ახალი ამბები

სახალხო კრების აქცია თბილისში– 26 მაისი – განახლებადი რეჟიმი

26 მაისი, 2011 • • 2360
სახალხო კრების აქცია თბილისში– 26 მაისი – განახლებადი რეჟიმი

03:20 სტუდენტები ძალადობის საწინააღმდეგო აქციას გამართავენ.

სტუდენტთა თვითორგანიზებული ჯგუფი “ლაბორატორია 1918”  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ ძალადობის საწინააღმდეგო აქციას გამართავს. აქცია რუსთაველის გამზირზე განხორციელებული ძალადობის პასუხი იქნება-ნათქვამია ჯგუფის განცხადებაში: “თვითორგანიზებულ სტუდენტთა ჯგუფი “ლაბორატორია 1918” გმობს ხელისუფლების მიერ საკუთარ მოქალაქეებზე განხორციელებულ ძალადობასა და დარბევას. პროტესტულად განწყობილი ხალხი არ უნდა გახდეს ფიზიკური ანგარიშსწორების ობიექტი და რეპრესიულ-პოლიციური სახელმწიფოსა და ოპოზიციის ავანტიურისტული მანიპულაციების მსხვერპლი. ჩვენ პროტესტს ვუცხადებთ ამგვარ სიტუაციას, ძალადობას, მილიტარიზმს და მოვუწოდებთ ახალგაზრდებს, რომლებიც იზიარებენ ამ მოსაზრებებს, შემოგვიერთდნენ პროტესტის გამოსახატავად ხვალ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსთან” – ნათქვამია ჯგუფის განცხადებაში. აქცია  დილის 11 საათზე გაიმართება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-2 კორპუსის წინ.

02:40 საია და საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო 26 მაისს აქციის დაშლის შესახებ პირველად განცხადებას ავრცელებენ:

“2011 წლის 26 მაისს, დაახლოებით 00:12 წუთზე, შს სამინისტროს ძალებმა დაიწყეს რუსთაველის პროსპექტზე გამართული საპროტესტო აქციის დაშლა. იმ შემთხვევაშიც კი, რომ აქციის დაშლის გადაწყვეტილება ყოფილიყო ლეგიტიმური, მედიით გავრცელებული კადრები აშკარად მიუთითებს პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების ნიშნებზე, რაც ,,პოლიციის შესახებ” კანონის მოთხოვნების უხეშ დარღვევას წარმოადგენს.  აღნიშნული ფაქტი არ შიძლება დარჩეს ეფექტური გამოძიებისა და სამართლებრივი რეაგირების გარეშე.

მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აქციის დაშლას მოყვა ძალის არაპროპორციული გამოყენება, უკვე დაკავებული დემონსტრანტების ცემა, რომლებიც პოლიციას არავითარ წინააღმდეგობას არ უწევდნენ. არსებული ინფორმაციით, ადგილი ჰქონდა ჟურნალისტებისთვის პროფესიული საქმიანობისთვის ხელის შეშლას, რამდენიმე მათგანი დაშავებული ან/და დაკავებულია. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე,, ორგანიზაციები, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო მიიჩნევენ, რომ სახეზეა პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტება და, შესაბამისად, დანაშაულის ნიშნები.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მზადყოფნას გამოთქვამს, სამართლებრივი დახმარება გაუწიოს ყველა დაკავებულ პირს. შესაბამისად, დაკავებულთა ოჯახის წევრებს და ახლობლებს ვთხოვთ, დაგვიკავშირდნენ”.

01:10 არამიანცის საავამდყოფოს ცენტრალური მიმღების ინფორმაციით, ამ დროისთვის საავადმყოფოში დაახლოებით რვა ადამიანია მიყვანილი”მოტეხილობებით და ჭრილობებით”. თუ რა ჭრილობებზეა საუბარი, ცენტრალური მიმღები არ გვიკონკრეტებს

00:40 აქციის მონაწილეებს აკავებენ. თავისუფლების მეტროსთან სპეცრაზმს ხალხი ძირს ყავთ დაგდებული და აპატიმრებენ.

00:35 თაზო კუპრეიშვილი, ნეტგაზეთის ჟურნალისტი, ნაცემია. მას დაახლოებთ 15–მდე სპეცრაზმის წარმომადგენელმა რეზინის ხელკეტებით სცემა, წაართვეს ვიდეოკამერა.

00:25 წყლის ჭავლი გახსნეს. ცრემლსადენი გაზი გაუშვეს.ირგვლივ არაფერი ჩანს. როგორც ნეტგაზეთის ჟურნალისტი ამ წუთებში ყვება, ყველა მხრიდან რეზინის ტყვიებს ისვრიან. აქციის მონაწილეები აქეთ–იქით გარბიან

00:22 მოქალაქებს მიმართავს სპეცრაზმი, “ჭავლური ღონისძიებები იქნება გამოყენებული. გაიყვანეთ ბავშვები და მოხუცები.

00:20 თავისუფლების მოედნის მხრიდან სპეცრაზმი დგას. ამ წუთებში სპეცრაზმთან ერთად ჩამოდის ტექნიკა პარლამენტის ზემოთა მხრიდან. იქვე არიან სახანძრო მანქანებიც. სპეცრაზმელები დაახლოებით ათ მეტრში არიან გაჩერებული სახალხო კრების აქციის მონაწილეებთან.

00:15 “ვინც გაბედავს და გამოიყენებს ძალას, ის პასუხს აგებს ისტორიის წინაშე,ვულოცავ ყველას საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! ჩვენ სიყვარულით ვდგავართ აქ, გაუმარჯოს საქართველო! ჩვენ ვიწყებთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას რუსთაველის გამზირზე”–განაცხადა ირაკლი ბათიაშვილმა აქციაზე. ის ამბობს ,რომ დღეს ისინი მოიპოვებენ გამარჯვებას,ქართველ პოლიციელს ქართველ ხალხზე არასოდეს აღუმართავს ხელი, 1989 წელს არ გააკეთა ეს პოლიციამ! გაუმარჯოს ქართველ პოლიციას, რომელიც დგას ქართველ ხალხთან ერთად”,–ამბობს ბათიაშვილი.

00:10 ნინო ბურჯანაძე სიტყვით გამოდის აქციაზე. ის ამბობს, რომ მერიის წარმომადგენლები მოვიდნენ ახლა პოლიციის თანამშრომლებთან ერთად. ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ მათ უთხრეს, გაატარებდნენ მშვიდობიანად ყველა მონაწილეს, თუ ისინი დაიშლებოდნენ.მერიამ მიუტანა გაფრთხილების წერილი აქციის მონაწილეებს,რომლის მიხედვითაც ისინი უნდა დაიშალონ.

00:05 სახალხო კრების აქციის მონაწილეები თავისუფლების მოედნისკენ იხედებიან,  ჩოჩქოლია, ამბობენ, რომ სპეცრაზმელები მოდიან.

24:00 დაახლოებით ორი ათასი ადამიანია შეკრებილი პარლამენტის წინ, სახალხო კრების აქციაზე. რუსთაველის გამზირზე წვიმს, აქციის მონაწილეები ქოლგებს და ცელოფნებს აფარებენ თავს. ნაწილი რკინის ჯებირებით შემოსაზღვრულ ტერიტორიას დროშის ტარებს ურტყამს. თავისუფლების მოედანზე ათამდე ყვითელი ავტობუსით და პიკაპის ტიპის ავტომობილებით სპეცრაზმელები არიან მობილიზებული.

 

ამავე თემაზე:

სახალხო კრების აქცია თბილისში– 25 მაისი – განახლებადი რეჟიმი

სახალხო კრების აქცია თბილისში– 24 მაისი – განახლებადი რეჟიმი

ოპოზიციის აქცია თბილისში– 23 მაისი – განახლებადი რეჟიმი

მასალების გადაბეჭდვის წესი