ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზი ჟურნალისტები გაზეთში პირის შეჭრას მედიაზე ზეწოლად აფასებენ

29 თებერვალი, 2016 • 1255
აფხაზი ჟურნალისტები გაზეთში პირის შეჭრას მედიაზე ზეწოლად აფასებენ

აფხაზეთში მომუშავე ჟურნალისტები გაზეთ “ნუჟნაია გაზეტას” რედაქციაში პოლიტიკური პარტიის “ამცახარა” წარმომადგენლის, ლაშარელა კვიცინიას შეჭრას მედიაზე ზეწოლად აფასებენ და სამართალდამცავებს რეაგირებისკენ მოუწოდებენ. “ეხო კავკაზას” ცნობით, ლაშარელა კვიცინია 26 თებრვალს გაზეთის რედაქციაში შეიჭრა და გამოცემის რედაქტორს იზიდა ჭანიას შეურაცხყოფა მიაყენა.

თავად გაზეთის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ პირი აგრესიულად იქცეოდა, უცენზუროდ გამოხატავდა სათქმელს და საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდა. გაზეთის ინფორმაციითვე, ლაშარელა კვიცინია ადმინისტრაციული წესით სამართალდამრღვევად სცნეს წვრილმანი ხულიგნობისათვის, რისთვისაც 5-დღიანი პატიმრობა ელის.

მომხდართან დაკავშირებით აფხაზეთში მომუშავე ჟურნალისტებმა ერთობლივი მიმართვა გაავრცელეს, რომელსაც “აფსნიპრესი”, აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის მთავრობის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.

“ჩვენ, აფხაზეთის რესპუბლიკის ჟურნალისტები, ამ ინცინდენტს ჟურნალისტებზე ზეწოლად ვაფასებთ და მივიჩნევთ, რომ ეს პროვოკაცია “ნუჟნაია გაზეტას” რედაქტორის პროფესიულ საქმიანობას უკავშირდება. რამდენიმე დღით ადრე ჭანიამ მუქარის შემცვლელი ანონიმური წერილი მიიღო. სამართალდამცველი ორგნოებისგან მოვითხოვთ, რომ დაუყოვნებლივ მოახდინონ ჟურნალისტებისადმი მუქარაზე რეაგირება, მათ შორის იმ მუქარებზეც, რომლებსაც  ჩვენი მისამართით სოციალური ქსელების მეშვეობით ყოველდღიურად ვაწყდებით. დეპუტატებს ვთავაზობთ მიიღონ სპეციალური კანონი ჟურნალისტების ხელშეუხებლობის შესახებ”,- ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომლსაც 26 ჟურნალისტი აწერს ხელს.

ბიოლი

მასალების გადაბეჭდვის წესი