მინისტრის მოადგილე: გაზპრომთან მოლაპარაკებები უახლოეს პერიოდში დასრულდება

დღეს, 19 თებერვალს, ვენაში ვიცე–პრემიერი და ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე კომპანია “გაზპრომის” ხელმძღღვანელობასთან მორიგ სამუშაო შეხვედრას მართავს. მისი მოადგილე, ირაკლი ხმალაძე აცხადებს, რომ მინისტრი თავად ისაუბრებს შეხვედრის დეტალებზე.

“როდის დასრულდება ეს მოლაპარაკებები ამის თქმა მე არ შემიძლია, თუმცა, ეს უახლოეს მომავალში მოხდება. ამიტომაც მიმდინარეობს ორივე მხარესთან მოლაპარაკებები, რომ გამოვლინდეს უკეთესი პირობა. რომელიც იქნება უკეთესი, იმ პირობას მიიღებს სახელმწიფო. დღეს არის დაგეგმილი შეხვედრა გაზპრომის წარმომადგენლებთან. შეხვედრა რომ დასრულდება, ამასთან დაკავშირებით მინისტრი გააკეთებს განცხადებას და მიგაწვდით ამაზე ინფორმაციას,”– აცხადებს ირაკლი ხმალაძე ჟურნალისტებთან საუბრისას.

კახა კალაძე გაზპრომის წარმომადგენლებთან შეხვედრებს უკვე რამდენიმე თვეა აწარმოებს. როგორც გასული თვეები განმავლობაში გახდა ცნობილი, გაზპრომს სურს, რომ საქართველოს მიერ გატარებული გაზის 10%–ის საქართველოსთვის დატოვების ნაცვლად თანხა გადაიხადოს.

“ავსტრიაში შეხვედრას რაც შეეხება, მოლაპარაკებები ისევ გრძელდება. ჯერ საერთო შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ. ქართულ მხარეს გვსურს, რომ მივიღოთ ისევ ის შედეგი, რასაც გაზის მოცულობების მიღების შემთხვევაში [ტრანზიტისი 10%] ვიღებდით. ვფიქრობ, უახლოეს მომავალში დავასრულებთ მოლაპარაკებებს”, – თქვა კალაძემ 22 იანვარს, ევროკავშირის ელჩთან, იანოშ ჰერმანთან გამართული შეხვედრის შემდეგ.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი