ახალი ამბებიეკონომიკა

ბოჯრომში სასტუმრო „Crowne Plaza Borjomi“ ოფიციალურად გახსნეს

5 მარტი, 2016 • 6446
ბოჯრომში სასტუმრო „Crowne Plaza Borjomi“ ოფიციალურად გახსნეს

ბორჯომში  სასტუმრო „Crowne Plaza Borjomi“, რომელიც გასული წლიდან ფუნქციონირებს, დღეს ოფიციალურად გაიხსნა.

სასტუმროს გახსნის ოფიციალურ ცერემონიას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.

მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი სასტუმროების კომპანია, InterContinental Hotels Group ბორჯომში თავისი ცნობილი ბრენდით – Crowne Plaza -თი შევიდა. Crowne Plaza Borjomi“ -ში ნომრის ფასები 100 აშშ დოლარიდან იწყება და 300 აშშ დოლარამდე აღწევს.

სასტუმრო ოფიციალურად გახსნისას პრემიერ-მინისტრმა და  სხვა მიწვეულმა სტუმრებმა დაათვალიერეს.

“32 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია ჩაიდო ამ სასტუმროს მშენებლობაში, დასაქმებული იყო 250 ადამიანი, აქედან 150-ზე მეტი იყო ადგილობრივი მცხოვრები. სასტუმროს მართვაში მონაწილეობს 150 ადამიანი. ეს სასტუმრო კიდევ უფრო უსვამს ხაზს  ბორჯომის, როგორც საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ტურისტული მიმართულების მნიშვნელობას. ტურიზმი ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე სტრატეგიული დარგია”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა 5 მარტს, სასტუმროს გახსნის დროს. მისი გამოსვლის ტექსტი პრემიერს პრესსამსახურმა გაავრცელა.

“ტურიზმისგან მივიღებთ ყველაზე მეტ შემოსავალს, ტურიზმი დაასაქმებს ყველაზე მეტ ადამიანს საქართველოში”, – აცხადებს კვირიკაშვილი – “ სასიხარულოა, რომ ბოლო თვეების განმავლობაში შეიმჩნევა ვიზიტორების რიცხვის ზრდა, 23 პროცენტით არის გაზრდილი ვიზიტორთა რაოდენობა ბოლო თვეების მანძილზე, გასულ წელთან შედარებით. შარშან, მიუხედავად საქართველოს ირგვლივ არსებული არასახარბიელო ეკონომიკური მდგომარეობისა, ჩვენ გვქონდა ვიზიტორების თითქმის ათ პროცენტამდე ზრდა,”- განაცხადა პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას.

მისივე თქმით, სახელმწიფომ მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს ბორჯომში ინფრასტრუქტურის მოწყობას, რაც კურორტს საერთაშორისო მნიშვნელობის ტურისტულ ცენტრად აქცევს.

მან მადლობა გადაუხადა კომპანია „დიზონ ლიმითედს” ამ სასტუმროს პროექტის განხორციელებისთვის.

“კომპანიამ ასევე აღადგინა ბორჯომის გოგირდის აუზები, რომლებსაც ხანგრძლივი ისტორია აქვს და ამ კურორტისთვის უმნიშვნელოვანესი იყო მათი აღდგენა,”- აღნიშნა პრემიერმა.

სიტყვით გამოსვლისას გიორგი კვირიკაშვილმა იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა, რომელთა პროექტირება და განხორციელება ინტენსიურად მიმდინარეობს.

“ქვეყანაში ტურიზმის განვითარებისთვის იგეგმება მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები, როგორიც არის ქუთაისის სამცხე-ჯავახეთთან დამაკავშირებელი ავტომაგისტრალი, ქუთაისის სვანეთთან დამაკავშირებელი ავტომაგისტრალი, მცხეთა-ლარსის ავტომაგისტრალი და მთლიანად საქართველოს მთელი სატრანზიტო და ტურისტული ინფრასტრუქტურის ხერხემალი უნდა დამთავრდეს 2020 წლის ბოლომდე. დაწყებულია და ინტენსიურად მიმდინარეობს, საერთაშორისო კომპანიების ჩართულობით, ყველა ამ პროექტის პროექტირება და მშენებლობა და ჩვენ ვეცდებით მაქსიმალურად დავაჩქაროთ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება,”- განაცხადა პრემიერმა 5 მარტს.

ბოჯრომში სასტუმრო „Crowne Plaza Borjomi“–ი ოფიციალურად 5 მარტს გახსნეს , თუმცა ის ჯერ კიდევ წინა წელს მუშაობდა; ფოტო სასტუმროს ოფიციალური ფეისბუკის გვერდიდან

ბოჯრომში სასტუმრო „Crowne Plaza Borjomi“–ი ოფიციალურად 5 მარტს გახსნეს , თუმცა ის ჯერ კიდევ წინა წელს მუშაობდა; ფოტო სასტუმროს ოფიციალური ფეისბუკის გვერდიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი