ახალი ამბები

“ეროვნულმა ფორუმმა” რეკლამის შესახებ კანონპროექტი პარლამენტიდან გაითხოვა

4 მარტი, 2016 • 946
“ეროვნულმა ფორუმმა” რეკლამის შესახებ კანონპროექტი პარლამენტიდან გაითხოვა

“ეროვნულმა ფორუმმა” პარლამენტიდან უკან გაითხოვა კანონპროექტი, რომლის მიხედვით, რეკლამის ხმის სიმძლავრე (დონე)  არ უნდა აღემატებოდეს რადიო და ტელემაუწყებლობის ხმის სიმძლავრეს (დონეს).  შესაბამისი განცხადებით პარლამენტის ბიუროს ფრაქციის თავმჯდომარემ, მალხაზ ვახტანგაშვილმა მიმართა.

განცხადების თანახმად, ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ “ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” დადგენილებაში ცვლილებების შეტანის გზით გაითვალისწინა წარმოდგენილი კანონპროექტის ძირითადი არსი. ამის  გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად,  ფრაქცია “ქართული ოცნება – ეროვნულმა ფორუმმა”  გამოითხოვა მის მიერ ინიცირებულ კანონპროექტი.

კანონპროექტის ინიცირებული ვარიანტის თანახმად,  რეგულაციები მხოლოდ საქართველოში მოქმედ ცენტრალურ და ადგილობრივ რადიო და ტელემაუწყებლობაზე უნდა გავრცელებულიყო:

“კანონპროექტის მიღების მიზანი რადიო და ტელემაუწყებლობაში ხმის სიმძლავრის (დონის) დარეგულირებაა მაუწყებლობის ეთერით გადაცემულ ხმის სიმძლავრესთან (დონესთან), რადგან ხშირ შემთხვევაში ირღვევა მომხმარებლის უფლებები. კერძოდ, მომხმარებლის სურვილისამებრ შერჩეული ხმის სიმძლავრე რადიო და ტელემაუწყებლის ეთერში იცვლება მისი ნების საწინააღმდეგოდ რეკლამის მსვლელობისას. აღნიშნული გათვლილია მომხმარებლის ყურადღების მისაქცევად, თუმცა რეკლამის ხმის სიმძლავრის ცვლილება მომხმარებლის ნების გარეშე ქმნის დისკომფორტს და აღიზიანებს მას ფსიქო-ემოციური მდგომარეობის თვალსაზრისით”, – ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი