ახალი ამბები

ირაკლი ალასანია: ქაოსია როგორც კოალიციის შიგნით, ასევე ქვეყანაში

3 მარტი, 2016 • 1190
ირაკლი ალასანია: ქაოსია როგორც კოალიციის შიგნით, ასევე ქვეყანაში

“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი, ირაკლი ალასანია ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ მმართველ კოალიციაში ქაოსია:

“ბუნებრივად მესმის, რომ პრემიერს უნდა ამ ყველაფრის გამოსწორება, მაგრამ საქმე აჩვენებს, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე, რომ ეს დაპირისპირება არ ჩერდება, მიუხედავად მისი პირველი განცხადებისა. აქედან გამომდინარე, ქაოსი არის როგორც კოალიციის შიგნით, ისევე ქვეყანაში და ეს მე არანაირად არ მახარებს, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციისთვის შესაძლოა მომგებიანიც იყოს ასეთი დასუსტებული, დაქსაქსული მმართველი კოალიცია. ჩვენგან მართლაც არ არის ასეთი განწყობა, ჩვენ გვინდა, რომ არჩევნებამდე მშვიდად მივიდეთ. ამ შემთხვევაში, მე უფრო ქაოსის ნიშნებს ვხედავ, ვიდრე წესრიგის დამყარების,“ – აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.

“თავისუფალი დემოკრატები” პარლამენტში 2012 წელს მმართველი კოალიციიას ფარგლებში შევიდნენ, 2014 წლის ბოლოს კი კოალიციას გამოეყვნენ და ოპოზიციაში გადავიდნენ.

პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა დღეს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი მკაცრად გააკრიტიკა. საქმე ეხება კოალიციაში მიმდინარე დაპირისპირებას რესპუბლიკურ პარტიასა და ქართულ ოცნებას შორის:

“კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩვენს პოლიტიკურ პარტნიორებს, ნებისმიერი სადავო საკითხი მხოლოდ კოალიციის შიგნით განიხილონ; წინააღმდეგ შემთხვევაში, მე, როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და კოალიციის ლიდერი, აუცილებლად განვახორციელებ ცვლილებებს, რომლებიც უზრუნველყოფს მთავრობის სტაბილურ ფუნქციონირებას და პოლიტიკური პროცესის ჯანსაღ ჩარჩოებში მოქცევას”, – აცხადებს კვირიკაშვილი.

“მრეწველების” ლიდერი გოგი თოფაძე კი “ნეტგაზეთთან” აცხადებს, რომ პრემიერის განცხადება ობიექტური იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი