემარტათ, საით წავსულიყავი. მოულოდნელად დავინახე ასფალტზე დაგდებული ადამიანი, რომელიც  არ მოძრაობდა, გაშოტილი იყო. ვაკვირდებოდი, იყო თუ არა გარდაცვლილი. მერე დავინახე, როგორ აკვირდებოდა ნიღბიანი სპეცრაზმელი შეშფოთებული სახით იგივეს და ფეხით სინჯავდა. მან შეამჩნია, რომ მეც დავინახე. მერე მახსოვს, რომ გავრბოდი და ვცდილობდი, არ დავცემულიყავი. უკვე სადღაც კინოთეატრთან ახლოს ბორდიურზე მიმავალმა ბორდიურის ქვემოთ მეორე ადამიანი დავინახე, რომელიც ეგდო და ასევე სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდა.  ვაკვირდებოდი, კამერის მიშვერა არ მიცდია, ჩართული იყო, თუმცა ვიცოდი, გამოსახულებას ვერ აიღებდა. ვცდილობდი მივხდარიყავი, ცოცხალი თუ იყო. სწორედ ამ დროს მეცა  ნიღბიანი სპეცრაზმელი და კამერა წამართვა. ავუხსენი, რომ არ გადამიღია, რომ კამერა დაზიანებულია. მიყვიროდა, რომ კასეტა ამომეღო. ავუხსენი, რომ ციფრულია და როცა კამერის წაღება დააპირა, მე  ვყვიროდი, ჟურნალისტი ვარ და დამიბრუნეთ კამერა–მეთქი. ორმა სპეცრაზმელმა მომკიდა ხელი და სადღაც მივყავდი. მე ყვირილს განვაგრძობდი, როცა ვიღაც ნიღბიანმა ხელი მომკიდა და თავისუფლების მოედნისკენ წამიყვანა. ვეუბნებოდი, კამერა მჭირდება–მეთქი. ამ დროს, როცა ამ ნიღბიანს მივყავდი, სხვა ორი მოგვვარდა. „ამ ნიღბიანმა“ აუხსნა, ჟურნალისტიაო.  ხომ ხედავ, რა ხდებაო. გაგიყვან მოედანზე და მოშორდი აქაურობასო. ვუხსნიდი, ჩემს ჟურნალისტებს ვეძებ და ვერ წავალ–მეთქი. მოგიძებნი და გამოგიყვანო. სამივე აღვუწერე.

ჰოდა, ახლა ყველაზე მეტად მაინტერსებს, იყვნენ თუ არა ისინი ცოცხლები. ვერავინ, ვერავინ დამარწმუნებს, რომ ცოცხლები იყვნენ , ან მკვდრები.

ეს მე თავად უნდა გამერკვია და ამის შესაძლებლობა უნდა მოეცათ, რადგან ჟურნალისტი ვიყავი.

მასალების გადაბეჭდვის წესი