ახალი ამბები

ჯანელიძე ვიზის ლიბერალიზაციაზე: ვიმედოვნებთ, ევროსაბჭო გადაწყვეტილებას მოკლე ვადაში მიიღებს

4 მარტი, 2016 • 2367
ჯანელიძე ვიზის ლიბერალიზაციაზე: ვიმედოვნებთ, ევროსაბჭო გადაწყვეტილებას მოკლე ვადაში მიიღებს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის თქმით, ქართული მხარე ევროკავშირის საბჭოსაგან გადაწვეტილების მიღებას მოკლე ვადაში ელოდება, რადგან საქართველო ამისათვის ყოველმხრივ მზადაა.

“ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ გამომდინარე იქიდან, რომ არ არსებობს არანაირი კითხვა საქართველოში განხორციელებული რეფორმებისადმი და, შესაბამისად, საქართველოს მზადყოფნისადმი, რომ იყოს სანდო პარტნიორი ევროკავშირისთვის უვიზო მიმოსვლის და ურთიერთობების კუთხით, ვფიქრობთ, რომ ეს გადაწყვეტილებაც საბჭოს მიერ იქნება მიღებული შესაბამისად, მოკლე ვადებში,” – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

თუმცა აღსანიშნავია, რომ საბჭოს გადაწყვეტილების მისაღებად პროცედურების გავლა მოუხდება, რაც თავის მხრივ დროს მოითხოვს:

“ჯერ კიდევ პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დროს ბრიუსელში გადაწყდა, რომ კომისია წარადგენს შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებას ევროკავშირის საბჭოში და შემდეგ უკვე დაიწყება მისი განხილვა, რომელსაც სჭირდება საბჭოს გადაწყვეტილება, ევროკავშირის პარლამენტის გადაწყვეტილება და ასევე, წევრი ქვეყნების თანხმობა. ეს გადაწყდა, რომ იქნებოდა მიმდინარე კვირებში, შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ უახლოეს დღეებში განხორციელდება. ოღონდ ეს არ ნიშნავს იმას, რომ საკანონმდებლო ცვლილების წარდგენის შემდეგ პროცესი მეორე დღეს დასრულდება. შეიძლება, განხილვებმა გასტანოს რამდენიმე თვე. ეს არის ჩვეულებრივი პროცედურა და, შესაბამისად, მოლოდინი არ უნდა იყოს, რომ, ვთქვათ, საკანონმდებლო ცვლილების წარდგენის შემდეგ მეორე დღესვე მოხდება ვიზალიბერალიზაცია.”

სავიზო რეჟიმის გაუქმების პროცესის ტექნიკური ნაწილი საქართველომ და უკრაინამ გასული წლის დეკემბერში დახურეს. ეს მხოლოდ პროცესის ერთ-ერთი ეტაპი იყო.

მეორე ეტაპი: ცვლილებები ითარგმნება ევროკავშირის 24 ოფიციალურ ენაზე;

მესამე ეტაპი: 28 ევროკომისარი განიხილავს ცვლილებებს და მხარს უჭერს მას.

მეოთხე ეტაპი: ევროკომისია რეკომენდაციით მიმართავს მინისტრთა საბჭოსა და ევროპის პარლამენტს, კენჭი უყაროს საბჭოს რეგულაციაში # 539/2001 ცვლილების შეტანის საკითხს და საქართველოს.

მეხუთე ეტაპი: ევროპარლამენტი კენჭს უყრის ცვლილებას და გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უბრალო უმრავლესობით (საჭიროა სულ მცირე 376 მომხრე პარლამენტის 751 წევრიდან) და შემდგომ ევროკავშირის მინისტრთა საბჭოს უგზავნის კენჭისყრისთვის.

მეექვსე ეტაპი: მინისტრთა საბჭო, რომელშიც შედიან ევროკავშირის წევრი ქვეყნების შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები (მხოლოდ შენგენის ზონაში შემავალი ქვეყნების), კენჭს უყრიან ევროკომისიის წინადადებას. ოფიციალურად გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა 228 ხმა 309 ხმიდან (არაოფიციალურად, საჭიროა კონსენსუსი). ხმების მიხედვით საქართველოსთან უვიზო მიმოსვლას მხარი უნდა დაუჭირონ მინიმუმ ამ ქვეყნებმა (მინისტრთა საბჭოში ხმების რაოდენობას განსაზღვრავს ქვეყნის მოსახლეობა. რაც უფრო ბევრია მოსახლეობა, მით მეტი ხმა აქვს ქვეყანას):
საფრანგეთი – 29 ხმა; გერმანია – 29 ხმა; იტალია – 29 ხმა; ესპანეთი – 27 ხმა; პოლონეთი – 27 ხმა; ჰოლანდია – 13 ხმა; ბელგია – 12 ხმა; ჩეხეთი – 12 ხმა; საბერძნეთი – 12 ხმა; უნგრეთი – 12 ხმა; პორტუგალია – 12 ხმა; ავსტრია და შვედეთი – 10 ხმა.

მეშვიდე ეტაპი: გადაწყვეტილება იბეჭდება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში.

მერვე ეტაპი: გადაწყვეტილება გამოქვეყნებიდან მე-20 დღეს შედის ძალაში, თუ სხვაგვარად არ გადაწყვეტს მინისტრთა საბჭო და არ გააკეთებს შესაბამის ჩანაწერს მიღებულ გადაწყვეტილებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი