ახალი ამბები

ტყიბულში გაფიცვა შეწყდა

1 მარტი, 2016 • 2871
ტყიბულში გაფიცვა შეწყდა

არასამთავრობო ორგანიზაცია EMC-ის ცნობით, ტყიბულში გაფიცულებს, პროფკავშირის, საწარმოსა და სახელმწიფოს წარმომადგენლებს შორის შეხვედრა, რომელიც 4 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, 29 თებერვალს, 24 საათზე დასრულდა.

საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის პრეზიდენტის, თამაზ დოლაბერიძის განცხადებით, ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს გაფიცულების წარმომადგენლებმა, რაც იმას გულისხმობს, რომ ხვალ, 1 მარტის 12 საათიდან მაღაროში მუშაობა განახლდება.

გაფიცულმა რუსლან ბუცხრიკიძემ “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ მაღაროელები გაფიცვას წყვეტენ.

EMC-ის ცნობით, ტყიბულში გაფიცულებს საწარმომ დაუყოვნებლივ 7%-იანი სახელფასო ზრდა შესთავაზა, აპრილის დასაწყიში კი დამატებით ხელფასების 3%- იანი ზრდა.

ორგანიზაციის ცნობით, საწარმო თანახმაა, გაცდენილი დღების ნაწილი აანაზღაუროს, ნაწილს საშვებულებო დღედ გააფორმებს. აგრეთვე, გადაიხედება შრომის პირობები.

შეთანხმების პროცესს მხოლოდ საგაფიცვო კომიტეტი და გაფიცულების მცირე ნაწილი ესწრებოდა, – აცხადებს EMC.

ტყიბულში “საქნახშირში” დასაქმებული მაღაროელები 16 დღე გაფიცული იყვნენ. ისინი ხელფასების 40%-ით ზრდასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვდნენ.

მაღაროელებს დამსაქმებელმა თავიდან ხელფასის 5%-იანი ზრდა შესთავაზა, თუმცა ამ შეთავაზებას გაფიცულები არ დათანხმდნენ. დღეს საწარმოს ფინანსურმა მენეჯერმა განაცხადა, რომ ისინი იძლებული იქნებიან მაღარო დააკონსერვონ, რასაც გაფიცულები შანტაჟად აფასებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი