ახალი ამბები

ვითიბი ბანკი საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი გახდა

1 მარტი, 2016 • 2290
ვითიბი ბანკი საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი გახდა

ვითიბი ბანკსა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შორის შედგა შეთანხმება, რომლის თანახმადაც, ბანკი საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორი გახდა. მიღწეული შეთანხმების შესახებ საზოგადოებას ვითიბი ბანკის გენერალურმა დირექტორმა არჩილ კონცელიძემ და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა დღეს აცნობეს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, დადებული ხელშეკრულება ორწლიან სპონსორულ ურთიერთობას ითვალისწინებს. შეთანხმების თანახმად, ფიქსირებული თანხის გარდა, კონტრაქტში გათვალისწინებულია შედეგზე ორიენტირებული დამატებითი თანხა, რომელიც განისაზღვრება 2016 – 2017 წლებში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ თამაშებში საქართველოს ნაკრების მიერ დაგროვილი ქულების მიხედვით.

სასტუმრო ”თბილისი მარიოტში” გამართულ ღონისძიებას ესწრებოდნენ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, ვითიბი ბანკისა და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები, ვეტერანი ფეხბურთელები და სხვა სტუმრები.

„მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს ახალ პარტნიორს. ბანკს, რომელიც დღეიდან საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მხარდამჭერი იქნება. ამ ეტაპზე ჩვენთვის დიდი პატივია წარმატებულ კომპანიასთან თანამშრომლობა, რომელსაც აქვს სურვილი საკუთარი წვლილი შეიტანოს ფეხბურთის მიმართულებით დაფინანსებაში. თანამედროვე ფეხბურთში კერძო სექტორის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. აღნიშნული თანამშრომლობა ითვალისწინებს სხვადასხვა მიმართულებით აქტივობას და, ვფიქრობ, ჩვენი პარტნიორული ურთიერთობა წარმატებული იქნება როგორც ეროვნული ნაკრებისთვის, ასევე ჩვენი პარტნიორი კომპანიისთვის,“ – განაცხადა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა.

ვითიბი ბანკის გენერალური დირექტორის, არჩილ კონცელიძის განცხადებით, დღეს ყველა თანხმდება, რომ ფეხბურთს ქვეყნის და საზოგადოების მხარდაჭერა ესაჭიროება,  ამას ფეხბურთის განვითრების სახელმწიფო პროგრამაც ადასტურებს. ის დარწმუნებულია, რომ ერთობლივი ძალისხმევა მომავალ წარმატებას შეუწყობს ხელს.

„დღეს ძალიან მნიშვნელოვან პარტნიორობას ჩაეყარა საფუძველი. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ვითიბი ბანკის სპონსორულ პროექტებს საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები შეემატა. ქართული ფეხბურთის მდიდარი ტრადიციები ჩვენთვის, როგორც ყველა ქართველისთვის, ეროვნული სიამაყის და მიღწევების სიმბოლოდ იქცა, ბევრისთვის მისი სიყვარული ბავშვობიდან იწყება და მთელი ცხოვრების განმავლობაში მიყვება. ვითიბი ბანკის მიერ ფეხბურთის მხარდაჭერა ითვალისწინებს შემდეგს: ეროვნული ნაკრების მხარდაჭერას, ფეხბურთის პოპულარიზაციის პროექტის მხარდაჭერას, საბავშვო და მინიფეხბურთის განვითარებას. ამის გარდა, ნაკრების შედეგებზე ორიენტირებული დამატებითი დაფინანსებაც არის გათვალისწინებული. ამიტომ ვიმედოვნებთ, რომ ვითიბი ბანკის მხარდაჭერა  დიდი წარმატების დასაწყისი გახდება,” – განაცხადა ვითიბი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ კონცელიძემ.

ვითიბი ბანკი, ფეხბურთის ეროვნული ნაკრების გარდა, წყალბურთის ეროვნული ნაკრების, ტანვარჯიშის ფედერაციის, საცხენოსნო სპორტის ფედერაციის და სხვა სპორტული გუნდების გენერალური სპონსორია.

მასალების გადაბეჭდვის წესი