ახალი ამბები

რასიზმისა და შეუწყნარებლობის ევროპული კომისიის ანგარიში საქართველოზე – EMC-ის მიმოხილვა

1 მარტი, 2016 • 1313
რასიზმისა და შეუწყნარებლობის ევროპული კომისიის ანგარიში საქართველოზე – EMC-ის მიმოხილვა

რასიზმისა და შეუწყნარებლობის ევროპულმა კომისიამ (ECRI) მეხუთე ციკლის ფარგლებში საქართველოს შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც 2012 წლიდან 2015 წლის პირველი ნახევრის ჩათვლით არსებულ ვითარებას ასახავს.

გთავაზობთ ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) მიმოხილვას რასიზმისა და შეუწყნარებლობის ევროპული კომისიის (ECRI) მიერ საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშზე.

”ECRI შეშფოთებას გამოხატავს რელიგიური უმცირესობების მიმართ სიძულვილის ენისა და ძალადობის სისტემურ ხასიათზე საქართველოში. აღნიშნულ ძალადობრივ ფონს კომისია საქართველოში არსებულ ეთნონაციონალიზმსა და დომინანტ რელიგიასთან საქართველოს მოსახლეობის მიჯაჭვულობას ასახელებს.

„უმცირესობათა რელიგიები ხშირად აღიქმება უცხოდ და ქართული საზოგადოების ერთიანობისა და გადარჩენის პოტენციურ საფრთხედ, განსაკუთრებით, როცა ისინი იმ ეთნიკურ ჯგუფებთან ასოცირდება, რომლებსაც კავშირები მეზობელ სახელმწიფოებთან აქვთ. სუნიტი მუსლიმები აჭარის რეგიონში თურქეთთან ასოცირდებიან, შიიტი მუსლიმები – აზერბაიჯანთან, ხოლო სომეხი სამოციქულო ქრისტიანები – სომხეთთან. ეს ნავარაუდევი კავშირები რადიკალურ ეროვნულ იდეას ასაზრდოებს – უმცირესობები შესაძლოა არ იყვნენ საქართველოს სახელმწიფოს ერთგულნი. ახალი ქრისტიანული ჯგუფები, როგორიცაა იეჰოვას მოწმეები, ხშირად გარე გავლენად აღიქმებიან, რომელსაც საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის დომინანტობას შეუძლია ძირი გამოუთხაროს “.

ანგარიშში მნიშვნელოვანი ადგილი რელიგიური შეუწყნარებლობის პრობლემურობას საქართველოში და სახელმწიფოს არაეფექტურ პოლიტიკას ეთმობა. ECRI იძლევა რეკომენდაციას, რელიგიური პოლიტიკის განვითარების სტრატეგია შეიცვალოს ისე, რომ ფოკუსირდეს რელიგიურ უმცირესობათა უფლებებზე, დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპებზე და ჩართულობისა და რელიგიური შემწყნარებლობის ხელშეწყობაზე ინტეგრაციის პერსპექტივიდან. ამას გარდა, რელიგიურ უმცირესობათა საჯარო პოლიტიკაში ჩართვის ცნება უნდა დაზუსტდეს რელიგიურ უმცირესობათა უფლებების სრულად დაცვის შესაბამისად.

ანგარიშში ცალკე თავი რელიგიურ უმცირესობებზე თავდასხმების პრაქტიკას ეთმობა. რელიგიურ უმცირესობებზე თავდასხმისა და რელიგიური თავისუფლების დარღვევის პროცესში განსაკუთრებით მუსლიმები და იეჰოვას მოწმეები დაზარალდნენ. ანგარიშის მიხედვით, 2014 წლის ოქტომბერში მუსლიმები მოხეში ძველი მეჩეთის დანგრევას აპროტესტებდნენ, რომელიც ხელისუფლებას ბიბლიოთეკად უნდა გადაეკეთებინა. დავის მეგობრულად მოგვარების გარანტიათა მიუხედავად, საპროტესტო აქციის მონაწილეები პოლიციამ ძალადობრივად დაშალა და არსებული ინფორმაციით, დაპატიმრებებისას ფიზიკურად და სიტყვიერად შეურაცხყო.

2014 წლის სექტემბერში მუსლიმი ბავშვებისთვის სკოლა- პანსიონის შენობის გახსნას ქობულეთში ხელი შეუშალა მოსახლეობის ძალადობრივმა პროტესტმა. მათ შესასვლელი ჩახერგეს და თანამშრომლებსა და ბავშვებს აშინებდნენ. პანსიონის კარზე ღორის თავიც მიაჭედეს.

2013 წლის აპრილში სამი სამხედრო პოლიციელი აშინებდა ქობულეთის მახლობლად მდებარე სოფლის მცხოვრებთ, აჩერებდა ავტომანქანებს და მუსლიმებს ეძებდა. ისინი ადამიანებისაგან მოითხოვდნენ, ეჩვენებინათ, ატარებდნენ თუ არა ჯვარს იმის დასტურად, რომ ქრისტიანები არიან.

2013 წლის აგვისტოში მინარეთის დემონტაჟი ჭელაში პოლიციასა და ადგილობრივ მუსლიმთა შორის ძალადობის მიზეზი გახდა. ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ ის საბაჟო წესების დარღვევით იყო თურქეთიდან იმპორტირებული. პოლიციამ სოფელს ალყა შემოარტყა და მინარეთი მოანგრიეს. რამდენიმე ადგილობრივი მუსლიმი, რომლებიც არაპროპორციულ ქმედებას აპროტესტებდნენ, დააპატიმრეს. სამი თვის შემდეგ მინარეთი კვლავ აღმართეს. სამთაწყაროში (2013), ნიგვზიანსა და წინწყაროში (2012) მართლმადიდებელი მცხოვრებნი თავს დაესხნენ მუსლიმ მლოცველებსა და სასულიერო პირებს და სალოცავი ადგილები დაიკავეს.

აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებების მიმართ ხელისუფლების მიერ მიღებული ზომების შეფასებისას ECRI უთითებს, რომ რელიგიურად მოტივირებული ძალადობის ბევრ საქმეში პოლიციამ და პროკურატურამ სრულად არ გამოიძიეს შემთხვევები, ან არ დაიწყეს სამართლებრივი დევნა დამნაშავეთა მიმართ. აგრეთვე, კომისიის შეფასებით, ხელისუფლების უუნარობა, სათანადო რეაგირება მოეხდინა ამ ჯგუფის მიმართ ძალადობაზე, ხშირად ამ ქმედებათა გამეორებას იწვევდა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლი დამამძიმებელ გარემოებათა შესახებ ძალიან იშვიათად გამოიყენება. ამის ნაცვლად, ზოგიერთ შემთხვევაში, ისინი შეეცადნენ აემოქმედებინათ ადგილობრივი მედიაციის მექანიზმები, მოუწოდებდნენ დომინანტურ ქართულ მართლმადიდებულ ეკლესიას, მოლაპარაკებოდნენ ადგილობრივ მუსლიმ თემს ისლამოფობიური თავდასხმების შემდეგ.

საკულლტო ნაგებობების მშენებლობაზე ნებართვის გაცემა

ECRI ასევე ყურადღებას ამახვილებს მუსლიმი თემისათვის მეჩეთის მშენებლობაზე ნებართვის გაუცემლობის საკითხზე და აღნიშნავს, რომ მრავალი წლის განმავლობაში მუსლიმთა თემი ბათუმში ვერ ახერხებდა მეორე მეჩეთის მშენებლობაზე ნებართვის მიღებას და რამდენიმე ასეულ მუსლიმს, იმის გამო, რომ არსებული მეჩეთი პარასკევის ლოცვებისას ვერ იტევდა, ღია ცის ქვეშ უწევდა ლოცვა ახლომახლო ქუჩებში. საბოლოოდ მუნიციპალიტეტი დათანხმდა ახალი მეჩეთის მშენებლობას, მაგრამ იმ პირობით, რომ ქალაქის ცენტრიდან საკმაოდ მოშორებით აიგებოდა. იეჰოვას მოწმეებიც ხშირად აწყდებიან პრობლემებს სამეფო დარბაზების მშენებლობასთან დაკავშირებით, როგორც თერჯოლის საქმეში ვნახეთ.

ECRI სახელმწიფოს აძლევს რეკომენდაციას, დარჩენილი დავები რელიგიური საკუთრების შესახებ სწრაფი, გამჭვირვალე და სამართლიანი გზით მოგვარდეს; ასევე, სალოცავ დაწესებულებათა მშენებლობაზე უარი არ გაიცეს აკვიატებული რელიგიური აზრების ან ადგილობრივი პროტესტის გამო, მაგრამ განცხადებები დამუშავდეს სათანადო კანონმდებლობის შესაბამისად.

გარდა ზემოაღნიშნულისა, ECRI ასევე ეხმიანება 2014 წელს საქართველოს ხელისუფლების მიერ შექმნილ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს და ეჭვებს გამოთქვამს სააგენტოს მანდატისა და რეკომენდაციათა შემუშავების პროცედურაზე. აღნიშნულის გასამყარებლად კომისიას მოჰყავს 2015 წელს გამოქვეყნებული რელიგიური პოლიტიკის განვითარების სტრატეგია, რომელიც რელიგიურ თავისუფლებასა და რელიგიურ უმცირესობათა უფლებებს სახელმწიფო უშიშროების პერსპექტივაში განიხილავს, რაც კომისიის აზრით საზიანოა უფლებათა დაცვის, დისკრიმინაციისა და შეუწყნარებლობის პრევენციის თვალსაზრისით.

ECRI იძლევა რეკომენდაციას, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გაზარდოს თავისი მხარდაჭერა რელიგიათა საბჭოს მიმართ, რომელიც სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ეგიდით საქმიანობს. კერძოდ, ხელისუფლებამ უნდა დაავალოს ახალშექმნილ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს, რომ ითანამშრომლოს რელიგიათა საბჭოსთან და გამოიყენოს მისი გამოცდილება და რეკომენდაციები რელიგიური შეუწყნარებლობის პრობლემის მოსაგვარებლად.”

მასალების გადაბეჭდვის წესი