ახალი ამბები

წიკლაურის თქმით, გაზპრომის წინააღმდეგ დაანონსებული აქცია არ გაუქმდება

4 მარტი, 2016 • 1485
წიკლაურის თქმით, გაზპრომის წინააღმდეგ დაანონსებული აქცია არ გაუქმდება

“ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის წევრი, ნუგზარ წიკლაური ამბობს, რომ “სოკარსა” და საქართველოს შორის მიღწეული შეთანხმების მიუხედავად, “გაზპრომის წინააღმდეგ” დაანონსებული აქცია მაინც ჩატარდება:

“საზოგადოების ძალისხმევის შედეგად აზერბაიჯანი  კვლავ რჩება მთავარ მომწოდებლად და, შესაბამისად, ის რისკები, რაც არსებობდა გაზპრომთან შეთანხმების შემთხვევაში, აღარ არსებობს. ამასთანავე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ 6 მარტს აუცილებელია იმ აქციის გამართვა, რომელიც დაგეგმილი იყო “ნაციონალური მოძრაობის” მიერ, რადგან ეს რომელიმე პარტიის გამარჯვება კი არ არის, არამედ ხალხის ძალისხმევის შედეგად მიღწეული წარმატებაა და ამიტომ 6 მარტს ეს დემონსტრაცია მაინც შედგება.”

მისივე მტკიცებით, “გაზპრომთან” მოლაპარაკებები კახა კალაძის და ბიძინა ივანიშვილის ინტერესებით იყო ნაკარნახევი:

“დღეს “სოკარსა” და ქართულ მხარეს შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლის თანახმად, აზერბაიჯანი იღებს ვალდებულებას 500 მილიონი კუბური მეტრით მეტი გაზი მოაწოდოს საქართველოს და სოციალური გაზი იქნება შემცირებული ფასით. შესაბამისად, დადასტურდა, რომ “გაზპრომთან” მთელი ეს მოლაპარაკებები იმ აუცილებლობით ნაკარნახევი კი არ იყო, რომ აზერბაიჯანი გაზს არ გვაწვდიდა, არამედ პირადი მოტივებით და ინტერესებით, რაც ამოძრავებდა როგორც კალაძეს, ისე ივანიშვილს.”

საქართველო აზერბაიჯანიდან დამატებით 500 მილიონ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მიიღებს, გარდა ამისა, შემცირდება ე.წ. სოციალური გაზის შესასყიდი ფასი.

ამის შესახებ ხელშეკრულებას საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცეპრემიერმა კახი კალაძემ და აზერბაიჯანული “სოკარის”  პრეზიდენტმა როვნაგ აბდულაევმა ხელი 4 მარტს თბილისში მოაწერეს. კერძოდ, ცვლილება შევიდა  საქართველოს მთავრობასა და კომპანია “სოკარს” შორის 2011 წლის დეკემბერში გაფორმებულ მემორანდუმში.

მასალების გადაბეჭდვის წესი