ახალი ამბები

დავით ბერძენიშვილი: კოალიციაში მეორე პარტია არის “რესპუბლიკური” პარტია

4 მარტი, 2016 • 2161
დავით ბერძენიშვილი: კოალიციაში მეორე პარტია არის “რესპუბლიკური” პარტია

“რესპუბლიკური პარტიის” ერთ–ერთი ლიდერი, დავით ბერძენიშვილი აცხადებს, რომ “ქართულ ოცნებასა” და “რესპუბლიკელებს” შორის შეთანხმება კოალიციის პარტნიორი პარტიების ინტესებშია.

“[პრემიერთან] შეხვედრის ხუთივე მონაწილე ერთმანეთს კორექტულობაში ვეჯიბრებოდით. შეთანხმების მიღწევა მარტივი არ იქნება, ჩვენ ეს კარგად გვესმის, მაგრამ ჩავთვალეთ, რომ შეთანხმების შესაძლებლობა ამ ორ პარტიას [რესპუბლიკურ პარტიასა და ქართულ ოცნებას] შორის არის საკმაო, ამიტომ ორივე პარტიის ლიდერებმა ეს საჯაროდ განვაცხადეთ. ჩვენ ძალიან მჭიდროდ და კარგად ვთანამშრომლობთ სხვა პარტნიორ პარტიებთან და, ბუნებრივია, ვვარაუდობთ, რომ ამ ორი პარტიის მიერ მიღწეული შეთანხმება, თუ ასეთი მოხდება, იქნება კოალიციის სხვა პარტნიორი პარტიების ინტერესებში”, – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

მისივე თქმით, “რესპუბლიკელები”  ძალიან  კორექტულები არიან კოალიციის სუბიექტების მიმართ:

“ფაქტობრივად, პარლამენტშიც, მთავრობაშიც, გამოკვეთილად ნომერ პირველი პარტია არის ,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო”, მეორე პარტია არის ,,რესპუბლიკური” პარტია, რომელსაც  მთავრობაში ჰყავს  თავისი მინისტრები და წარმომადგენლები. ჩვენი ფრაქცია ცოტა უფრო მოზრდილია, ვიდრე სხვა პარტნიორების ფრაქცია პარლამენტში. ეს მოცემულობაა. ჩვენ ძალიან კორექტული ვართ კოალიციის სუბიექტების მიმართ. მნიშვნელოვანია კვრიკაშვილის განცხადებაც, რომ  ,,ქართული ოცნება” იქნება მნიშვნელოვნად განახლებული”.

ესპუბლიკური პარტიის ლიდერები: დავით უსუფაშვილი, თინა ხიდაშელი, დავით ბერძენიშვილი და ხათუნა სამნიძე  პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს 3 მარტს შეხვდნენ.  შეხვედრის მიზეზი  კვირიკაშვილის 3 მარტს გავრცელებული განცხადება გახდა, რომლითაც მან მკაცრად გააკრიტიკა თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი.

“კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩვენს პოლიტიკურ პარტნიორებს, ნებისმიერი სადავო საკითხი მხოლოდ კოალიციის შიგნით განიხილონ; წინააღმდეგ შემთხვევაში, მე, როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და კოალიციის ლიდერი, აუცილებლად განვახორციელებ ცვლილებებს, რომლებიც უზრუნველყოფს მთავრობის სტაბილურ ფუნქციონირებას და პოლიტიკური პროცესის ჯანსაღ ჩარჩოებში მოქცევას”, – აღნიშნა კვირიკაშვილმა 3 მარტს გაკეთებულ საგანგებო განცხადებაში.

პრემიერის განცხადებაზე რესპუბლიკურ პარტიას 3 მარტს კომენტარი არ გაუკეთებია და  პარტიის ლიდერებმა განაცხადეს რომ “მოულოდნელად შექმნილი რთული ვითარების გამო” კვირიკაშვილს შეხვდებოდნენ, რადგანაც პრემიერთან “კითხვები ჰქონდათ”.

3 მარტს,  გვიან ღამით შეხვედრიდან გამოსულმა რესპუბლიკური პარტიის ლიდერებმა ჟურნალისტებთან არ ისაუბრეს, მიიღეს თუ არა პასუხი იმ კითხვებზე, რაც ჰქონდათ, ან რა კითხვები ჰქონდათ.

პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ 3 მარტს განაცხადა, რომ რესპუბლიკური პარტია “ სტრატეგიული თანამშრომლობის რეჟიმში” აგრძლებს “ პარტნიორულ თანამშრომლობას”  და დაიწყეს საუბარი სამომავლოდ ორპარტიულ  შეთანხმებასთან დაკავშირებით.

რესპუბლიკური პარტიის ლიდერებს დეტალურად არ განუმარტავთ, რას გულისმხობს ორპარტიული შეთანხმება, მაშინ, როცა კოალიცია “ქართულ ოცნებაში” სულ ხუთი პარტია შედის.


დაპირისპირება კოალიცია “ქართულ ოცნებაში”

2016 წლის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ფრაქცია “ქართული ოცნება – მრეწველების” თავმჯდომარემ გოგი თოფაძემ დაუნის სინდრომი სალანძღავ კატეგორიად გამოიყენა და განაცხადა, რომ გიორგი მარგველაშვილმა ქართველი ხალხი “დაუნებს შეადარა”.

კოალიციის წევრმა დეპუტეტების ნაწილმა გოგი თოფაძის განცხადებაზე კომენტარი არ გააკეთა, თუმცა “მრეწველების” თავმჯდომარის გაკრიტიკებას არ მოერიდგნენ “რესპუბლიკელები”.

როგორც თავდაცვის მინისტრმა, რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა განაცხადა, მას ეგონა, რომ თოფაძე უკვე აღარ იყო პარლამენტის წევრი. მალევე გოგი თოფაძემ თინა ხიდაშელი საგარეჯოში მაჟორიტარული არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 25 თებერვალს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით გამოძება დაიწყო. ხიდაშელის განცხადებით, საგარეჯოს შუალედური არჩევნების გამოძიების დაწყებით პროკურატურამ მთელი სახელმწიფო სისტემა დააყენა ეჭვქვეშ.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი