ახალი ამბები

ქუთაისში იუსტიციის სახლის აფეთქებასაც გეგმავდნენ

31 მარტი, 2011 • 1008
ქუთაისში იუსტიციის სახლის აფეთქებასაც გეგმავდნენ

სამართალდამცავები ამ დრომდე არ აკეთებენ კომენტარს ქუთაისში დაგეგმილი აფეთქებების შესახებ, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ მერიის გარდა, ქუთაისში კიდევ ერთი შენობის – იუსტიციის სახლის აფეთქება იგეგმებოდა.

იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ხათუნა იოსავას თქმით, მისთვის უცნობია ქუთაისის იუსტიციის სახლში დაგეგმილი აფეთქების დეტალების შესახებ ინფორმაცია. მისივე განმარტებით, ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს, თუმცა შსს–ში აცხადებენ, რომ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.

წინასწარი ინფორმაციით, ქუთაისში იგეგმებოდა ტერორისტული აფეთქებების სერია, რის გამოც დაკავებულია ორი პირი.

ქუთაისის მერიის შენობაში, ქალაქის ადგილობრივი თვითმმართველობის გარდა, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაა განთავსებული, იუსტიციის სახლში კი – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ეროვნული არქივისა და აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული სამსახურები.

მასალების გადაბეჭდვის წესი