ახალი ამბები

ჯანელიძის განცხადებით, საქართველოში ესპანეთის სრულყოფილი საელჩო გაიხსნება

28 თებერვალი, 2016 • 1434
ჯანელიძის განცხადებით, საქართველოში ესპანეთის სრულყოფილი საელჩო გაიხსნება

მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, უკვე დაწყებულია მუშაობა საქართველოში ესპანეთის სამეფოს სრულყოფილი საელჩოს გახსნასთან დაკავშირებით.

„ვაფასებთ მეტად ესპანეთის სამეფოს მთავრობის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, საქართველოში საელჩოს გახსნასთან დაკავშირებით, რომლისკენაც პირველი ნაბიჯი უკვე გადადგმულია. თბილისში საქმეთა დროებითი რწმუნებული იქნა მოვლინებული და ჩვენ უკვე ვთანამშრომლობთ აქტიურად. იმედია, რომ ასევე მალე გაიხსნება სრულყოფილი საელჩო” – განაცხადა მინისტრმა. განცხადება ჯანელიძემ ესპანელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა ესპანეთის საგარეო საქმეთა და თანამშრომლობის მინისტრს ხოსე მანუელ გარსია-მარგალოს საქართველოში სტუმრობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული ვიზიტით ორმხრივი ურთიერთობებს გაარღმავებს.

მიხეილ ჯანელიძემ ასევე მადლობა გადაუხადა ესპანეთის მთავრობას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერისთვის.

„საქართველო ძალიან წარმატებით ახორციელებს რეფორმების პროგრამას და ჩვენ მხარს დავუჭერთ საქართველოს ხელისუფლებას ევროპასთან დაახლოების პროცესში. გვიხარია, რომ ასოცირების ხელშეკრულება და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება წარმატებით ხორციელდება. გვინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადოთ და მივულოცოთ საქართველოს ხელისუფლებას და მინისტრს ის, რომ ევროკავშირის ანგარიში ძალიან პოზიტიური იყო, განსაკუთრებით სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის კუთხით. ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ესპანეთი საქართველოს მხარს უჭერს და ჩვენ ველოდებით კარგ სიახლეს ევროკავშირიდან როგორც თქვენთვის, ასევე ჩვენთვის” – განაცხადა ესპანეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

სამინისტროს ინფორმაციით, მიხეილ ჯანელიძე მიესალმა ესპანური კომპანიის Mercado San Miguel-ის გადაწყვეტილებას ინვესტიცია განახორციელოს საქართველოში და მადრიდის ბაზრის ანალოგიური სივრცე დანერგოს თბილისში, რაც გაზრდის ქალაქის ტურისტულ მიმზიდველობას და კავშირებს ესპანეთსა და საქართველოს შორის.

მასალების გადაბეჭდვის წესი