ახალი ამბები

ცოცხალი ჯაჭვი კანცელარიიდან რუსეთის საელჩომდე – ენმ გაზპრომის წინააღმდეგ აქციას გეგმავს

24 თებერვალი, 2016 • 1428
ცოცხალი ჯაჭვი კანცელარიიდან რუსეთის საელჩომდე – ენმ გაზპრომის წინააღმდეგ აქციას გეგმავს

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოში გაზპრომის შემოსვლის წინააღმდეგ საპოტესტო აქცია დააანონსა. აქცია 6 მარტს გაიმართება.

“ეს იქნება აქცია კანცელარიიდან რუსეთის სალეჩომდე, იქნება ცოცხალი ჯაჭვი,”– განაცხადა პარტიის გენერალურმა მდივანმა სერგო რატიანმა.

ნაციონალური მოძრაობის წევრი დავით ბაქრაძე ამბობს, რომ აქციის მიზეზია ის ფაქტი, რომ ქართული მხარე  ამ მოლაპარაკების  მიმდინარეობას მალავდა და მის შესახებ მხოლოდ რუსული მხარის განცხადებების შემდეგ გახდა ცნობილი. გარდა ამისა, ბაქრაძე ამ საკითხის შესახებ ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის განცხადებებს ურთიერთგამომრიცხავად აფასებს.

“ყველაფერი ეს აღძრავს სრულიად ლეგიტიმურ ეჭვებს და კითხვის ნიშნებს ამ მოლაპარაკების მიზნებთან, მასშტაბებთან და ამოცანებთან მიმართებაში.  დღეს ყველა საფუძველი არსებობს ვივარაუდოთ, რომ ხელისუფლება ქვეყნის უკან, რუსულ წყვდიადში დაბრუნებას აპირებს. ამიტომ “ნაციონალური მოძრაობა” საზოგადოების ყველა იმ წევრთან ერთად, რომელსაც არ სურს ქვეყნის უკან დაბრუნება, ქვეყნის “გაზპრომის” ეპოქაში შეტრიალება, რომელსაც არ სურს, რომ საქართველოში კვლავ სიბნელე და სიცივე იყოს, ვაანონსებთ სიმბოლურ საპროტესტო აქციას, რომლის ამოცანა იქნება გავაგონოთ ჩვენი ხმა საქართველოს ხელისუფლებას და მტკიცედ ვაგრძნობინოთ რუსეთის ხელუფლებას, რომ საქართველოში “გაზპრომის” და რუსეთის წყვდიადის ეპოქა დასრულებულია და ქართული საზოგადოება ამ ეპოქის დაბრუნებას აღარ დაუშვებს,”– განაცხადა დავით ბაქრაძემ.

გაზპრომთან მოლაპარაკების წინააღმდეგ საქართველოში უკვე არაერთი აქცია გაიმართა.

კახა კალაძე გაზპრომის წარმომადგენლებთან შეხვედრებს უკვე რამდენიმე თვეა აწარმოებს. როგორც გასული თვეების განმავლობაში გახდა ცნობილი, გაზპრომს სურს, რომ საქართველოს მიერ გატარებული გაზის 10%–ის საქართველოსთვის დატოვების ნაცვლად თანხა გადაიხადოს.

 

როგორც ენერგეტიკის სამინისტროსგან გახდა ცნობილი, გაზპრომთან უკანასკნელი მოლაპარაკება კახა კალაძემ ვენაში 19 თებერვალს გამართა. ამ მოლაპარაკების შედეგების შესახებ განცხადებები არ გაკეთებულა.

მასალების გადაბეჭდვის წესი