ახალი ამბებისაზოგადოება

მუსლიმების ბრძოლა უფლებებისათვის ადიგენში

2 მარტი, 2016 • 2790
მუსლიმების ბრძოლა უფლებებისათვის ადიგენში

ადიგენში  მუსლიმებისთვის სასაფლაოს ტერიტორიის გამოყოფაზე მუფთები და მღვდლები სამომავლოდ დაგეგმილ შეხვედრაზე იმსჯელებენ – ამ პირობით დასრულდა 1 მარტს მოლაპარაკებები ორ მხარეს შორის.

შეხვედრაზე ადიგენში დაპირისპირებული მუსლიმები და ქრისტიანები მას შემდეგ შეთანხმდნენ, რაც 1 მარტს, დღის ბოლოს სამცხე-ჯავახეთის მუფთი მამუკა ვაშაყმაძე და ჭულეს მონასტრის წინამძღვარი ანთიმოზი ერთმანეთს შეხვდნენ.

ჭულეს მონასტრის წინამძღვარმა განაცხადა, რომ “ორივე სარწმუნოების მიმდევარი სასულიერო ლიდერები შევხვდებით, გარკვეულ საკითხებზე ვისაუბრებთ ამასთან დაკავშირებით. იმავე შეთანხმების საფუძველზე, რაზეც შეთანხმდებიან სასულიერო პირები, მივიღებთ გადაწყვეტილებას.”

კითხვაზე, დაუჭერს თუ არა ეკლესია სასაფლაოსთვის ტერიტორიის გამოყოფას მხარს, ანთიმოზი პასუხობს, რომ “დედაეკლესია ობიექტურია და აქედან გამომდინარე მიუდგება ყველა საკითხს.”

წინამძღვრის განცხადებით, შეთანხმება ორივე მხარისათვის დამაკმაყოფილებელი იქნება, თუმცა არ დაუკონკრეტებია, მისაღებია თუ არა მისთვის ცალკე სასაფლაოს გამოყოფა.

“ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის” დირექტორი თამთა მიქელაძე ამბობს, რომ რელიგიური კონფლიქტების დროს ყველა სხვა შემთხვევაში სახელმწიფო ორივე მხარის სასულიერო პირებს სხამს და მათ გადაწყვეტილებებს ელოდება, რითიც ის არ იღებს სეკულარულ უფლებებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებას.

ავთანდილ იაკობაძე, რომელიც აცხადებს, რომ თავი მართლმადიდებლების თავდასხმის დროს დაიზიანა

ავთანდილ იაკობაძე, რომელიც აცხადებს, რომ თავი მართლმადიდებლების თავდასხმის დროს დაიზიანა

“ბოლო წლებში ვხედავთ, რომ ბევრი კონფლიქტი დაკონსერვდა: ქობულეთში პანსიონატი არ ფუნქციონირებს, სამთაწყაროში საერთოდ მოიხსნა დღის წესრიგიდან ჯამეს გახსნის საკითხი, მოხეშიც სადავო ნაგებობასთან დაკავშირებით ეს მოლაპარაკების პროცესი ერთ წელზე მეტია მიდის და სახელმწიფომ ამ ძეგლს არც კულტურული მემკვიდროების ძეგლის სტატუსი მიაკუთვნა, არც ექსპერტების მონაწილეობით მისი კონფესიური მიკუთვნებულობა, იმიტომ, რომ ის არა უფლებრივი პარადიგმიდან აგვარებს საკითხს, არამედ პოლიტიკური პარადიგმიდან”, – ამბობს თამთა მიქელაძე.

მუსლიმები ამბობენ, რომ განსხვავებული წესისა და რიტუალის გამო მათ არ შეუძლიათ საკუთარი გარდაცვლილები მართლმადიდებლების გვერდით დაკრძალონ. ამიტომ ისინი ითხოვენ, რომ სოფელში სასაფლაოსთვის ადგილი ცალკე გამოიყოს და არა იმ სასაფლაოზე, სადაც მართლმადიდებლებია დასაფლავებული.

სასაფლაოს საკითხზე დაპირისპირება მუსლიმ და მართლმადიდებელ მრევლს შორის დაახლოებით 1 წლის წინ დაიწყო, როდესაც სოფელში მუსლიმი რევაზ მიქელაძე გარდაიცვალა. ოჯახს მართლმადიდებლებმა არ მისცეს საშუალება, რომ სხვა ადგილას დაესაფლავებინათ. ხოლო 2016 წლის 29 თებერვალს სასაფლაოს გარშემო დაწყებული დავის გამო ისინი ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.

დათო შავაძე, რომელიც აცხადებს, რომ თვალი მართლმადიდებლების თავდასხმის დროს დაულურჯდა

დათო შავაძე, რომელიც აცხადებს, რომ თვალი მართლმადიდებლების თავდასხმის დროს დაულურჯდა

დაპირისპირებას უარყოფს ადიგენის მართლმადიდებელი მცხოვრები ზურაბ ტაბიძე, რომელიც მუსლიმებისთვის ცალკე სასაფლაოს გამოყოფის კატეგორიული წინააღმდეგია.

“არა კაცო, რა ორი სასაფლაო. ჩვენ სასაფლაო გვაქვს. ხელს არ ვუშლით მაგათ დასაფლავებას. ღმერთმა მშვიდობა მისცეთ, მიიყვანონ და დაასაფლაონ. თუ სასაფლაო არ უნდათ, გვერდით ყოფნა არ უნდათ, რა გინდა მაშინ, რომ მოხვედი?”, – ამბობს ტაბიძე.

ტაბიძე ამბობს, რომ სასაფლაოს მოთხოვნა “გემოვნების” საკითხია, ისევე როგორც მეჩეთის ფუნქციონირებაც.

“ჩვენც ბევრი რამე გვინდა, მაგრამ სად არის? მაგათზე უკეთესი გემოვნება გვაქვს, მაგრამ… გემოვნებაა მაგი, მერე მეჩეთის გემოვნებაც გაჩნდება, მოლის გემოვნებაც გაჩნდება, მერე გადმოგვყვირებს მაღლიდან. არ დავუშვებთ მეჩეთის გახსნას. სიტყვიერად ამბობენ, რომ მეჩეთი არ გაიხსნება”, – ამბობს ტაბიძე.

29 თებერვალს სოფელში მუნიციპალიტეტის გამგებელმა სასაფლაოს საკითხზე შეხვედრა გამართა, რომელსაც მართლმადიდებელი და მუსლიმი მოქალაქეები ესწრებოდნენ.

ადიგენის მუსლიმი მცხოვრები ვლადი ქამადაძე, რომელიც ამ შეხვედრას ესწრებოდა, ამბობს, რომ სოფლის მცხოვრებლები უკვე შეთანხმებული იყვნენ იმაზე, რომ ადიგენის მოქმედი სასაფლაო გაფაროვდებოდა, ხოლო მუსლიმთა და ქრიტიანთა საფლავები ღობის საშუალებით გაიტიხრებოდა, როდესაც 2 მანქანით ათამდე ადამიანი მივიდა და ჩხუბი დაიწყო.

სოფელი ადიგენი

სოფელი ადიგენი

,,მოვიდნენ მანქნებით და პირდაპირ მიიტანეს როინ იაკობაძეზე იერიში. ახლოს არ მივუშვით, რადგან ოპერაცია ჰქონდა გულზე გაკეთებული”, – ახსენებს ქამადაძე.

ქამადაძე ამბობს, რომ მოსულები იგინებოდნენ და მუსლიმებს “თათრებს” ეძახდნენ.

“ცოლის და დედის გინებები იყო, ყველამ იცის და ყველამ დაინახა. თქვენო, თათრები ხართო და წადით თქვენს ქვეყანაშიო. თუ სასაფლაო გინდათ, თურქეთში წადითო. ქართველი მუსლიმი ხალხი ვართ ჩვენ”, – ამბობს ქამადაძე.

მისი თქმით, ისინი ძირითადად ახალგაზრდები იყვნენ, ხოლო იერიში იაკობაძეზე იმიტომ მიიტანეს, რომ იგი ყველაზე მეტად აქტიურობს მუსლიმებისთვის ცალკე ფართის გამოყოფაზე.

29 თებერვლის დაპირისპირების შედეგად 3 ადამიანი დაშავდა: დავით შავაძეს თვალი აქვს ჩალურჯებული, რიონ იაკობაძე განცდილი სტრესის გამო საავადმყოფოში მოხვდა, ხოლო ავთანდილ იაკობაძეს თავი აქვს გატეხილი და ტვინის შერყევა აქვს მიღებული. იგი სახლში წევს და ჩვენთან გასაუბრება ვერ შეძლო.

შსს-მ საქმეზე გამოძიება სსკ-ის 156-ე მუხლის მიხედვით დაიწყო, რაც გულისხმობს ადამიანის დევნას სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის, რწმენის ან მრწამსის გამო, ანდა მის პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, პროფესიულ, რელიგიურ, ან მეცნიერულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით,

დაპირისპირებას უარყოფს, ზურაბ ტაბიძე. ამბობს, რომ კრებას არ ესწრებოდა, თუმცა იცის, რომ ავთანდილ იაკობაძეს თავი მისმა ნათესავმა როინ იაკობაძემ შემთხვევით დაუზიანა.

“არაფერი ჩხუბი არ ყოფილა. როგორც მოსახლეობა ყვება, თითონ როინ იაკობაძეს უსვრია, ვის ესროლა, ისიც არ ვიცით, რომელს დაუმიზნა. აცდა და მოხვდა [ავთანდილ იაკობაძეს] თავში”, – ამბობს ტაბიძე.

მუსლიმებისჯგუფი სოფელ ადიგენში რელიგური დაპირისპირების დროს 1.03.2015

მუსლიმებისჯგუფი სოფელ ადიგენში რელიგური დაპირისპირების დროს 1.03.2015

დაპირპირებას უარყოფს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაქარია ენდელაძე. იგი ამბობს, რომ “ჩოჩქოლი იყო”, ხოლო დამნაშავე პირებს გამოძიება დაადგენს.

“მე კონფლიქტს ვერ დავარქმევ, ელემენტარული გაუგებრობა მოხდა, რომელიც დროზე განიმუხტა. არის სტაბილური მდგომარეობა. მუსლიმი და ქრისტიანი თემი, დღეის მდგომარეობით, შეთანხმებულია არსებული სასაფლაოს ტერიტორიის გაფართოებაზე და თავიანთი მიცვალებულების აქ დაკრძალვაზე. არის თანხმობა ერთი მხრიდანაც და მეორე მხრიდანაც”, – ამბობს გამგებელი.

გამგებლის ამ განცხადების მიუხედავად, სოფელში მობილიზებული იყო პოლიცია, რომელიც ორ გუნდად შეკრებილ მუსლიმებსა და მართლმადიდელებს შორის იდგნენ, რომლებიც გადაწყვეტილებას ელოდებოდნენ.

ენდელაძეს იმედის აქვს, რომ მუსლიმი და ქრისტიანი მოსახლეობა ერთმანეთს გაუგებს და არ სმენია იმის შესახებ, რომ სასაფლაოსთვის ტერიტორიის გამოყოფის თაობაზე ქრისტიანებს განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ.

იმ ფაქტმა, რაც ადიგენის გამგებლისთვის უცნობია, ამავე მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში მცხოვრები მუსლიმები სოფელ ადიგენში მუსლიმი მოქალაქეებისთვის სოლიდარობის გამოსახატავად ჩაიყვანა.

1 მარტს დაახლოებით 70 ადამიანი ავთანდილ იაკობაძის სახლთან იყვნენ შეკრებილი და ცალკე სასაფლაოს გამოყოფას მოითხოვდნენ. 2014 წლის ოქტომბერში გაუქმებული მეჩეთის დემონტაჟის შეწინააღმდეგების გამო სოფელ მოხეში 14 მუსლიმი დააკავეს.

მოხეს მცხოვრებმა ზვიად ვანაძემ, რომელიც სხვებთან ერთად ჩავიდა ადიგენში, “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ მომხდარის შესახებ ინტერნეტის საშუალებით გაიგო.

,,ეს უკვე მესამეა. ხალხს აღარ უნდა უკვე დაძახება ამაზე. მესამედ მოხდა, გინდა – არ გინდა მიდის კაცი. ვუცხადებთ სოლიდარობას, აქ საჩხუბრად არავინ არის მოსული. მთავრობამ და გამგებელმა უნდა მოაგვაროს. ეს ამდენი უკვე ამოვიდა ყელში”, – ამბობს ვანაძე.

იგი იხსენებს, რომ როდესაც მუსლიმები მოხეში ყოფილი მეჩეთის დემონტაჟს შეეწინააღმდეგენ, გამგებელი პოლიციით მივიდა და ადამიანები დააკავეს, ხოლო ადიგენში მუსლიმებზე თავდასხმის დროს პოლიციას არავინ დაუკავებია ჯერ.

ვანაძე ამბობს, რომ მართლმადიდებელი მღვდლები, კონკრეტულად კი ზარზმის სამღვდელოება, ჩართულია მუსლიმებზე ზეწოლის ფაქტებში.

“ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის” დირექტორი თამთა მიქელაძე ამბობს, რომ იმ ინფორმაციით, რასაც მუსლიმი თემი მას უზიარებს და მათი დაკვირვებით ჩანს, ადგილობრივ ხელისუფლებაზე სამღვდელოების გავლენა საკმაოდ ძლიერია.

“ხშირად მუსლიმი თემის წარმომადგენლები და კათოლიკე თემის წარმომადგენლები უთითებენ, რომ ნებისმიერ თანამდებობაზე პირის დანიშვნას სჭირდება ადგილობრივი სამღდელოების რეკომენდაცია. იყო მთელი შემთხვევები ამ ზაფხულს, როდესაც გზის გაყვანის სამუშაოების დროს მუსლიმები არ დაიქირავეს და საქწარმოს განცხადებით, ეს იმიტომ მოხდა, რომ გამგებელმა გადასცა სიები და ისინი ძირითადად იყვნენ ქრისტიანები”, – განაცხადა მიქელაძემ.

მართლმადიდებლების ჯგუფი სოფელ ადიგენში რელიგური დაპირისპირების დროს 1.03.2015

მართლმადიდებლების ჯგუფი სოფელ ადიგენში რელიგური დაპირისპირების დროს 1.03.2015

ლორა წერეთელი, ადიგენის მცხოვრები ამბობს, რომ აქამდე მუსლიმები და მართმადიდებლები ერთად მშვიდობიანად ცხოვრობდნენ. მისი თქმით, ადიგენი ქრისტიანული დასახლებაა და ვერ აიტანს მეჩეთს, თუმცა მხარს უჭერს, რომ საფლავები ცალკ-ცალკე იყოს.

“მაგათ არ იციან ღვინის შეტანა, ჩვენ ცოტა გადაჭარბებულიც კი ვიცით. ჯვარი არ იციან [მუსლიმებმა]. იმათ რომ დამიშალონ და მე იმათ დავუშალო, ეს ხომ არ შეიძლება”, – ამბობს ლორა.

ლორა წერეთელმა “ნეტგაზეთთან” საუბრისას გაიხსენა ისიც, რომ სოფელი ადიგენი 1940-იან წლებში ძირითადად იმერეთიდან გადასახლებულმა ოჯახებმა დააფუძნეს, ხოლო მუსლიმი ქართველები 1990-იანი წლებიდან დასახლდნენ სოფელში. დაუზუსტებელი ინფორმაციით, სოფელში 20 მუსლიმი და 100-მდე მართლმადიდებელი ოჯახი ცხოვრობს.

1 მარტის დღის ბოლოს მოხედან მოსული მუსლიმები იმ პირობით დაიშალნენ, რომ ადიგენელი მუსლიმები ცალკე სასაფლაოს მიიღებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი კვლავ შეიკრიბებიან. მამუკა ვაშაყმაძემ განაცხადა, რომ მთავარია, საფლავისთვის მიწა გამოყონ, სხვა დეტალებზე მორიგება შეიძლება.

1 მარტს, შეკრებილი ქრისტიანი  და მუსლიმი თემების წარმომადგენლების  დაშლამდე, ადიგენის გამგებელი ორივე ჯგუფს შეხვდა და მათ მორიგებას ცდილობდა. მუსლიმებთან შეხვედრისას ენდელაძემ განაცხადა, რომ ახლა ისინი უნდა დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან ქრისტიანებთან და შეთანხმდნენ პირობებზე. თუმცა, როდის შეხვდება ორი რელიგიური ჯგუფი სასაფლაოს გასაყოფად, თარიღი ჯერ უცნობია.

მასალების გადაბეჭდვის წესი