ახალი ამბები

ილია II თავშესაფრის შექმნის ინიციატივით გამოდის და მრევლს ფულის შეგროვებას სთხოვს

6 მარტი, 2016 • 1322
ილია II თავშესაფრის შექმნის ინიციატივით გამოდის და მრევლს ფულის შეგროვებას სთხოვს

საქართველოს მართლამდიდებლური ეკლესიის პატრიარქი ილია მეორე მრევლს მოუწოდებს, ერთობლივი ფინანსური ძალებით თავშესაფარისათვის სახლი შეიძინონ, რომელიც რამდენიმე დღით შეიფარებს გაჭირვებულებს. პატრიარქის თქმით, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეთ გაჭირვებაში მყოფ ხელოვან ადამიანებს.

პატრიარქი ამბობს, რომ ადამიანისათვის ყველაზე დიდი გამოცდა ცხოვრებაში მოწყალების გაღებაა, ამიტომ ერთმანეთს სიკეთის კეთება უნდა ვასწავლოთ:

“ჩვენი შვილები უნდა გავზარდოთ მოწყალების ამ სულისკვეთებით. მე მაქვს სურვილი, რომ ჩვენმა მრევლმა ვიყიდოთ სახლი და ეს სახლი მოვაწყოთ გაჭირვებული ადამიანებისთვის თავშესაფრად. განსაკუთრებით, მე ვფიქრობ, რომ ყურადღება უნდა მივაქციოთ ჩვენს ინტელიგენციას, ჩვენს მწერლებს, მხატვრებს, ხელოვნების მუშაკებს, რომელთაც არ შეუძლიათ თხოვნა და არ შეუძლიათ ვაჭრობა. მათ უნდა დავეხმაროთ და უნდა ჰქონდეთ საშუალება, რომ გამოვიდნენ სტრესისგან, მძიმე მდგომარეობიდან. თქვენ ყველას გევალებათ, შევაგროვოთ ფული, ვიშოვოთ ასეთი სახლი, სადაც ჩვენ მივიღებთ გაჭირვებულ ადამიანებს, რამდენიმე დღით მაინც.”

მართლამდიდებლური ეკლესიის პატრიარქმა განცხადება საკვირაო ქადაგების დროს გააკეთა.

მასალების გადაბეჭდვის წესი